„ქართული ოცნება“ სუროგაციის სრულ აკრძალვას აანონსებს

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება აუცილებელია, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ემხრობოდნენ.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება აუცილებელია, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ემხრობოდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ეფუძნება. კირცხალიამ ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები დაასახელა. მან თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეკონომიკური სარგებელი ამ რისკებს ვერ გადაწონის.

„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კირცხალიამ.

„სრულად იკრძალება“

კირცხალიას განმარტებით, კანონპროექტზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს და დეტალები მისი შემუშავების შემდეგ გახდება ცნობილი. მან დააზუსტა, რომ კანონპროექტი სუროგაციის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

„სუროგაცია სრულად იკრძალება, კი ბატონო. საინტერესოა, ვისგან მოყვება მწვავე რეაქცია“, – თქვა კირცხალიამ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად.

მან დასძინა, რომ მზადაა, ინიციატივის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მოისმინოს და მათ კითხვებს უპასუხოს.

კირცხალიას თქმით, 2023 წლის შემდეგ საქართველოში სუროგაციის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სუროგაციასთან დაკავშირებულ რისკებს ის სფეროს კომერციალიზაციას უკავშირებს.

მისივე განმარტებით, ინ ვიტრო განაყოფიერებაზე ახალი შეზღუდვა არ გავრცელდება.

სუროგაცია საქართველოში - რისკი ქალებისთვის

რადიო თავისუფლებამ სუროგაციის თემაზე არაერთი მასალა მოამზადა. საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული სუროგატი ქალები რადიო თავისუფლებას უყვებოდნენ, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, კუთვნილი ანაზღაურება ვერ მიიღეს და მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.

2025 წელს გამოძიებამ ათეულობით სუროგატი ქალი დაზარალებულად ცნო.

მკვლევრების მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2019–2024 წლებში საქართველოში სუროგაციის გზით 4674 ბავშვი დაიბადა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სუროგაციის სფეროს რეგულირება აუცილებელია, თუმცა სუროგაციის სრულ აკრძალვას არ ემხრობოდნენ.

მასალა განახლდება

​
XS
SM
MD
LG