Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში შუალედურ არჩევნებს აფასებენ


22 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს, შუალედურ არჩევნებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს თემში სოფლების ჩუნეშის, ქვილიშორისა და წყალტუბოს მოსახლეობამ არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთა. ხმათა უმრავლესობა "ქართული ოცნების" კანდიდატს მურად ზაქარიაძეს ერგო, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 64 % მოიპოვა. ამომრჩეველთა თითქმის 31 %-მა მხარი დაუჭირა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბუხუტი ფირცხალავას, „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატობის კანდიდატმა ვანო როყვამ კი ამომრჩეველთა ხმების 4 % მიიღო.

ნომერ 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წყალტუბოს თემში ხმის უფლების მქონე 3 481 ამომრჩევლიდან არჩევანი 1 949 მათგანმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 56 %-ია. კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს უბნებზე სულ 4 საჩივარი დაიწერა, რომლებიც უკვე განიხილეს და საჩივრებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. წყალტუბოს საკრებულოში სულ 32 დეპუტატია, აქედან მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 17 წევრს აქვს. შუალედური არჩევნების ჩატარება კი საკრებულოს წევრის, ილია აფხაძის, გარდაცვალების შემდეგ გახდა საჭირო.

წყალტუბოს თემის სოფლებში კენჭისყრის დღეს განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. ამის მიუხედავად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლები შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღეს სამეგრელოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხალის საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ძალადობა მიუღებელია და ხელისუფლებამ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს.

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამსონ გუგავას განცხადებით, შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები ქვეყნის იმიჯს საერთაშორიო ასპარეზზე დააზარალებს.

არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები და მოქალაქეები ერთად უნდა ცდილობდნენ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს და არა ისე, როგორც ეს 22 მაისს მოხდა, აცხადებს „ახალი პოლიტიკური ცენტრ – გირჩის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.

22 მაისის, საკრებულოების შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღის, გაანალიზება გვაფიქრებინებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი – თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელი ნუგზარ კოხრეიძე. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტები ამომრჩეველზე უარყოფითად მოქმედებს და აუცილებელია საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოქალაქეებს არჩევანის გასაკეთებლად სამართლიანი და კონკურენტული გარემო შესთავაზონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG