Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი უსახლკაროებისთვის მერიისგან თავშესაფარს ითხოვს


უსახლკაროთა კარავი, 2012 წლის 20 დეკემბერი
უსახლკაროთა კარავი, 2012 წლის 20 დეკემბერი
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით გამწვავდა უსახლკარო პირთა პრობლემა. მათი ზუსტი რაოდენობა არც ერთ ინსტანციაში არ არის აღრიცხული, თუმცა ისინი მუდმივად აწყობენ აქციებს, ასევე თავი იჩინა სახელდახელო დასახლებებმაც.

ასე სახელდახელოდ ბათუმში მუყაოს სახლებისგან მთელი უბანი შეიქმნა. იქ დაახლოებით 800 ადამიანი ცხოვრობს ქოხებში, ყველანაირი პირობების გარეშე. ეს მუყაოს სახლები არალეგალურადაა აშენებული და როდის დაშლიან, არავინ იცის. პარალელურად მუდმივად იმართება აქციები, უბინაოდ დარჩენილი ხალხი კი სხვადასხვა შენობებში იჭრება.
ზოგი საავადმყოფოდან წამოვიყვანე, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, ზოგი - ქუჩიდან, ზოგი - მიწისქვეშა გადასასვლელიდან. არიან ისეთებიც, ვისაც სახლი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარც სახლი აქვს, აღარც კარი. არადა, ადრე ჩვეულებრივი ოჯახები ჰქონდათ...
მარინა ბერშუკოვა

ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იურიდიულ დახმარებას უწევენ იმ პირებს, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილები. როგორც იურისტი ნიკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონი თვითმმართველობებს ავალდებულებს ქუჩაში დარჩენილი პირები თავშესაფრით უზრუნველყონ. მისივე თქმით, იმავე თვითმმართველობამ უნდა შეისწავლოს, მართლაც აქვს ამა თუ იმ პიროვნებას სახლი თუ არა:

„გაიგოს, რომ მართლაც არა აქვს სახლი და შემდეგ თავშესაფრით უზრუნველყოს. ეს არ ნიშნავს იმას,რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ საკუთრებაში გადასცეს სახლი. უბრალოდ, მას უნდა ჰქონდეს რაღაც ადგილი, სადაც უსახლკაროებს მოათავსებს“.

როგორც ნიკოლოზ ლეგაშვილი ამბობს, მათ მიმართეს მერიას, რის შემდეგაც მიიღეს პასუხი, რომ თბილისის მერია წელს 50 ადამიანის დაკმაყოფილებას გეგმავს - აქედან 25 უსახლკარო, მეორე 25 კი იძულებით გადაადგილებული პირი იქნება. ლეგაშვილის თქმით, ამ ტემპით ყველას დაბინავება, ალბათ, 50 წელიწადშიც კი ვერ მოხერხდება.

მარინა ბერშუკოვა ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც უსახლკარო ადამიანების პრობლემებთან შეხება მოუხდა. მან რამდენიმე მოხუცი ქუჩიდან საკუთარ სახლში მიიყვანა, უბრალოდ, ადამიანური თანაგრძნობის გამო:

„ზოგი საავადმყოფოდან წამოვიყვანე, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, ზოგი - ქუჩიდან, ზოგი - მიწისქვეშა გადასასვლელიდან. არიან ისეთებიც, ვისაც სახლი ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარც სახლი აქვს, აღარც კარი. არადა, ადრე ჩვეულებრივი ოჯახები ჰქონდათ“.

როგორც ადამიანის უფლებათა სახლში აცხადებენ, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში რჩებიან, ხშირად ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელები, ასევე მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები არიან.

ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ პროექტის მიმდინარეობისას მთავარი პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს არაფრით არ სურთ საკუთარი მოვალეობების შესრულება:
ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

„ჩვენთან მოდიან სამართლებრივი დახმარებისთვის, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყონ, შემდეგ სასამართლოში მიგვაქვს ეს საქმეები. სასამართლო ხშირ შემთხვევაში ავალებს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ დააკმაყოფილოს თავშესაფრით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობა ჯიუტად განაგრძობს გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში, რომ როგორმე არ დააკმაყოფილონ მოთხოვნა“.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიას მიმართა. თბილისის მერიის წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ საბინაო პირობების გაუმჯობესება ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ნაწილია და მხოლოდ მუნიციპალური საშუალებებით ვერ მოხერხდება. ქალაქის მერია მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც უნდა ჩაერთონ.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG