Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია: ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადასტურება არ იქნება იოლი


დასავლეთის ქვეყნებს დამასკი გაფრთხილებული ჰყავთ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება წითელ ხაზია - მისი გადაკვეთის შემდეგ აუცილებელი გახდება ინტერვენცია სამოქალაქო პირების დასაცავად და ამ ტიპის იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის აღსაკვეთად.

მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კონფლიქტის დროს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დადასტურება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ამ ტიპის იარაღი მცირე მასშტაბით გამოიყენეს, საერთაშორისო ინსპექტორებს კი ქვეყანაში არ უშვებენ.

ვაშინგტონში განთავსებული საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ქიმიური იარაღის ექსპერტი გრეგორი კობლენცი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ინსპექტორების არშეშვება მნიშვნელოვნად აბრკოლებს ამგვარი იარაღის გამოყენების შესახებ მყარი დასკვნების გაკეთებას. ასეთ სიტუაციაში მოქმედების საუკეთესო გზაა დამკვირვებლების, გამოცდილი ექსპერტების შეუზღუდავად დაშვება ადგილზე, სადაც, ცნობების თანახმად, ინციდენტი მოხდა. ისინი გაესაუბრებიან მსხვერპლთ, აიღებენ იარაღისა და სისხლის ნიმუშებს და შემდეგ მათ ბევრ დამოუკიდებელ, სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში შეამოწმებენ“.

დასავლეთის ქვეყნებს სწორედ ის სურთ, რომ სირიაში გაეროს ექსპერტები ჩავიდნენ და შეისწავლონ რამდენიმე ადგილი, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. დამასკი და სირიელი მეამბოხეები ერთმანეთს აბრალებენ ამ ტიპის იარაღის გამოყენებას, რის გამოც ბოლო დღეებში დრამატულად გაიზარდა საერთაშორისო შეშფოთება.

გასულ კვირაში აშშ-მა განაცხადა, არსებობს მტკიცებულება, რომ სირიის შიგნით ქიმიური იარაღი გამოიყენესო. მაგრამ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, უფრო კონკრეტული მტკიცებულებების ქონაა საჭირო იმის თაობაზე, თუ როგორ, როდის და ვის მიერ იქნა გამოყენებული ამ ტიპის იარაღი.

ასეთი მტკიცებულების მოსაპოვებლად კი გაერომ ამჟამად კვიპროსში მომლოდინე ინსპექტორების გუნდი უნდა მიავლინოს სირიაში. მაგრამ დამასკს ხელი არ მოუწერია 1997 წელს გაფორმებულ ქიმიური იარაღის კონვენციაზე, რომელიც კრძალავს ომის დროს ტოქსიკური იარაღის გამოყენებას. შესაბამისად, ის არ არის ვალდებული ინსპექტორები თავის ტერიტორიაზე შეუშვას.

დამასკსა და გაეროს შორის ამჟამად დავა მიმდინარეობს იმის თაობაზე, მაინც რა ხარისხით ექნება ინსპექტორების გუნდს წვდომა ადგილზე. დამასკმა თავის დროზე გაერო მიიწვია მთავრობის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების შესამოწმებლად, რომ ქიმიური იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს ქალაქ ალეპოსთან ახლოს მდებარე სოფელ ხან ალ-ასალში. მაგრამ როცა გაერომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვა დაშვება, დამასკმა უარი განაცხადა და გაეროს უთხრა, რომ ინსპექტორებს მხოლოდ ამ ერთ ობიექტზე შეეძლებოდათ მუშაობა.

ახლა, როცა ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე მეტ მტკიცებულებას მოითხოვენ აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი, სირია კიდევ უფრო მტკიცე უარს ამბობს.

სირიის ინფორმაციის მინისტრმა ომრან ალ-ზუბიმ რუსეთის ტელევიზიას პარასკევს განუცხადა, ამერიკელებს „საკითხით მანიპულაცია“ და „ერაყის მაგალითის“ გამეორება სურთო. ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე დასავლეთის შეშფოთება, რომელიც შემდგომ უსაფუძვლო აღმოჩნდა, გახდა საწინდარი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის შეჭრისა, რასაც სადამ ჰუსეინის დამხობა მოჰყვა.

ამდენად, როგორც ჩანს, სირიაში ინსპექტორების შეშვების საკითხი ჩიხში შედის. ასეთ ვითარებაში მტკიცებულების მოსაპოვებლად სხვა გზები რჩება, თუმცა სიზუსტეს და კონკრეტულობას მოკლებული გზები.

სირიის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შეუძლიათ მტკიცებულება - მაგალითად, მსხვერპლთა სისხლის და შარდის ნიმუშები - როგორღაც ქვეყნიდან გამოიტანონ და ინსპექტორებს შესამოწმებლად უცხოეთში გადასცენ, თუმცა იმისთვის, რომ ეს მტკიცებულება სანდოდ ჩაითვალოს, აუცილებელი იქნება მისი მოპოვების პირობების ზუსტად ცოდნა - ვინ, ვისგან, რა მომენტში და რა სიტუაციაში მოიპოვა ეს ნიმუშები.

ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი ძალიან მწვავეა, და ეს ყველა მხარეს კარგად ესმის - როგორც სირიის მთავრობას და სირიელ მეამბოხეებს, ისე დასავლეთის ქვეყნებს და დამასკის მოკავშირე რუსეთს, რადგან სწორედ ამ საკითხმა შეიძლება გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა, ბოლოს და ბოლოს, უცხოეთის ქვეყნების ინტერვენცია სირიაში.

მოსკოვი აცხადებს, რომ ამ საკითხთან მიმართებით საკუთარ წითელ ხაზს გაავლებს და ძალიან მკაცრად მოითხოვს მტკიცებულების სიზუსტეს.

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხება ორი წელია მიმდინარეობს და მას 70,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG