Accessibility links

იენს სტოლტენბერგი: ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა


გიორგი კვირიკაშვილი, იენს სტოლტენბერგი

პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პარასკევს, 2 დეკემბერს, ბრიუსელში შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, მანამდე კი საქართველოს პრემიერმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან.

კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

"ნატოს გაფართოება, ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ასპექტია საიმისოდ, რომ შეიქმნას ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა და ჩვენ განვაგრძობთ ამ მისწრაფებისკენ სვლას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმით ვთქვათ, რომ ყველა ქვეყანას, საქართველოს ჩათვლით, რა თქმა უნდა აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს რა გზას აირჩევს, მათ შორის უსაფრთხოების როგორ სისტემაში ისურვებს გაწევრიანებას. შესაბამისად, ის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, არის მხოლოდ საქართველოს და ნატოელი მოკავშირეების გადასაწყვეტი. ამ პროცესში ჩარევის, ან მისთვის ხელის შეშლის უფლება სხვა არავის აქვს" - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, დღის პირველ ნახევარში, ფედერიკა მოგერინისთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი, სხვა საკითხებს შორის, შეეხო სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად. ფედერიკა მოგერინიმ ცალსახად დაადასტურა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG