Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია გაყოფის შემდეგ


წინასაარჩევნო ბანერი ზუგდიდში
წინასაარჩევნო ბანერი ზუგდიდში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 59 ყოფილ წევრს შორის, რომლებმაც პარტია 12 იანვარს დატოვეს, ოთხი ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელია. აქედან სამი - პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა დამენია, რეგიონალური კოორდინატორი თენგიზ გუნავა და ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ქებურია - პარლამენტის დეპუტატია. ზუგდიდელი დეპუტატების პარალელურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2010 წლიდან თანამშრომლობის შემდეგ, დატოვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამაც. მიზეზებზე საუბრისას მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, შეთავაზება, რომელიც რეალურად ნიშნავს, რომ პარტიამ იფუნქციონიროს მხოლოდ მისი გავლენის ქვეშ და მისი გადაწყვეტილებებით:

„კატეგორიულად არ ვეთანხმებოდი და დღესაც არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან კონკურენტუნარიანი და, ასე ვთქვათ, მებრძოლი ძალის შექმნა გამორიცხულია. დღეს სააკაშვილმა შემოგვთავაზა ის, რომ მხოლოდ მისი დაქვემდებარების და გავლენის ქვეშ უნდა ყოფილიყო პარტია, რასაც, ბუნებრივია, ვერ დავეთანხმებოდი“, - განაცხადა ბათლომე შელიამ. მისი ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სამომავლოდ ადგილობრივი ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს.

ბათლომე შელიას პარტიიდან წასვლა შესაძლოა ქალაქის საკრებულოში სამწევრიანი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის მიზეზი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრი ფრაქციის დატოვებას არ აპირებს, მის ყოფილ თანაპარტიელებს გადაწყვეტილება ამ თემაზე ჯერ არ მიუღიათ.

„თუ მათი მხრიდან იქნება ისეთი დამოკიდებულება, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ჩვენს თანამშრომლობას, ბუნებრივია, დავიშლებით და ფრაქცია დაიშლება, მაგრამ არ მგონია, ეს მათი მხრიდან პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყოს“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

ფრაქციის სამომავლო გეგმებზე კომენტარი მოუცლელობის მიზეზით არ გააკეთა მისმა თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძის თქმით კი, ჯერ ეს საკითხი არ განხილულა, რადგან ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიის წევრები დაკავებული არიან 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის საორგანიზაციო საკითხებით.

დეპუტატის აზრით, ბათლომე შელიამ, პარტიიდან წასვლის პარალელურად, ფრაქციის კი არა, საკრებულოს წევრის მანდატიც უნდა დატოვოს, რადგან ის არ აურჩევიათ როგორც მაჟორიტარი და საკრებულოში შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. ამასთან, წითლიძე აცხადებს, რომ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაცია ოთხი წევრის წასვლით არ შესუსტებულა:

„ერთეულები წავლენ თუ არა პარტიიდან, ეს ვერ იმოქმედებს პარტიაზე. ვიღაც მიდის და ვიღაც მოდის. 20 იანვრის შემდეგ, ვვარაუდობთ, რომ ბევრი ახალი კადრი შემოვა პარტიაში“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტიიდან თანაგუნდელების წასვლას ადგილობრივ ორგანიზაციაშიც შიდადაპირისპირებას უკავშირებენ. ანა წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი ლიდერები, რომელთა ინიციატივითაც მოხდა გაყოფა, პარტიის დანარჩენ წევრებთან შეუთანხმებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, რამაც გამოიწვია ძირითადი აქტივისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება. ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შემადგენლობა შეიძლება კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვოს, ანა წითლიძე უარყოფს.

ქალაქისგან განსხვავებით, პარტია არ დაუტოვებია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გელა თოლორაიას, განცხადებით, ოპოზიციური ძალა კვლავ 15 წევრით არის წარმოდგენილი საკრებულოში. მისთვის არ არის ცნობილი, გეგმავს თუ არა ვინმე სამომავლოდ შესაბამისი განცხადების გაკეთებას.

კიდევ რამდენი წევრი შეიძლება შეუერთდეს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შემადგენლობიდან, არც პარლამენტის წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ იცის:

„უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ამაზე მუშაობას. მომავლის საქმეა, უნდა განვუმარტოთ ამომრჩეველს, რას ვთავაზობთ ახალს, გავაცნოთ ხალხს ჩვენი ბრძოლის მეთოდები“, - აღნიშნა მან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფას ზუგდიდშიც წინ უძღოდა შიდაპარტიული დაპირისპირება, რაც ბოლო დღეებში სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარტიის ახლა უკვე ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებითაც გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG