Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნურსი საბავშვო ბაღთან


ცხინვალი
ცხინვალი
რამდენიმე დღის წინ ცხინვალში პანიკა ატყდა. ოსტროვსკის ქუჩაზე, მე-4 საბავშვო ბაღის შესასვლელთან, დარაჯმა საეჭვო საგანი შენიშნა და სამართალდამცავებს აცნობა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა შვეულმფრენის უმართავი რეაქტიული ჭურვი - ნურსი - ამოიცნეს, რომელიც მიწაში იყო ჩარჭობილი. ცნობისათვის, ნურს ს-5 უმართავი რეაქტიული ჭურვია, რომელიც რუსული სამხედრო ავიაციის შეიარაღებაში შედის და ჯავშანტექნიკისა და მტრის ცოცხალი ძალის წინააღმდეგ გამოიყენება. დაზიანების რადიუსი 200 მეტრია.

ჭურვის აღმოჩენის შემდეგ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური და ძალოვანი უწყება გამოიძახეს, სწრაფად შემოსაზღვრეს ტერიტორია და ბაღიდან ბავშვების ევაკუაცია დაიწყეს. ამ დროს ბაღში 155 აღსაზრდელი იმყოფებოდა. გამნაღმველებმა ნურსი ფრთხილად ამოიღეს და პოლიგონზე გააუვნებელყვეს. საბავშვო ბაღის გამგე ზემფირა ხუგაევა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ წინა საღამოს ჭიშკართან საეჭვო საგანი არ შეუნიშნავს და ის იქ გამთენიისას უნდა დაემონტაჟებინათ. სამართალდამცავები ვერსიებზე არ ლაპარაკობენ. თვითაღიარებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში აცხადებს, რომ გამნაღმველებმა ზუსტად იმოქმედეს და ქალაქს საფრთხე აარიდეს.

ამ საქმეზე სამართალდამცავებს ეჭვმიტანილები არ ჰყავთ. ერთ-ერთ ვერსიად ხულიგნობა განიხილება. ოსურ მედიაში კი ჩნდება სტატიები უკონტროლო იარაღის შესახებ, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ არაერთ სარდაფში ინახება. გარდა ამისა, ბოლო 4 წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლებამ დანაღმული ტერიტორიების პრობლემა ვერ მოაგვარა - ცოტა ხნის წინ სოფელ მუგუთში ადგილობრივი მცხოვრები, გვარად თიბილოვი, ნაღმზე აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მინისტრის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არ არსებობს დანაღმული ტერიტორიების რუკები და სქემები, რაც ამ პრობლემის მოგვარებას ართულებს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ და გამნაღმველ ორგანიზაციებს არ უშვებენ და ამ საქმის მოგვარება რუსულ საინჟინრო ბატალიონს აქვს მინდობილი, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე არ მოხსნილა.

მე-4 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია კი შეიარაღებული დაცვისა და სათვალთვალო კამერების დაყენებას ითხოვს. გარდა ამისა, გაუნათებელი და მოუწესრიგებელია ცხინვალის ქუჩები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის, ყველაზე მთავარ პრობლემად კი დე ფაქტო რესპუბლიკაში ისევ უკონტროლო იარაღის არსებობა რჩება.
XS
SM
MD
LG