Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშობლები სუროგატს ტყუილსა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ, ქალმა კი გამოძიებას მიმართა

პოტენციური მშობლების ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩინეთში სუროგატი ქალის გამგზავრების მიზანი აბორტი არ ყოფილა (საილუსტრაციო ფოტო).
პოტენციური მშობლების ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩინეთში სუროგატი ქალის გამგზავრების მიზანი აბორტი არ ყოფილა (საილუსტრაციო ფოტო).

სუროგატი ქალი, რომელიც ჩინეთში ამშობიარეს, პოლიციას შესაძლო ტრეფიკინგისა და ახალშობილის მკვლელობის გამოძიებას სთხოვს. მან უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებას. პოტენციური მშობლები და მათი ადვოკატი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ, ამბობენ, რომ ქალი ცრუობს და ფულის გამოძალვას ცდილობს.

რას ითხოვს სუროგატი ქალი გამოძიებისგან

საქართველოში დასაქმებული 33 წლის ყაზახი სუროგატი ქალის საჩივარი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოქტომბრის ბოლოს შევიდა.

ქალი შესაძლო ტრეფიკინგის, იძულების, ექსპლუატაციის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვისა და ახალშობილის სიცოცხლის ხელყოფის გამოძიებას ითხოვს.

პოლიციაში შეტანილი განცხადების მიხედვით, სუროგაცია-დონაციის დამოუკიდებელმა აგენტებმა (ჩინეთის მოქალაქეები) და პოტენციურმა მშობლებმა (ჩინეთის მოქალაქეები) მასზე ზეწოლა მოახდინეს, რათა ჩინეთში გამგზავრებულიყო და ორსულობა იქ შეეწყვიტათ.

„მას განუცხადეს, რომ თუ აბორტს არ გაიკეთებდა, საერთოდ ვერ მიიღებდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას“, - ამბობს სუროგატი ქალის ადვოკატი.

სუროგატი დედა შვილთან ერთად, თბილისში, დაქირავებულ ბინაში
სუროგატი დედა შვილთან ერთად, თბილისში, დაქირავებულ ბინაში

ქალის მტკიცებით, ორსულობის 26-ე კვირაში, კლინიკა „იმედში“ დაგეგმილმა ექოსკოპიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნაყოფის გულის ერთ-ერთი პარკუჭი სათანადოდ არ იყო განვითარებული. საქართველოში, კლინიკა „ჯო ენში“ ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა ნაყოფის გულის მძიმე პათოლოგია, თუმცა, ექიმებს აბორტის რეკომენდაცია არ გაუციათ.

სუროგატი ქალი ამბობს, რომ სწორედ აბორტის გასაკეთებლად გაუშვეს ის ჩინეთში, სადაც ბავშვი ცოცხალი დაიბადა, შემდეგ კი ის მის თვალწინ გაგუდეს.

„საუბარია შესაძლო ძალადობრივ ქმედებაზე, ახალშობილის სიცოცხლის ხელყოფაზე და იმ ქალის მძიმე ტრავმაზე, რომელიც, მისი თქმით, იძულების, მუქარისა და ფარული კონტროლის პირობებში აღმოჩნდა“, - ამბობს ქალის ადვოკატი დავით შაშიაშვილი.

სუროგატი ქალი და მისი ადვოკატი, ამ საქმის გამოძიებას ითხოვენ.

პოტენციური მშობლები ბრალდებებს უარყოფენ - რას ამბობს მათი ადვოკატი

სტატია, საქართველოში დასაქმებული 33 წლის, ყაზახი სუროგატი ქალის შესახებ, რადიო თავისუფლებამ 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

სტატიის გამოქვეყნებამდე, რადიო თავისუფლება ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა ქალის დამქირავებელ აგენტებთან და პოტენციურ მშობლებთან, ჩინეთის მოქალაქეებთან გასაუბრებას და მათი პოზიციის მოსმენას, თუმცა, ვერ მოახერხა. საქართველოში მომუშავე აგენტები შეთანხმების მიუხედავად, არ მოვიდნენ დათქმულ შეხვედრაზე, არ პასუხობდნენ ჩვენს სატელეფონო ზარებს. ხოლო იმ მისამართზე, სადაც გვითხრეს, რომ მათი სააგენტო მუშაობდა, ჩინეთის სხვა მოქალაქეები დაგვხვდნენ. სუროგატის დახმარებით შემოგვითვალეს, რომ მათ არ დავკავშირებოდით.

რადიო თავისუფლებამ იურისტთან დაკავშირება, რომელიც ახლა პოტენციური მშობლების ადვოკატია, 22 ოქტომბერს, სტატიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოახერხა. მაშინ მან გვითხრა, რომ გეგმავდა ყოფილიყო მშობლების ადვოკატი, არ იცნობდა საქმის დეტალებს და კომენტარისგან თავი შეიკავა. გვთხოვა, არ დაგვესახელებინა მისი ვინაობაც. თუმცა, გვითხრა, რომ მშობლების სურვილის შემთხვევაში, მომავალში, გაგვესაუბრებოდა და მათ პოზიციასაც დააფიქსირებდა.

პოტენციური მშობლების, ჩინეთის მოქალაქეების ინტერესებს საქართველოში ახლა სწორედ ეს იურისტი, ადვოკატი ანრი გუგეშაშვილი იცავს.

„სუროგატის ნათქვამი, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა და ვინმე ბებიაქალმა გაგუდა, არის სამწუხარო და ამორალური სიცრუე“, - გვეუბნება ჩინელი წყვილის ადვოკატი და ამატებს, რომ სუროგატი ქალი ჩინეთში პოტენციურ მშობლებს აბორტის გასაკეთებლად არ წაუყვანიათ.

მისი განმარტებით, მშობლებს საქართველოში დასმული დიაგნოზის გადამოწმება უნდოდათ და იმედი ჰქონდათ, რომ ორსულობის 26-ე კვირაზე გამოვლენილი გულის მძიმე მანკის დიაგნოზი მცდარი აღმოჩნდებოდა.

„მშობლების გადაწყვეტილებით სუროგატის გამგზავრება დაიგეგმა ჩინეთში არსებულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რათა გამოერიცხათ რისკები და იმედს იტოვებდნენ, რომ საქართველოს კვლევის შედეგები იქნებოდა მცდარი“, - ამბობს ადვოკატი.

რადიო თავისუფლებასთან საპირისპიროს ამბობს სუროგატი ქალი, მისი თქმით აგენტებმა პირდაპირ უთხრეს, რომ მშობლებს „ავადმყოფი ბავშვი“ არ სურდათ და მათ აბორტის გაკეთება მოითხოვეს.

საქართველოს კანონმდებლობით, 22 კვირის შემდეგ ორსულობის შეწყვეტა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული სამედიცინო საფუძვლით - როდესაც ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ან ნაყოფს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ანომალია აქვს. 26 კვირის ორსულობისას ნაყოფის გულის მანკის დიაგნოზი თავისთავად არ ნიშნავს, რომ ორსულობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.

ანრი გუგეშაშვილის თქმით, ჩინეთში ჩატარებულმა უფრო დეტალურმა გამოკვლევებმა ნაყოფის გულის მძიმე პათოლოგია დაადასტურა, რის შემდეგაც ექიმებმა პოტენციურ მშობლებს სუროგატი ქალის ორსულობის შეწყვეტა ურჩიეს.

ადვოკატის თქმით, მშობლები პირადად შეხვდნენ ექიმს, გაეცნენ ნაყოფის მდგომარეობას და პროცედურას თანხმობა მისცეს.

„მშობლები დარწმუნდნენ სამედიცინო ჩვენებაში, ნაყოფის მდგომარეობაში. მათი თანხმობის გარეშე ეს პროცედურა ვერ ჩატარდებოდა. თავად სუროგატს არ შეხვედრიან, რადგან არ უნდოდათ მისი პირადად გაცნობა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე. ეს მიღებული პრაქტიკაა სუროგაცია-დონაციის შემთხვევაში“, - ამბობს ანრი გუგეშაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ კლინიკაში ყოფნისას, ქალთან კავშირზე იყვნენ ჩინელი აგენტები ტონი და ჰელენი. ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ შვილთან დაკავშირებაში. ამასთანავე, მისივე თქმით, ქალზე მუდმივად ზრუნავდა მშობლების დაქირავებული მომვლელი ქალი, რომელიც, მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში დაადასტურებს, რომ ბავშვი ნამდვილად მკვდარი დაიბადა:

„თუკი დავა სხვა სამართლებრივ სივრცეში გადაიზრდება, აუცილებლად იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი მისი მხრიდან“, - ადვოკატი ამბობს, რომ მას პირადად არ უსაუბრია დაქირავებულ მომვლელთან, თუმცა, ეს ინფორმაცია აქვს მშობლებისგან.

ამ ეტაპზე, გულნარა ჩინეთში, მის თანმხლებ ქალთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა ვერც რადიო თავისუფლებამ. გულნარა დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქალთან გასაუბრებას შეძლებს, ის დაადასტურებს, რომ ბავშვი ცოცხალი დაიბადა: „ის ჩემთან იყო, დაინახა ბავშვი რომ გაჩნდა, გაიგო ბავშვის ტირილიც. ერთადერთი, რასაც მე მას ვთხოვ, არის ის, რომ დაადასტუროს, რომ გაიგო ბავშვის ტირილი“, - ეუბნება გულნარა რადიო თავისუფლებას.

რა დიაგნოზი ჰქონდა ნაყოფს და რატომ გადაწყდა ორსულობის შეწყვეტა

ანრი გუგეშაშვილი რადიო თავისუფლებას აწვდის ჩინეთში, ქალაქ შიხეძიში (Shihezi), კლინიკა Shihezi Red Star Hospital-ში ჩატარებული სამედიცინო კვლევის დოკუმენტებს (თუკი საქმეზე გამოძიება დაიწყება, დოკუმენტების ავთენტურობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს).

ჩინეთის კლინიკიდან გამოთხოვილი კვლევის დოკუმენტიდან ამონარიდი. დოკუმენტის ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმანი მოგვაწოდა ადვოკატმა. თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.
ჩინეთის კლინიკიდან გამოთხოვილი კვლევის დოკუმენტიდან ამონარიდი. დოკუმენტის ქართულ და ინგლისურ ენებზე თარგმანი მოგვაწოდა ადვოკატმა. თარგმანი დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ.

ამ დოკუმენტის თანახმად, 30 სექტემბერს ჩატარებულმა ნაყოფის ექოკარდიოგრაფიამ გულის მძიმე, კომპლექსური თანდაყოლილი მანკი გამოავლინა.

ექიმების შეფასებით, დაბადების შემდეგ არსებობდა სისხლში ჟანგბადის მკვეთრი შემცირების, გულის მძიმე უკმარისობისა და ახალშობილის სიკვდილის მაღალი რისკი.

სამედიცინო დასკვნაში აღწერილია, რომ ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო რამდენიმე რთული, სამეტაპიანი პალიატიური ოპერაცია, ამასთანავე „წარმატებული ოპერაციების შემთხვევაშიც გულის ანატომიური მანკი სრულად ვერ გამოსწორდებოდა და პაციენტს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გართულებების რისკი შეუნარჩუნდებოდა“.

ჩინელი ექიმების რეკომენდაციაში წერია:

„ნაყოფის გულის მანკების სირთულის, მაღალი რისკის ფაქტორების ერთობლიობის, დაბადების შემდეგ სიცოცხლის გადარჩენის სირთულისა და უკიდურესად არახელსაყრელი გრძელვადიანი პროგნოზის გათვალისწინებით, სამედიცინო თვალსაზრისით რეკომენდებულია ორსულობის შეწყვეტა“.

შიხეძის საავადმყოფოს ჩანაწერის მიხედვით, ოჯახის წევრებს განუმარტეს ნაყოფის დიაგნოზი და პროგნოზი, რის შემდეგაც მათ ორსულობის შეწყვეტა მოითხოვეს.

„ბავშვი ტანჯვისთვის გაეწირათ? საკითხი საჭიროებდა უფრო მეტ დეტალურ შესწავლას [და ამიტომ წაიყვანეს კვლევაზე]. როგორც თავადაც გაეცანით, ქართველმა ექიმმა 3-ხაზიანი დასკვნა დადო, რომლის რეკომენდაციაც იყო მჭიდრო სამეანო მეთვალყურეობა. თქვენი აზრით, ეს საკმარისი იქნებოდა მშობლებისთვის? ხოლო ჩინეთის კლინიკამ ყოვლისმომცველი კვლევა ჩაატარა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანრი გუგეშაშვილმა.

ჩინეთში გამგზავრებამდე ნაყოფს კვლევა თბილისში, „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ჩაუტარდა, სადაც ნამდვილად დადასტურდა ნაყოფის გულის მძიმე პათოლოგია.

