Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია "მონიტორი”: ”ძარცვა საქმიანობის გაგრძელებაში ხელს ვერ შეგვიშლის”


დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს სტუდია "მონიტორის” ოფისი
დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს სტუდია "მონიტორის” ოფისი
22 ივლისის ღამით გაქურდეს სტუდია" მონიტორის” ოფისი. როგორც ”მონიტორის” დამფუძნებლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, დაკარგულია 35 ათასამდე დოლარის ოდენობის სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, მათ შორის, ჟურნალისტების სამუშაო მასალები. ამ ეტაპზე ისინი ეჭვს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა ძარცვა მათ საქმიანობას უკავშირდებოდეს. მათივე თქმით, უცნაურია, რომ მასშტაბური ძარცვა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ცენტრალურ უბანში განხორციელდა. ძარცვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

”ეს საბუთები გადმოყარეს. ალბათ, ყუთს ეძებდნენ. აქ კომპიუტერი იდგა, იქაც. ჩვენ ლეპტოპებით ვმუშობდით. სულ 6 კომპიუტერია წაღებული. მათ შორის, საბუღალტრო მონაცემებიც. პატრული მოვიდა, კრიმინალური პოლიცია... აი, ხომ ხედავთ რა მდგომარეობაშია აქაურობა, ყველაფერი აყრილ-დაყრილია”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.

ერთი მასალა ეხებოდა ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ანუ ძვირად ღირებული მანქანები მთელი საქართველოს მასშტაბით ...
ნანა ბიგანიშვილი

”სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი იატაკზე დაყრილ დოკუმენტებთან და მძარცველებისგან დატოვებულ სხვადასხვა სახის ელექტროსადენთან დგას. იქვე ყრია ცარიელი ყუთებიც.
გარდა ნანა ბიგანიშვილის მიერ ნახსენები 6 კომპიუტერისა, ”მონიტორის” ოფისიდან 22 ივლისის ღამით მძარცველებმა 35 ათასამდე დოლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს, მათ შორის - ორი კამერა, ორი სამონტაჟო კომპიუტერი, სამონტაჟო მონიტორი, შტატივი. ამ ეტაპზე ჟურნალისტები გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რა მიზნით გაიძარცვა მათი ოფისი, თუმცა შენიშნავენ, რომ სამონტაჟო კომპიუტერებთან ერთად გაუჩინარდა ის ჟურნალისტური გამოძიებები, რომელთა მონტაჟიც დასრულების პროცესში იყო. ნანა ბიგანიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია მასალების რა ნაწილის აღდგენას მოახერხებენ ჟურნალისტები.

”ერთი მასალა ეხებოდა ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას, ანუ ძვირად ღირებული მანქანები მთელი საქართველოს მასშტაბით, დაწყებული გუბერნატორებიდან, დამთავრებული მინისტრებამდე. ასევე მონტაჟდებოდა გადაცემა ”მინისტრის მეგობარი”, რომელიც ეხებოდა პრივილეგირებულ ბიზნესჯგუფს, რომელიც ვანო მერაბიშვილთან იყო დაკავშირებული”, - ამბობს ნანა ბიგანიშვილი.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის ერთ-ერთ პარალელურ ქუჩაზე, შევჩენკოს 5-ში, საქართველოს პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე ოფისში სტუდია ”მონიტორი” ორი კვირის წინ გადავიდა. ”მონიტორის” ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა, რომელიც 22 ივლისს, დღის 12 საათისთვის, ოფისში სამუშაოდ მივიდა, კარის გაღება ვერ მოახერხა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, „სტუდია მონიტორის” ოფისის გაძარცვის საქმის გახსნა გამოძიებისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ამის თქმის საფუძველს კი მას შემდეგი გარემოებები აძლევს:

მათთვის უფო მეტად ფასეული იყო არა ის ძვირად ღირებული ტექნიკა, რომლითაც მუშაობს სტუდია, არამედ ის მასალები, რომლებზეც მუშაობდნენ ამ სტუდიის თანამშრომლები ...
ზვიად ქორიძე

”ჩვენი ოფისი რუსთაველზე, პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე მუდმივად ტრიალებენ დაცვის წარმომადგენლები და, ამ დროს, გაიტანეს დიდ ყუთებში ჩადებული ჩვენი ტექნიკა. ამასთანავე, წაიღეს ოთხი ლეპტოპის ცარიელი ყუთიც. ჩვეულებრივმა ქურდმა არ იცის, რომ იმ ყუთებით ჩვენ შეგვეძლო ლეპტოპების იდენტიფიცირება მოგვეხდინა. მე არ მგონია, რომ ეს უბნის ქურდბაცაცების ჩადენილია”, - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

ნინო ზურიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ტექნიკა, რომელიც ოფისიდან წაიღეს, ადვილად ამოსაცნობია. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, თუკი პოლიციამ ვერ გამოიძია ძარცვის ფაქტი, მას კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდება ეჭვი იმის შესახებ, რომ სტუდია ”მონიტორის” ძარცვა მორიგი ქურდობა არ ყოფილა და ის მათ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ”სტუდია მონიტორი” ჟურნალისტურ გამოძიებებზე 2005 წლიდან მუშაობს და მათი გამოძიებები არაერთხელ მოქცეულა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ეჭვს იმის შესახებ, რომ მძარცველებს ”სტუდია მონიტორის” საქმიანობის შეფერხება და პარალიზება ამოძრავებდათ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გამოთქვამს.

დაკითხულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რაიმე სახით შეიძლება იყვნენ დაკავშირებულნი ამ ფაქტთან და ამჟამად ხორციელდება ყველა ღონისძიება, რათა რაიმე კვალზე გავიდეთ ...
შოთა ხიზანიშვილი

”მათთვის უფო მეტად ფასეული იყო არა ის ძვირად ღირებული ტექნიკა, რომლითაც მუშაობს სტუდია, არამედ ის მასალები, რომლებზეც მუშაობდნენ ამ სტუდიის თანამშრომლები”, - ამბობს ზვიად ქორიძე და იქვე შენიშნავს, ხელისუფლება მუდმივად იმაზე ლაპარაკობს, რომ ქვეყანაში ძარცვის ფაქტები მნიშვნელოვანდ შემცირებულია და სწორედ ამიტომ მედიასაშუალების ძარცვის ამგვარი მასშტაბური საქმე დროულად უნდა გამოიძიონო.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, გამოძიება მიმდინარეობს და ჩატარებულია ყველა საჭირო სამუშაო:

”სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. ადგილზე ჩატარებულია კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ შესაბამისი სამუშაოები, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, დაკითხულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რაიმე სახით შეიძლება იყვნენ დაკავშირებულნი ამ ფაქტთან და ამჟამად ხორციელდება ყველა ღონისძიება, რათა რაიმე კვალზე გავიდეთ.”

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ავრცელებს განცხადებას, საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია სწრაფი და ეფექტური გამოძიება „სტუდია მონიტორის“ საქმეზე, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ მასალები და ტექნიკა და აღადგინონ მუშაობის ჩვეული რეჟიმი. თავად „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტები კი აცხადებენ, რომ ისინი საქმიანობას, მართალია, მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც აუცილებლად გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG