Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც უსინათლოთათვის არ არსებობს


15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი მოითხოვენ უსინათლო და მცირემხედველთათვის შეიქმნას სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც უსინათლოებს გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება. რა სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება დღეს უსინათლოთათვის? არის თუ არა მათთვის განათლება ხელმისაწვდომი? რას ჰპირდება სახელმწიფო მათ, ვინც მხედველობა ზრდასრულ ასაკში დაკარგა?

მაცაცო ხაჭაპურიძემ მხედველობა ხუთი წლის წინ დაკარგა. მას არც კი უფიქრია სახლში დაჯდომა და უსაქმოდ დარჩენა. ნელ-ნელა თეთრი ხელჯოხის გამოყენება ისწავლა, რამაც დამოუკიდებლად გადაადგილება გაუადვილა და რამდენიმე თვის წინ მუშაობაც დაიწყო. დღეს ის შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი-ოპერატორია. მას ყოველდღიურად უწევს სამსახურში სიარული. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი უსინათლოთათვის, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად არაადაპტირებულია, მას ტაქსით გადაადგილება უწევს. სწორედ ეს არის დღეს მაცაცოს მთავარი პრობლემა - არამეგობრული, არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის:

„მე ვერ ვახერხებ დამოუკიდებლად ქალაქში გადაადგილებას. მოუწესრიგებელია ტროტუარები, გადასასვლელები. შეიძლება იყოს ხმოვანი შუქნიშანი, მაგრამ მე არ მაქვს გარანტია, რომ მანქანა წითელზეც არ წამოვა და არ დამეჯახება“.

როგორც „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ ხელმღვანელი გია ჯვარშეიშვილი ამბობს, საქართველოში დღეს, არაოფიციალური ინფორმაციით,12 ათასი უსინათლო ცხოვრობს. რეალურად მათი რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ საქართველოს პარლამენტმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, გია ჯვარშეიშვილის თქმით, ეს ორი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ უსინათლოთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო. მაგალითად, მისი თქმით, კონვენცია სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს შექმნას უსინათლოთა და მცირემხედველი ადამიანებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ისინი მათთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურებას მიიღებენ და უნარებს გამოიმუშვებენ:

„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ეს არის მედიცინასთან დაკავშირებული დაწესებულება. ეს არის თავიდან ბოლომდე სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართული ცენტრი. იქ ისწავლება თეთრი ხელჯოხის გამოყენება, სივრცეში ორიენტაცია, მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამების დაუფლება, ბრაილის შრიფტის გამოყენების შესწავლა, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების გამომუშავება და ა.შ.“.

ამ ეტაპზე სახელმძღვანელოების მხრივ პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს ყველა საგანში სახელმძღვანელოები. ყველა მოსწავლეს თავისი სახელმძღვანელო აქვს. ასე რომ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის...
თამარ ხვედელიძე

გია ჯვარშეიშვილის თქმით, უსინათლოთათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სათანადო განათლების მიღება. როგორც ის ამბობს, თბილისში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი უსინათლო და მცირემხედველთა მოზარდებისათვის არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ ეს საკითხი მოგვარებულად ჩაითვალოს, დანარჩენი საჯარო სკოლები კი არ არიან მზად უსინათლო მოზარდებისთვის სათანადო განათლების მისაცემად. 202-ე სკოლა-პანსიონში დღესდღეობით 40-მდე მოზარდი სწავლობს, მათგან 19 იქვე ცხოვრობს, ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდები. მოსწავლეები სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით სწავლობენ, ერთადერთ განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ პროგრამა სრულად არის ადაპტირებული უსინათლო მოზარდთათვის. სკოლის დირექტორის მოადგილე თამარ ხვედელიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელი ორი წელია, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო სახელმძღვანელოების ბრაილის შრიფტით დაბეჭდვა:

„ამ ეტაპზე სახელმძღვანელოების მხრივ პრობლემა არ გვაქვს. გვაქვს ყველა საგანში სახელმძღვანელოები. ყველა მოსწავლეს თავისი სახელმძღვანელო აქვს. ასე რომ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის და ძალიან დიდი შეღავათია მოსწავლეებისათვის, რადგან აქამდე ბავშვებს საგნების ზეპირად სწავლა უწევდათ“.

პირებს, რომლებსაც სჭირდებათ ხელჯოხი, შემოაქვთ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში და შემდეგ სააგენტო გასცემს მათზე ხელჯოხებს...
ტატა გამყრელიძე

თამარ ხვედელიძის თქმით, დღეს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საზოგადოების არაინფორმირებულობა და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ უსინათლო მოზარდთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს განათლების სისტემის მიღმაა დარჩენილი.

რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც სახელმწიფო უსინათლოთა და მცირემხედველთა მიმართ ახორციელებს, ესაა პროგრამა „უსინათლო მოქალაქეების უზრუნველყოფა უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით“, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ტატა გამყრელიძის თქმით, მოთხოვნის შემთხვევაში, უსინათლოებს თეთრი ხელჯოხები უსასყიდლოდ გადაეცემათ. თუმცა, მისივე თქმით, მოთხოვნა ხელჯოხებზე არც ისე დიდია:

„პირებს, რომლებსაც სჭირდებათ ხელჯოხი, შემოაქვთ განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში და შემდეგ სააგენტო გასცემს მათზე ხელჯოხებს. სტატისტიკის მიხედვით, მოთხოვნა დიდი არ არის. საშუალოდ წლიურად ასამდე ხელჯოხი გაიცემა“.

რაც შეეხება უსინათლოთა და მცირემხედველთა სარეაბილიტაციო ცენტრის არსებობის აუცილებლობას, რომლის შესახებაც „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლები საუბრობენ, სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის ცენტრის შექმნა ამ ეტაპზე არ იგეგმება. შესაბამისად, გია ჯვარშეიშვილის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც ზრდასრულობის ასაკში დაკარგეს მხედველობა, რჩებიან იმ მომსახურების გარეშე, რომელიც მათ მომავალში გარემოსთან ადაპტირებას გაუადვილებდა.

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1969 წლიდან აღინიშნება, საქართველო კი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს 2011 წლიდან შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG