Accessibility links

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ,,რუსთავი 2”-ის მფლობელების თხოვნა შუალედური ღონისძიების ამოქმედების შესახებ დააკმაყოფილა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიამ 3 მარტს მიმართა და კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში დადებითი, მაგრამ სასამართლოს პრაქტიკაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60%-ის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, ხოლო დარჩენილი 40%-ის მესაკუთრედ შპს „პანორამა“ გამოცხადდა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა. ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო:

“სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი რამ სტრასბურგის სასამართლოს, მსგავსი ზომა არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადაციას. არასდროს არც ერთ ვითარებაში, არც საკუთრების უფლებასთან მიმართებით, არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია, ეს არის პირველი შემთხვევა, ისტორიული შემთხვევა და მინდა გითხრათ, რომ ,,რუსთავი 2”-ის საქმემ, ერთი მხრივ, და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას“.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო მოსარჩელეებისთვის, არამედ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველებისთვისაც. თავის მხრივ, გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც საგანგებო პრესკონფერენციაზე დაადასტურა სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების შეჩერების ფაქტი და ძირითადად ფაქტობრივ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება:

„სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის პროცედურა ასეთია, არის უცნობი, და ისე, რომ ჩვენ, მეორე მხარემ, მოპასუხე მხარე, მოპასუხე მხარედ დასახელებული არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი დღის განმავლობაში არ ყოფილა, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე ამ წლის, მიღებულ იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას".

,,რუსთავი 2”-მა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამი მოთხოვნით მიმართა: აეკრძალოს საქართველოს სახელმწიფოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება, აეკრძალოს ხელისუფლებას ,,რუსთავი 2”-ის დახურვა და ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა. საქმეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მიენიჭა. არსებითი საჩივარი კი, ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე, რომელშიც „რუსთავი 2“-ის მფლობელები საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შეცვლას და „რუსთავი 2“-ის მფლობელებისთვის საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვენ, ჯერ მხოლოდ მომზადების პროცესშია. იგი სასამართლოს უახლოესი დღეების განმავლობაში წარედგინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG