Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები ლიბიიდან გაიქცნენ


"ვასილიოს N"-ი ლიბიის ქალაქ მისურატაში
"ვასილიოს N"-ი ლიბიის ქალაქ მისურატაში
„ლიბიიდან გემით გამოვიპარეთ. მალტას ვუახლოვდებით. ყველანი კარგად ვართ,“ - ამ შინაარის ტექსტური შეტყობინება მიიღო რამდენიმე საათის წინ გემ „ვასილიოს N“-ის კაპიტნის მეუღლემ მანანა ამბალიამ, რომელმაც ეს ამბავი ექსკლუზიურად აცნობა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

„ვასილიოს N“-ი 11 თვის წინ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემის მფლობელს შორის დღემდე გრძელდებოდა.

თავად გემი, მისი ქართველი კაპიტანი და ეკიპაჟის ხუთი ქართველი წევრი ტყვეობაში იმყოფებოდნენ და დახმარებას ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდნენ. იანვარში ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა გემის დაწვა სცადა. მან ცეცხლი გააჩინა ღამით, როცა ყველას ეძინა. ეკიპაჟის წევრებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს. ,,ყველანარი სანავიგაციო, საკომუნიკაციო მოწყობილობა თუ ინვენტარი დამწვარი,
განადგურებული სანავიგაციო და საკომუნიკაციო მოწყობილობა
დამტვრეული და განადგურებულია. ამის ჩამდენს ჩვენ უკვე მარტოს არ ვტოვებთ, იგივე რომ არ ჩაიდინოს. გემის მეპატრონე მის დაპატიმრებაზე საუბრობს. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ მეზღვაურმა ამხელა ნერვულ სტრესს ვერ გაუძლო და უკონტროლო გახდა. ის მაინც დააბრუნონ საქართველოში“ - განაცხადა რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბრისას, ,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრმა, გიორგი ყურაშვილმა.

მიუხედავად ამისა, „ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრებმა შეძლეს პორტიდან გემის გამოყვანა და „მთვარეზე და ვარსკვლავებზე დაკვირვებით მართვა“, - გვატყობინებს თეა აბსარიძე. „ლიბიიდან გამოპარული ქართველი მეზღვაურები მალე მალტაში იქნებიან და იქ დაელოდებიან საქართველოს ხელისუფლების დახმარებას.“
XS
SM
MD
LG