Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთმა ბოიკოტი გამოუცხადა სირიის გარშემო რეგიონალურ მოლაპარაკებას


სირია
სირია
ორშაბათს საუდის არაბეთმა, გაუგებარი მიზეზით, უარი თქვა „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე, რომლის წევრებიც არიან თურქეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და ირანი. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამე კამელ ამრის თქმით, ჯგუფმა გადაწყვიტა მომდევნო შეხვედრა ნიუ-იორკში დაგეგმილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართოს.

„საკონტაქტო ჯგუფში“ შემავალი ოთხი ქვეყნიდან სამი - თურქეთი, საუდის არაბეთი და ეგვიპტე - მხარს უჭერს მოთხოვნას ბაშარ ალ ასადის გადადგომის თაობაზე, რაც ქვეყანაში ძალადობის შეწყვეტისა და რეალური ცვლილებების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა სირიის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას გადაჭრით ეწინააღმდეგება ირანი, რომელიც, თავის მხრივ, არ უარყოფს, რომ სირიის პრობლემის მოწესრიგებაში რეგიონალური სახელმწიფოების „ოთხეულს“ გადამწყვეტი როლი ენიჭება.

„არარეალისტურია, რომ ჩვენ ამ შეხვედრისაგან ველოდოთ პრობლემის მეყსეულ მოგვარებას. ჩვენ თავდაუზოგავი შრომა გვმართებს. ამასთან, მსურს დაგარწმუნოთ, რომ თანამშრომლობა აღემატება უთანხმოებას და ყველანი ვადასტურებთ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ მშვიდობიანი მოგვარების გზა და განსაკუთრებით რეგიონის გავლენიან ქვეყნებს - ეგვიპტეს, თურქეთს, ირანსა და საუდის არაბეთს - აქვთ დიდი როლი და, განგების ნებით, მათ უნდა შეძლონ ისეთი შედეგის მიღწევა, რაც ყველას გაახარებს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ე.წ. „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე.

როგორც ზემოთ ითქვა, „ოთხეულის“ შეხვედრას გაურკვეველი მიზეზებით არ დასწრებია საუდის არაბეთის არც ერთი წარმომადგენელი, რის გამოც „საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე არ ყოფილა მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება. თუმცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავუთოღლუ მიიჩნევს, რომ „რეგიონალურ ინიციატივას“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრობლემის მოგვარებაში:

„ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ძირითად პრინციპებში ერთმანეთს ვეთანხმებით, მაგრამ, როგორც თქვენც მოელოდით, არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ასევე არსებითი უთანხმოება იმ მიზნის მიღწევაში, რაც სირიელი ხალხის მოთხოვნებსა და ლეგიტიმურ უფლებებზე დაფუძნებულ პროცესში მძლავრი სირიის შექმნას გულისხმობს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას და არავინ უნდა ელოდოს, რომ ერთი შეხვედრით მივაღწევთ სწრაფი მოქმედების გეგმას, რომელზეც ჩვენც ვთანხმდებით და შესაძლოა სხვებსაც გავაცნოთ. მაგრამ მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობა და რეგიონალური ინიციატივა, რაზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით.“

„საკონტაქტო ჯგუფის“ ორშაბათის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „ოთხეული“ მომდევნო შეხვედრას ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართავს. გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესია ნიუ-იორკში 18 სექტემბერს იხსნება და ერთ კვირას გასტანს. ვითარება სირიაში ასამბლეის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. ამასობაში კი ძალადობა სირიაში ოდნავადაც არ კლებულობს. სირიელი აქტივისტების თქმით, სამოქალაქო ომის შედეგად აგვისტოში 5000 კაცი დაიღუპა და ამდენი მსხვერპლი, 2011 წლის მარტიდან დაწყებული, სირიაში არც ერთ თვეს არ ახსოვს. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი სირიის კონფლიქტში 23 ათას კაცს აჭარბებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG