Accessibility links

სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეჩერებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება


ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო სტრასბურგში.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა "რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 3 მარტს გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა. პაატა სალია, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისა და უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის წილების თაობაზე დავაში გამარჯვებული ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, ამბობს, რომ ახლა მხარეს საქართველოს სახელმწიფო წარმოადგენს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევე დაელოდება, როგორც ნებისმიერი სხვა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა 2 მარტსვე მიმართეს, მაშინვე, როგორც კი უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და „რუსთავი 2“-ის 60 პროცენტის მესაკუთრედ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და დარჩენილი 40 პროცენტის მესაკუთრედ შპს „პანორამა“ გამოცხადა. ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან შუალედურ ღონისძიებას მოითხოვენ, რაც ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმს წარმოადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, განცხადებით, სტასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული შემთხვევაა:

„სტრასბურგის სასამართლომ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსაგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს

ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა
ნიკა გვარამია

არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ან საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ან ეხება ადამიანების ექსტრადიციას. არასდროს არც ერთ ვითარებაში - არც საკუთრების უფლებასთან მიმართებით, არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა და „რუსთავი 2“-ის საქმემ, ერთი მხრივ, და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ვულოცავ ყველას“.

3 მარტსვე ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი განმარტა და განაცხადა, რომ საქართველო სამართლის ნორმების დაცვით იმოქმედებს. მისი განმარტებით, სტრასბურგის სასამართლო მოითხოვს:

„საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა და აეკრძალოს ხელისუფლებას შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი კომპანიაში“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ ახლა მის მხარეს, რომელსაც ის წარმოადგენსარავითარი ბერკეტი არ აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს, ამჟამად მხარეები არიან ის, ვინც სასამართლოს მიმართა, ანუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“,და საქართველოს სახელმწიფო:

ჩვენი დღის წესრიგი მუდმივად იყო ერთი: ჩვენ ვმოქმედებთ სამართლებრივი გზებით, სასამართლოთი
პაატა სალია

„ჩვენი დღის წესრიგი მუდმივად იყო ერთი: ჩვენ ვმოქმედებთ სამართლებრივი გზებით, სასამართლოთი, და ამის შემდეგაც, რა საშუალებაც გვექნება, იმ სამართლებრივ საშუალებებს გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რომ მონაწილეობა მივიღოთ სტრასბურგის სასამართლოში. შესაბამისად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 8 მარტს“.

ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას ელოდება ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი. მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აქვს ტელეკომპანიის წილის 50 %-ის მიღების მოლოდინი, თუმცა, დავით დვალის სიტყვებით, მას „რუსთავი 2“-შიცენზორად დაბრუნება არ სურს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო გზავნილი, რომ საქართველომ არ გადაკვეთოს წითელი ხაზი:

ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად, რამდენად შეასრულებს ქართველი ხალხის არჩევანს
გიორგი აბაშიშვილი

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ წითელი ხაზების გადაკვეთასთან, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობასთან, დემოკრატიულობასა და ევროპულ არჩევანთან. გუშინ ნათლად მივიღეთ მესიჯი ევროპისგან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ ისინი ამ ყველაფერს უფრთხილდებიან, მათთვის საქართველო მნიშვნელოვანია, და ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად, რამდენად შეასრულებს ქართველი ხალხის არჩევანს“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის, გიორგი კახიანის, განცხადებით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდებოდა, რაც, მისი თქმით, კარგიცაა, ვინაიდან ის მცირე სკეპტიციზმი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა, დასრულდება.

„რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას" აცნობა, რომ "შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი 2“-ის თაობაზე [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას საიმისო ნაბიჯები, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG