Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაბათის ციხე ხარაჩოების მოლოდინში?


რაბათის ციხე
რაბათის ციხე
მოექცევა თუ არა რაბათის ციხე კვლავაც ხარაჩოებში? - ეს კითხვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ აპრილს საქართველოს მთავრობის სახელით შესული წერილის შემდეგ გაჩნდა. წერილის შინაარსი ჟურნალისტებს 2 აპრილს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მისი თქმით, დოკუმენტი შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად კი, როგორც პრესსპიკერი წერილზე დაყრდნობით იუწყება, ქართული მხარე, თურქი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციას განახორციელებს. როგორ აფასებენ ისტორიკოსები და რესტავრატორები რაბათის ციხის რესტავრაციას და რას გეგმავს კულტურის სამინისტრო?

საქართველოს კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხის ხელახალ რესტავრაციაზე ალაპარაკდა. საუბარია მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციაზე, ამავე საუკუნეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გახმაურებული წერილის შინაარსიდან ირკვევა, თურქი და ქართველი ექსპერტები 2012 წელს ახალციხის ციხეში წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე იზრუნებენ, ანუ შეიცვლება აჰმედ ფაშას მეჩეთის გუმბათის ფერი, შემოწმდება ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემა, მეჩეთს დაუბრუნდება პირვანდელი რკინის ცხაურები. პრეზიდენტის პრესსპიკერი ამ საკითხზე ქვეყნის პირველი პირის შეფასებას ახმოვანებს:

”ეს არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ და ვისმენთ - მიწასთან გაასწორონ ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში აშენდა და გაკეთდა”.

რაბათის ციხის შესაძლო ხელახალ რესტავრაციას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. ის მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტონ ბრძოლა რაბათის წინააღმდეგ:

”თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ნაცვლად განახლებისა, განვითარებისა და გაფართოებისა, ჩვენ მიერ გაშენებული დაანგრიოს, მე ჩემს ახალციხელ მეგობრებთან ერთად და საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად გავაკეთებ მოძრაობას რაბათის ციხის გადასარჩენად”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ეპიგრაფიკული გამოფენების უზარმაზარი მასალა, რომლის გატანაზეც საუბარია და რომელსაც ჯვრიან ქვებს უწოდებენ, ეს ჯვრიანი ქვები კი არა, ეს საქართველოს ისტორიის ფურცლებია. ერთ-ერთი ეპიგრაფიკული ძეგლია თექვსმეტმარცვლოვანი შაირი...
ციური ლაფაჩი

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით გაგზავნილ წერილშია მითითებული, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება. ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აჰმედ ფაშა ჯაყელი-ახალციხელის მიერ 1752 წელს აშენებული მეჩეთი თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, 1828 წის 15 აგვისტოდან კი - მას შემდეგ, რაც ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ახალციხის ციხე აიღო - მეჩეთში ღვთისმსახურება შეწყდა. 1972 წლიდან მეჩეთის სივრცე სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს გადაეცა, სადაც 2011 წლის ივლისამდე არაერთი ექსპოზიცია გამოიფინა და, მათ შორის, ის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელთა მეჩეთის ტერიტორიიდან გატანასაც თურქული მხარე მოითხოვს. ისტორიკოსი და მუზეუმის ადმინისტრაციული მენეჯერი ციური ლაფაჩი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელობაზე მეჩეთში დაცული ეპიგრაფიკული ძეგლებისა, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ სომხურ და თურქულ ნიმუშებსაც მოიცავს:

”ეპიგრაფიკული გამოფენების უზარმაზარი მასალა, რომლის გატანაზეც საუბარია და რომელსაც ჯვრიან ქვებს უწოდებენ, ეს ჯვრიანი ქვები კი არა, ეს საქართველოს ისტორიის ფურცლებია. ერთ-ერთი ეპიგრაფიკული ძეგლია თექვსმეტმარცვლოვანი შაირი, რომელიც გვაჩვენებს იმას, რომ მეთერთმეტე საუკუნეში უკვე არსებობდა შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსნის” სტილის შაირი და ”ვეფხისტყაოსანი პირველი კი არ იყო, არამედ მას საფუძვლად ჰქონდა ასეთი პოეზიის ნიმუშები. დაცულია ასევე ზაქარია მხარგრძელის დაკვეთით შესრულებული სვეტი, წარწერით, რომელიც გვაძლევს მეთორმეტე საუკუნის რეალურ სურათს. ესენი მარტო ჯვრიანი ქვები ხომ არ არის? ეს ძეგლები ძალიან დიდი მოცულობისაა, მაგრამ, ამასთანავე, დიდია მათი დანიშნულებაც. ჩვენ ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ვინმე აგვიკრძალავდა ამ ეპიგრაფიკული ძეგლების იქ გამოფენას. ასეთი 56 ძეგლია დაცული ”.

ციური ლაფაჩის თქმით, აჰმედ ფაშას მეჩეთი არის ქართული ისტორიული ძეგლი, სადაც დაცული უნდა იყოს ისტორიული ფაქტები:

”თუკი დღეს აია სოფიაში მიდის დამთვალიერებელი და ნახულობს იქ მუსულმანურ კულტურასაც და ქართულ კულტურასაც, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე იყოს ჩვენთან, ახალციხეშიც? ეს არის ისტორიული ძეგლი. ეს არ არის მეჩეთი. მეჩეთი იყო მაშინ, როდესაც ის ფუნქციონირებდა. ქართველი ფაშას მიერ აშენებული მეჩეთი. დღეს ის უკვე ისტორიული ძეგლია, რომელშიც ისტორიული ფაქტები, ანუ ეპიგრაფიკული ძეგლები გამოფენილი უნდა იყოს და ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ”.
ბრალდება, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან გაისმა, ოდნავ სასაცილოდაც ჩანს. ჩვენ არათუ რაღაცას ვანგრევთ ან ვაქცევთ, არამედ იმ ხარვეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება, კულტურული დაცვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით...
მარინე მიზანდარი

რაბათის ციხის ერთ-ერთი რესტავრატორი, ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გია მარსაგიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ახალციხის ციხის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებს მშენებლობის დაჩქარებულ ტემპს აბრალებს. შეცდომებს შორის ის მეჩეთის გუმბათის ფერსაც მოიხსენიებს:

”გულახდილად რომ გითხრათ, მეჩეთის სახურავი ოქროსფერი არ უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, იერუსალიმის ცისფერი მეჩეთის გავლენით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გუმბათი ოქროსფრად მოეპირკეთებინათ”.

სწორედ ციხის რესტავრაციისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორების მცდელობის შესახებ საუბრობს კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი. ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება არათუ ანგრევს აშენებულს, არამედ იმ ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნავს, რომლებიც რესტავრაციის პროცესში იქნა დაშვებული:

"ბრალდება, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან გაისმა, ოდნავ სასაცილოდაც ჩანს. ჩვენ არათუ რაღაცას ვანგრევთ ან ვაქცევთ, არამედ იმ ხარვეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება, კულტურული დაცვის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, რადგან არსებობს ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგია, რესტავრაციის ძალიან მკაცრი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. სწორედ ეს ნორმები და მეთოდოლიგია იქნა დარღვეული, რადგან სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ აჰმედიეს მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, გაჩნდა ოქროსფერი, სრულიად მიუღებელი, ამიტომ თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით”, - ამბობს მარინე მიზანდარი.

კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თებერვალში თურქეთში გამართული შეხვედრებისას შედგა შეთანხმება თურქულ მხარესთან, რომლის თანახმადაც, თუკი დროულად გამოსწორდება რაბათის რეკონსტრუქციის დროს დაშვებული ხარვეზები, შესაბამისად, სწრაფად დაიწყება ქართული კულტურული ძეგლების, ოშკისა და იშხანის, რეაბილიტაციის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მხარეებს შორის ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. ამავე მოლაპარაკებების ფარგლებში იგეგმება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაც, რაც, ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, განადგურების პირას მისული ქართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის ერთ-ერთი გარანტი იქნება.

კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, რაბათის ციხის ხელახალი რესტავრაციის დეტალების უკეთ გასარკვევად მრგვალი მაგიდის გამართვა იგეგმება.
XS
SM
MD
LG