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ თითქმის 30 წელია მუშაობს გულის რთული თანდაყოლილი პათოლოგიების, მათ შორის ახალშობილთა გულის მანკების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. კლინიკა თანამშრომლობს აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებასთან. 2025 წელს ჯო ენის ჰოსპიტალმა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada-ს Qmentum International პროგრამის Platinum დონის აკრედიტაცია, რაც ნიშნავს, რომ საავადმყოფომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, პაციენტთა უსაფრთხოებისა და კლინიკური პროცესების მართვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეფასება წარმატებით გაიარა. Platinum ორგანიზაციის Qmentum International პროგრამაში ხარისხის ერთ-ერთი მაღალი დონეა.

რადიო თავისუფლება ნაყოფის გამოკვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, "ჯო ენის ჰოსპიტალს" დაუკავშირდა. კლინიკის გენერალური დირექტორის სახელით მიღებულ პასუხში ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ გულის დაავადება, რაც ნაყოფს აღენიშნებოდა, წარმოადგენს მძიმე გულის მანკს, მაგრამ არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებას, შესაბამისად, ექიმი-კარდიოლოგის მიერ რეკომენდაცია ორსულობის შეწყვეტის შესახებ არ გაცემულა“.

"ჯო ენის" გენერალური დირექტორის, ზაზა სოფრომაძის პასუხი
"ჯო ენის" გენერალური დირექტორის, ზაზა სოფრომაძის პასუხი

რა წერია ხელოვნური მშობიარობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტში

შიხეძის საავადმყოფოს სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით, 30 სექტემბერს, ჰოსპიტალიზაციისას, ნაყოფი ცოცხალი იყო და მას გულისცემა სტაბილურად აღენიშნებოდა.

1 ოქტომბერს, დილით, სუროგატ ქალს მშობიარობის ინდუქციის (მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევის) მიზნით ეთაკრიდინის ლაქტატის ინტრაამნიონური ინიექცია გაუკეთეს. ანუ, პრეპარატი ნემსით სანაყოფე წყლებში შეიყვანეს.

დოკუმენტის თანახმად, ინიექციის შემდეგ აკვირდებოდნენ ქალის სასიცოცხლო მაჩვენებლებს, ნაყოფის გულისცემასა და საშვილოსნოს შეკუმშვებს.

ამონაწერში აღწერილია პრეპარატის მოქმედებაც: პლაცენტური ქსოვილების დაზიანება, ნაყოფისთვის სისხლისა და ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა და ამის შედეგად ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი.

2 ოქტომბერს ქალმა ბუნებრივი გზით იმშობიარა:

„მშობიარობის შემდეგ შეფასებისას დადგინდა, რომ ნაყოფს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა“, - წერია საავადმყოფოს ჩანაწერში.

ჩინეთის კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის ამსახველი დოკუმენტი. ინგლისურ ენაზე თარგმანი მოგვაწოდა მშობლების ადვოკატმა
ჩინეთის კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის ამსახველი დოკუმენტი. ინგლისურ ენაზე თარგმანი მოგვაწოდა მშობლების ადვოკატმა

თუმცა, დოკუმენტში, რომელიც პოტენციური მშობლების ადვოკატმა რადიო თავისუფლებას მიაწოდა, არ არის მითითებული პრეპარატის დოზა, ნაყოფის გულისცემის მონიტორინგის კონკრეტული შედეგები და ის დრო, როდესაც გულისცემის შეწყვეტა დადასტურდა.

ასევე არ ჩანს, კონკრეტულად რა მეთოდით და ვინ შეაფასა დაბადებისას სიცოცხლის ნიშნები.

ანრი გუგეშაშვილი ამბობს, რომ ნაყოფის გულისცემის მონიტორინგის ცალკე ჩანაწერები მისთვის არ მიუწოდებიათ, თუმცა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნა ადასტურებს, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა და სუროგატი ქალი ცრუობს: „მგონი, საკმარისია გამოგზავნილი დასკვნა, რომელიც აღწერს, რომ მონიტორინგი ხორციელდებოდა და ნაყოფის შობისას მას არ აღენიშნებოდა სიცოცხლის ნიშნები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.

ეთაკრიდინის ლაქტატი - რა პრეპარატია, რისთვის გამოიყენება ის და რას ამბობს WHO

ეთაკრიდინის ლაქტატი (Ethacridine lactate), რომელიც სუროგატ ქალს გაუკეთდა, ანტისეპტიკური ნივთიერებაა. მას ჩინეთში ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ორსულობის შეწყვეტისა და მშობიარობის ინდუქციისთვისაც იყენებენ.

სამედიცინო კვლევების მიხედვით, სანაყოფე წყლებში მისი შეყვანა შეიძლება იწვევდეს როგორც მშობიარობის დაწყებას, ისე ნაყოფის სიკვდილს. თუმცა მხოლოდ ამ პრეპარატის გამოყენება არ ადასტურებს, რომ ნაყოფის გულისცემა მშობიარობამდე აუცილებლად შეწყდა.

ჩინეთის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული კლინიკური გაიდლაინი ეთაკრიდინის ლაქტატის სანაყოფე წყლებში ინიექციით გამოყენებას ითვალისწინებს 14-27 კვირის ორსულობის შეწყვეტისას, მათ შორის ნაყოფის განვითარების მძიმე მანკის დიაგნოსტირების შემთხვევაში. თუმცა გაიდლაინში ეთაკრიდინის ლაქტატი აღწერილია როგორც მშობიარობის ინდუქციის (მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა) საშუალება და არ არის მითითებული, რომ მისი გამოყენება, ყველა შემთხვევაში, უზრუნველყოფს ნაყოფის გულისცემის შეწყვეტას დაბადებამდე.

რაც შეეხება ნაყოფის გულის ცემის შეწყვეტას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2023 წლის სახელმძღვანელოში, Clinical Practice Handbook for Quality Abortion Care, ნაყოფის გულის მოქმედების მიზანმიმართული შეჩერებისთვის გამოიყენება სამი პრეპარატი - კალიუმის ქლორიდი, დიგოქსინი და ლიდოკაინი. ეთაკრიდინის ლაქტატი ამ ჩამონათვალში არ არის.

სახელმძღვანელოში წერია, რომ „ნაყოფის საშვილოსნოდან გამოდევნის შემდეგ ხანმოკლე სიცოცხლის შენარჩუნების ალბათობა იზრდება ორსულობის ვადის მატებასთან ერთად“.

2026 წლის ოქტომბერში სამეცნიერო ჟურნალში Ultrasound in Obstetrics & Gynecology (მაღალი რეპუტაციის, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი, სპეციალიზებული გამოცემა მეანობის, გინეკოლოგიის, პრენატალური დიაგნოსტიკისა და ნაყოფის მედიცინის მიმართულებით რ.თ) გამოქვეყნებულმა სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ნაყოფის გულისცემის შესაჩერებლად გამოყენებული ზოგიერთი ინიექცია ყველა შემთხვევაში წარმატებული არ არის.

მკვლევრებმა 25 კვლევა, ჯამში 10 683 შემთხვევა გააანალიზეს. შედეგების მიხედვით, ნაყოფის გულის მოქმედების შეჩერების პროცედურა წარუმატებელი აღმოჩნდა:

  • 0,4%-ში - კალიუმის ქლორიდის უშუალოდ ნაყოფის გულში შეყვანისას;
  • 3,2%-ში - კალიუმის ქლორიდის ჭიპლარში შეყვანისას;
  • 4,8%-ში - დიგოქსინის უშუალოდ ნაყოფის სხეულში შეყვანისას;
  • 10,6%-ში - დიგოქსინის სანაყოფე წყლებში შეყვანისას.


კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი, რადიო თავისუფლებას საფრანგეთში არსებულ პრაქტიკას უზიარებს და ამბობს, რომ ორსულობის დიდ ვადაზე, სამედიცინო ჩვენებით ორსულობის შეწყვეტისას, ნაყოფის გულის მოქმედების შესაჩერებლად, კალიუმის ქლორიდს იყენებენ, რომელიც უშუალოდ ნაყოფის გულში, ულტრაბგერითი კონტროლით შეჰყავთ.

მისი განმარტებით, ულტრაბგერითი კონტროლი აუცილებელია როგორც პრეპარატის სწორად შესაყვანად, ისე ნაყოფის გულის მოქმედების შეწყვეტის დასადასტურებლად. ამის შემდეგ იწყება მშობიარობის ხელოვნური გამოწვევა.

„ძნელია, რაიმეს თქმა, თუმცა, თუ დავუშვებთ იმას, რომ ჩინეთში სხვა პრეპარატი გამოიყენეს და კონტროლიც არასრულყოფილი იყო, შესაძლებელია ბავშვი გულისცემით დაბადებულიყო“, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

რევაზ ბოჭორიშვილის შეფასება ეხება სამედიცინო შესაძლებლობას და არ ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვი ნამდვილად ცოცხალი დაიბადა.

ფინანსური დავა და მშობლების მოთხოვნები

პოტენციური მშობლების ადვოკატი ანრი გუგეშაშვილი აცხადებს, რომ სუროგატ ქალსა და მშობლების წარმომადგენლებს შორის უთანხმოება ფინანსური ანგარიშსწორების დროს წარმოიშვა.

მისი თქმით, ამგვარ მოცემულობაში, როდესაც ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორსულობა წყდება 27-ე კვირაში, ნოტარიულად დამოწმებული კონტრაქტის თანახმად, ქალს მხოლოდ 3000 დოლარის ანაზღაურება ეკუთვნის. თუმცა, სუროგატ ქალს დამატებითი თანხის მიღება სურს:

„მიუხედავად იმისა, ეკუთვნოდა თუ არა ეს თანხა, მშობლები მზად იყვნენ მისთვის დამატებით გადაეცათ 5000 დოლარი. თუმცა, ის ითხოვდა 13 000 დოლარს. 13 000 დოლარი განკუთვნილია იმ შემთხვევაში თუ ბავშვი დაიბადებოდა და მშობლები უარს იტყოდნენ მშობლობის უფლებაზე, რაც ფაქტობრივად არ დამდგარა.

ბავშვის დაბადების შემთხვევაში მას 17000 დოლარი უნდა მიეღო და არ დაბადებულ ბავშვზე, თან ასეთ ტრავმულ მდგომარეობაში რომ მშობლებს 13000 დოლარს სთხოვ, ნამდვილად არ ჯდება კეთილსინდისიერებაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანრი გუგეშაშვილი.

ადვოკატი რადიო თავისუფლებას უზიარებს ჩინური სოციალური ქსელის wechat-ის სქრინებსაც, სადაც სუროგატი ქალისა და ჩინელი აგენტის, ტერის (იგივე ტონის) მიმოწერაა ასახული. რადიო თავისუფლებისათვის უცნობია ჩინელი აგენტის რეალური სახელი და გვარი.

სუროგატი ქალისა და ჩინელი აგენტის მიმოწერის მცირე ნაწილი. მიმოწერა მოგვაწოდა პოტენციური მშობლების ადვოკატმა
სუროგატი ქალისა და ჩინელი აგენტის მიმოწერის მცირე ნაწილი. მიმოწერა მოგვაწოდა პოტენციური მშობლების ადვოკატმა

მიმოწერაში, რომელიც რადიო თავისუფლებას ადვოკატმა მიაწოდა, უმეტესი დრო ეთმობა კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრას, რომელსაც გულნარა აგენტებს სთხოვს, რათა მოახერხოს თბილისში დარჩენილ მცირეწლოვან შვილთან დალაპარაკება.

ამ მიმოწერაში გულნარა არსად ახსენებს, რომ ნაყოფი ცოცხალი დაიბადა. ამბობს, რომ მშობიარობამ ნორმალურად ჩაიარა. მიმოწერაში სუროგატი ქალი ეკითხება აგენტს, შეუძლია თუ არა ფულის გამოყენება შვილისთვის ზამთრის ტანსაცმლის შესაძენად.

„ქალი ეკითხება ტონის, შეუძლია თუ არა ის თანხა, რომელიც აგენტებმა მას თბილისიდან გაატანეს, გამოიყენოს შვილის ზამთრის ტანსაცმლის საყიდლად. თუკი ასეთი ტრავმა მიიღო, რომ ნაყოფი ცოცხალი დაიბადა და ის მოკლეს, როგორღა შეეძლო საყიდლებზე სიარული?“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

გულნარა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ აგენტთან მიმოწერაში მას ნამდვილად არ უხსენებია ნაყოფი და შემდგომ განვითარებული პროცესები, რადგან ის ჯერ კიდევ თბილისიდან წასვლისას გააფრთხილეს, რომ ტელეფონიდან წაეშალა ყველა მიმოწერა, რაც კი სუროგაციას უკავშირდებოდა, რადგან ჩინეთში სუროგაცია აკრძალულია და ის შესაძლოა, დაეკავებინათ: "ასეთი გაფრთხილების შემდეგ, ცხადია, მსგავსს ვერაფერს მივიწერებოდი. თუმცა, როგორც კი ჩამოვედი საქართველოში და სახლში შემოვედი, მაშინვე ვუთხარი ჩემთან ერთად მცხოვრებ მეორე სუროგატ ქალს, რაც მოხდა ჩინეთში". ქალი ადასტურებს, რომ მას ნამდვილად უნდოდა შვილისთვის ზამთრის ქურთუკის შეძენა: „დიახ, ნამდვილად ვიკითხე, შემეძლო თუ არა შვილისთვის ზამთრის ქურთუკის შეძენა, ზამთარი ახლოვდება“.

ანრი გუგეშაშვილი ამბობს, რომ მშობლები სუროგატი ქალისგან ცრუ ინფორმაციის გავრცელების უარყოფას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სამართლებრივი დავის შესაძლებლობასაც განიხილავენ.

მისი თქმით, მოლაპარაკება, ამ ეტაპზე, ჩიხშია შესული:

„სუროგატი მორალური ზიანისთვის 100 000 დოლარს ითხოვს, ხოლო თუ არ მიიღებს, ამბობს, რომ პროკურატურაში დაწერს საჩივარს.

თუ ვინმეს სადმე წასვლა მოუწევს, ეს შესაძლოა, სწორედ მშობლები და მათი წარმომადგენლები იყვნენ, რადგან მათ არც ერთ ქმედებაში არ შეინიშნება სისხლის სამართლებრივი ნიშნები და საუბარი საერთოდ ზედმეტია რაიმე ტრანსნაციონალური დანაშაულის არსებობაზე, რასაც მისი ადვოკატი აცხადებს. ყველაფერი განხორციელდა კანონის დაცვით როგორც საქართველოში, ასევე ჩინეთში.

აი 100 000 დოლარის მოთხოვნა კი არის მეტად ამორალური. ხოლო სამართლებრივ კონტექსტში მისი შეფასებისგან, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ. მშობლები და მათი წარმომადგენლები ითხოვენ სუროგატისგან ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას. მშობლები მზად არიან ნებისმიერი სამართლებრივი გზისთვის, თუმცა მათთვის ეს არ არის სასურველი, ისედაც თავიანთი ტრავმა ვერ მოუშუშებიათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანრი გუგეშაშვილი.

გულნარა არ არის ერთადერთი სუროგატი ქალი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სირთულეები შეექმნა.

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს უცხოელი სუროგატი ქალების შესახებ, რომლებიც გვიყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, ჩამორთმეულ პასპორტებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

საქართველოში სუროგაციის ბიზნესის გამოწვევების შესახებ რადიო თავისუფლების კითხვას, 12 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ასე უპასუხა:

„ძალიან მძიმე საკითხია, ასე ვიტყოდი. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს, არ გავუსწრებ წინ მოვლენებს და მალე წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას“.

ოქტომბრის დასაწყისში, თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) საქართველოში სუროგაციის ინდუსტრიაში ადამიანებით ვაჭრობის შესაძლო რისკების შესასწავლად.

ორგანიზაციის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექსპერტები შეხვდნენ სუროგატ ქალებს, უფლებადამცველებს, ადვოკატებს, სააგენტოებისა და კლინიკების წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების, პროკურატურისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს.

შეისწავლეს სუროგატი ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და პოტენციური მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების საკითხები. GRETA-ს წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციის ანგარიში, სავარაუდოდ, 2026 წლის ნოემბერში დამტკიცდება, ხოლო საქართველოს ხელისუფლებისთვის კომენტარების წარდგენის შესაძლებლობის მიცემის შემდეგ, სავარაუდოდ, 2027 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

უპასუხო კითხვები

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია წერს საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების პრობლემებზე. ქალები ჰყვებიან გადაუხდელ ჰონორარებზე, მძიმე საცხოვრებელ პირობებსა და ჯანმრთელობის სერიოზულ გართულებებზე.

განსაკუთრებით მძიმეა ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები - რადიო თავისუფლების რესპონდენტებს შორის არიან ქალები, რომლებსაც მშობიარობისა და გართულებების შემდეგ საშვილოსნოს ამოკვეთა დასჭირდათ. 2025 წელს საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო, 2026 წელს კი, სუროგაცია-დონაციის სააგენტოს, Kinderly-ს დამფუძნებლებს სასამართლომ თაღლითობის საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს.

უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც შვიდი თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია - უწყების "ცხელ ხაზზე" გვეუბნებიან, რომ ჩვენი წერილი დამუშავების პროცესშია.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG