Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგაძევება გაძევების საპასუხოდ


რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან იმ ახალი სანქციების პასუხად, რომლებიც ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა, მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება მერილენდსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის ორი დაწესებულება, რომლებიც სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება.

რუსეთის პრეზიდენტმა „სამწუხარო“ უწოდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ნაბიჯს, რასაც თეთრ სახლსა და კრემლს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვა. რუსეთის ლიდერის ოფიციალურ განცხადებამდე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის მიერ ტვიტერის საშუალებით გავრცელებული კომენტარი, რომელშიც თეთრი სახლის გადაწყვეტილება „ობამას ადმინისტრაციის“ აგონიად არის შეფასებული. მკაცრი განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საპასუხო სანქციებითაც დაიმუქრა.

„სანქციებმა მოიცვა ასევე ჩვენი დიპლომატები. 35-მა კაცმა, რომლებიც ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში მუშაობენ, 31 ვაშინგტონში და 4 სან-ფრანცისკოში, აშშ უნდა დატოვონ 1 იანვარს, დღის ბოლოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 30 დეკემბერს და დასძინა, რომ რუსეთი იძულებული იქნება პასუხი გასცეს თეთრი სახლის სანქციებს. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ წუხს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ასე ამთავრებს თავის მუშაობას“.

თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ ამ ზომას მიმართავს რუსეთის მთავრობის მისამართით მრავალჯერადი კერძო და საჯარო გარფთხილების შემდეგ და მისი გატარება აუცილებელია, როგორც პასუხი რუსეთის მცდელობებზე, ზიანი მიაყენოს აშშ-ის ინტერესებს ქცევის საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევით. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სანქციები არ უპასუხებენ არც ამერიკელი და არც რუსი ხალხის ძირეულ ინტერესებს.

„ჩვენ არავის არ გავაძევებთ. ჩვენ არ ავუკრძალავთ მათ ოჯახებსა და ბავშვებს ისარგებლონ ახალი წლის დღესასწაულის დროს დასვენებისათვის მათთვის განკუთვნილი ადგილებით“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ ვლადიმირ პუტინის განცხადებაში.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, უფროსმა მრჩეველმა კელიენ კონვეიმ ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ახალ სანქციაზე და ის არჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ხელის შეშლის მცდელობად შეაფასა:

„უნდა გითხრათ, რომ ისინიც კი, ვისაც ბევრ საკითხში აქვს სიმპათიები პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ, ამბობენ, რომ ის, რაც მან დღეს გააკეთა, არის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, „ხელ-ფეხის შეკვრა“. ძალიან სამწუხაროა, თუ ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი ფაქტორი პოლიტიკა იყო. იძულებული ვართ ვიფიქროთ, რომ ეს ხშირად შეესაბამება სიმართლეს“.

სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება მოსკოვში მდებარე ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ პასუხად ვაშინგტონის იმ გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, დაწესდა ახალი სანქციები მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. მოსკოვში არსებული სკოლა ძირითადად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების თანამშრომელთა შვილების განათლებას ემსახურება, თუმცა სკოლაში რუსი და სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე „სი-ენ-ენს“ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და მას თეთრი სახლის მიერ გავრცელებული „სიცრუე“ უწოდა.

30 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები კიბერომს აწარმოებენ მისი ქვეყნის წინააღმდეგ, რის მაგალითადაც პოროშენკომ დაასახელა ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსი ჰაკერების მიერ განხორციელებული 6 500 თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG