Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაჰიმი „შეუძლებლად“ მიიჩნევს სამშვიდობო მისიას სირიაში


ლახდარ ბრაჰიმი
ლახდარ ბრაჰიმი
ლახდარ ბრაჰიმის სირიის საკითხებში საერთაშორისო წარგზავნილად დანიშვნიდან სამი კვირის თავზე სირიაში ძალადობამ კიდევ უფრო იმატა. ღრმავდება დევნილთა კრიზისი, ხოლო თავად გაეროს უშიშროების საბჭოში მწვავე დაპირისპირებაა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას სირიის კონფლიქტი. ამ ვითარებაში ბრაჰიმი აღიარებს, რომ მისთვის დაკისრებული სამშვიდობო მისიის შესრულება „განუხორციელებლად“ მიაჩნია.

ლახდარ ბრაჰიმი, გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარგზავნილი სირიაში, 10 სექტემბერს კაიროში ჩავიდა, სადაც იგი ეგვიპტისა და არაბული ლიგის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. იქიდან ბრაჰიმი დამასკში გაემგზავრება. ამ ვიზიტს ის ბოლო მცდელობად მიიჩნევს, რამდენადაც ფიქრობს, რომ სამშვიდობო მისია სირიაში განუხორციელებელია. თუმცა ერთი თვის წინ, როდესაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მას ეს პოსტი შესთავაზა, ბრაჰიმი ბევრად ოპტიმისტურად იყო განწყობილი:
საკმარისად ვილაპარაკე იქ შექმნილ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ვაპირებ ვემსახურო გაერთიანებულ ერებს, თქვენ, არაბთა ლიგას და ნაბიტ ელარბაის, არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს, უპირველეს ყოვლისა კი, სირიელ ხალხს...
ლახდარ ბრაჰიმი

„გენერალურო მდივანო, როდესაც ეს პოსტი შემომთავაზეთ, მახსოვს, გითხარით, პატივდებული, აღელვებული, მორჩილი და შეშინებული ვარ-მეთქი. ახლაც ასეთი განწყობა მაქვს. მართლა ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. სირიასა და რეგიონში საკმაო ხალხს ვიცნობ. საკმარისად ვილაპარაკე იქ შექმნილ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ ვაპირებ ვემსახურო გაერთიანებულ ერებს, თქვენ, არაბთა ლიგას და ნაბიტ ელარბაის, არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს, უპირველეს ყოვლისა კი, სირიელ ხალხს.“

ლახდარ ბრაჰიმის მართლა ყველა საფუძველი ჰქონდა ოპტიმიზმისათვის. წარმატებულ ვეტერან ალჟირელ დიპლომატს კონფლიქტების მოგვარების დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე მისმა სამშვიდობო გეგმამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლიბანში სამოქალაქო ომის დასრულებაში. შემდეგ ლახდარ ბრაჰიმი ირანსა და ავღანეთში მუშაობდა გაეროს წარგზავნილის პოსტზე.

მაგრამ, როგორც ზემოთ ითქვა, 3 სექტემბერს „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში ლახდარ ბრაჰიმიმ თავის სამშვიდობო მისიას სირიაში „თითქმის განუხორციელებელი“ უწოდა.

მანამდე ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა მისი წინამორბედი შუამავლის კოფი ანანის სამშვიდობო მოღვაწეობა. გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, თავისი დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ვერ მიაღწია სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ აუცილებელ კონსენსუსს დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ვითარება სირიაში ამჟამად გაცილებით უარესია, ვიდრე იყო 17 აგვისტოს, როდესაც ლახდარ ბრაჰიმიმ გაეროსა და არაბთა ლიგის სამშვიდობო მანდატი მიიღო. სირიის რეჟიმის მომხრე შეიარაღებულ ძალთა და ოპოზიციის ფორმირებათა საბრძოლო შეტაკებებს ბოლო არ უჩანს. იღუპებიან ადამიანები, მოქალაქეები ტოვებენ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს, ალეპოს, იზრდება ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე.
აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ბრაჰიმის უსარგებლოდ მოუწევს მიმოსვლა ჯერ მხარეებს, შემდეგ კი რეგიონის დიდი სახელმწიფოების ხელისუფალთა შორის. გარკვეული დროის შემდეგ კი ვითარება შეცვლას დაიწყებს...
ჯეფრი ლორენტი

თუმცა ჯეფრი ლორენტი, ნიუ-იორკში მოქმედი „საუკუნის ფონდის“ წარმომადგენელი, მიიჩნევს, რომ სირიის რეჟიმი და შეიარაღებული ოპოზიცია გააფთრებული ბრძოლების შედეგად დაიღლებიან, ორივე მხარე დაკარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და ისინი იძულებული გახდებიან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. აი, მაშინ, ლორენტის თქმით, ბრაჰიმის ჯერიც დადგება:

„აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ბრაჰიმის უსარგებლოდ მოუწევს მიმოსვლა ჯერ მხარეებს, შემდეგ კი რეგიონის დიდი სახელმწიფოების ხელისუფალთა შორის. გარკვეული დროის შემდეგ კი ვითარება შეცვლას დაიწყებს...“

ეს მომენტი დგება, ვარაუდობს ჯეფრი ლორენტი, რომელსაც მხედველობაში აქვს 20 წლის წინანდელი ვითარება სამოქალაქო ომში გახვეულ ლიბანში, სადაც ლახდარ ბრაჰიმიმ სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG