Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია მსოფლიო დღის წესრიგში „ქიმიური იარაღის“ თემით დაბრუნდა


სირია
სირია
თეთრმა სახლმა გასულ კვირაში, სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი სამოქალაქო ომში სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ შესაძლოა ქიმიურ იარაღს, კერძოდ, ზარინის ტიპის გაზს იყენებდეს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია „სხვადასხვა დოზით არის სარწმუნო“ და თავად ქიმიური იარაღის გამოყენებასაც, როგორც ჩანს, „მცირე მასშტაბები“ აქვს, გასულ კვირაში სირიის პრობლემა „ქიმიური იარაღის“ თემით კვლავ დაბრუნდა მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში და წამყვან გამოცემებში ისევ გაჩაღდა მსჯელობა სირიაში საერთაშორისო ინტერვენციის მიზანშეწონილობის შესახებ.

ცნობა სირიაში სამთავრობო ჯარების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე თავდაპირველად ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა 23 აპრილს გაავრცელა. როგორც ბრიგადის გენერალმა ითაი ბრუნმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აქვს უტყუარი ცნობა, რომ ასეთი იარაღი სირიის ჯარებმა „რამდენჯერმე გამოიყენეს ბოლო თვეების განმავლობაში.“ გენერალმა ბრუნმა პრესკონფერენციაზე სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლთა სურათები წარმოადგინა, რაც წამყვან ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ გამოყენებული იყო ზარინის გაზი. ამის შემდეგ, 25 აპრილს, აშშ-ის კონგრესმა უკვე თეთრი სახლისგან მიიღო დაზვერვის სამსახურის ანგარიში, რომელშიც საუბარია ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. ეს ინფორმაცია 25 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროში ვიზიტის დროს ჟურნალისტებსაც გაუზიარა.

„აშშ-ის სადაზვერვო სისტემა სხვადასხვა დოზით სარწმუნოდ მიიჩნევს იმას, რომ სირიის რეჟიმმა ქიმიური იარაღი, კერძოდ, ზარინის ტიპის ქიმიური ნივთიერება, შეზღუდული მასშტაბით გამოიყენა“.

ამ განცხადებამდე კი იყო წერილი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაუგზავნა რესპუბლიკელ სენატორ ჯონ მაკკეინსა და დემოკრატ კარლ ლევინს, ორ კანონმდებელს, რომლებიც ადმინისტრაციაზე ზეწოლას ახდენდნენ სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამო. წერილში, რომლის ტექსტიც თეთრმა სახლმა მოგვიანებით გამოაქვეყნა, დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე ნათქვამია, რომ იგი „ნაწილობრივ ფიზიოლოგიურ სინჯებს ეფუძნება“ და შემდგომ შეფასებებს „სანდო და სარწმუნო ფაქტები სჭირდება“.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელიც საკუთარ კომენტარებში ცდილობდა ფრთხილი ყოფილიყო:

ძალიან შემაშფოთებელია ის, რასაც ვხედავთ. მონაცემები შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ ასევე ვატყობთ, როგორ იზრდება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სირიის რეჟიმი შეიძლება ქიმიურ იარაღს იყენებდეს. ეს ძალიან სერიოზული ამბავია...
დევიდ კამერონი
„ეს ძალიან სერიოზული საქმეა. ჩვენ ყველა ფაქტის დადგენა გვესაჭიროება“.

აღსანიშნავია, რომ, დიპლომატიური წინდახედულობით შერჩეული ფრაზების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე გააფრთხილა სირია, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებით ასადი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს, რასაც საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება. მოვლენათა მსგავს განვითარებაზეა საუბარი ზემოხსენებულ წერილშიც, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გასულ კვირაში ამერიკელ კონგრესმენებს გაუგზავნა.

26 აპრილს კი სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას „სამხედრო დანაშაული“ უწოდა აშშ-ის მთავარი მოკავშირის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სისთან“ საუბარში:

„ ძალიან შემაშფოთებელია ის, რასაც ვხედავთ. მონაცემები შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ ასევე ვატყობთ, როგორ იზრდება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სირიის რეჟიმი შეიძლება ქიმიურ იარაღს იყენებდეს. ეს ძალიან სერიოზული ამბავია. ეს სამხედრო დანაშაულია“.

მაგრამ ნიშნავს თუ არა დასავლური სამყაროს ლიდერების ასეთი რეაქცია იმას, რომ აშშ-მა შეიძლება გაგზავნოს ჯარები სირიაში, თუკი გაეროს გამოძიება დაადასტურებს ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტებს? - ეს შეკითხვა გასულ კვირაში რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ, მათ შორის, „ვაშინგტონ პოსტმაც“ დასვა.

მას შემდეგ, რაც დაასრულა ომი ერაყში და განსაზღვრა ამერიკის საბრძოლო ოპერაციის დასრულება ავღანეთში, ობამას ყველაზე ნაკლებად უნდა სურდეს ახალი ომი მუსლიმანურ ქვეყანასთან, მათ შორის, აშშ-ის სტრატეგიულ არაბულ ახლო აღმოსავლეთში...
სკოტ ვილსონი
აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაფრთხილება „წითელ ხაზთან“ დაკავშირებით სერიოზულია და თუკი ასადის რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, მაშინ პრეზიდენტი მოკავშირეებსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს პრობლემის გადაჭრის შესაბამისი ვარიანტების ირგვლივ.

„მას შემდეგ, რაც დაასრულა ომი ერაყში და განსაზღვრა ამერიკის საბრძოლო ოპერაციის დასრულება ავღანეთში, ობამას ყველაზე ნაკლებად უნდა სურდეს ახალი ომი მუსლიმანურ ქვეყანასთან, მათ შორის, აშშ-ის სტრატეგიულ არაბულ ახლო აღმოსავლეთში“, - წერს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ანალიტიკოსი სკოტ ვილსონი და არც იმას გამორიცხავს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ობამას პოლიტიკა სირიის მიმართ შეიცვალოს და ვაშინგტონმა მხარი დაუჭიროს სირიელი მეამბოხეების იარაღით მომარაგებას და საკუთარი ავიაციაც გაგზავნოს „ფრენისათვის აკრძალული ზონის უზრუნველსაყოფად“.

მით უფრო, რომ ამ ფონზე აშშ-ის საზოგადოება სულ უფრო მეტად მიემხრობა აშშ-ის სამხედრო ჩარევას სირიის კონფლიქტში.

როდესაც გასული წლის დეკემბერში პირველად გამოჩნდა ცნობები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე, „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ეი-ბი-სიმ“ შეუკვეთეს გამოკითხვა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ რესპონდენტთა სამი მეოთხედი წინააღმდეგი იყო აშშ-ის სამხედროების ჩაბმისა სირიის სამოქალაქო ომში. ასეთ გადაწყვეტილებას მხარს მხოლოდ 17 % უჭერდა.

მაგრამ სამხედრო ინტერვენციას გამოკითხულთა 63% დაუჭერდა მხარს, თუკი დადასტურდებოდა სირიის რეჟიმის მხრიდან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღის გამოყენება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დიდი მხარდაჭერა აქვს ასევე სირიის თავზე „ფრენისათვის აკრძალული ზონის“ შექმნას, - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტში“ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ წერილში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG