Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ სოტკილავას ხსოვნას


ზურაბ სოტკილავა
ზურაბ სოტკილავა

18 სექტემბერს მოსკოვში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა, რომელიც 1965 წლიდან, თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1974 წლიდან კი - მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი. ზურაბ სოტკილავა ეწეოდა ასევე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრი. მომღერლის გარდაცვალების გამო გულისტკივილი გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ოჯახის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოტკილავას თბილისში დაკრძალავენ.

ზურაბ სოტკილავას ხსოვნას
please wait

No media source currently available

0:00 0:06:52 0:00
გადმოწერა

ზურაბ სოტკილავა კავარადოსი, აბესალომი, ოტელო, რადამესი, ხოზე, ედგარი - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ პარტიებისა, რომელთა შესრულებამაც 80 წლის წინ, 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაბადებული მომღერალი ოპერის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. წლების წინ ზურაბ სოტკილავას ჯუზეპე ვერდის “ბალ-მასკარადში”, ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერში” პარტნიორობას უწევდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ლიანა კალმახელიძე, რომელიც სინანულით იხსენებს უფროსი კოლეგის დრამატიზმით გაჟღენთილ ხმას, ემოციურ შესრულებასა და არტისტიზმს:

„ვუსამძიმრებ მთელ ქართველ ერს, რომელმაც დაკარგა ძალიან, ძალიან კარგი არა მარტო მომღერალი, არამედ პიროვნება - არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი პარტნიორი, მუსიკოსი, ვოკალისტი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ტენორი. როგორც მსახიობი, ასევე დიდებული იყო. ძალიან ტემპერამენტიანი, ბრწყინვალე იყო საკონცერტო შესრულებისას. არაჩვეულებრივად მღეროდა ნეაპოლიტანურ, ქართულ სიმღერებს“.

ზურაბ სოტკილავა, მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან რუსეთში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, წუთით არ წყვეტდა კავშირს სამშობლოსთან, სამეგრელოსთან, მშობლიურ სოხუმთან, სადაც დაბრუნებაზე ოცნებობდა სიცოცხლის ბოლომდე. მომღერლის თანაქალაქელი, მწერალი გურამ ოდიშარია იხსენებს:

„სულ ახსოვდა სოხუმი, თუმცა ჩასვლით არ ჩასულა. ერთხელ პირად საუბარში მითხრა და მერე ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ ჩავა სოხუმში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას შეეძლება ჩასვლა. მე ვეკამათებოდი: თუ ჩასვლის საშუალება გაქვთ, უნდა ჩახვიდეთ-მეთქი, თქვენი სიმღერით, თქვენი ავტორიტეტით - ეს იქნება დიალოგის ერთ-ერთი ფორმა-მეთქი... რა თქმა უნდა, სამეგრელოსთან არ ჰქონდა გაწყვეტილი კავშირი. ყველას გვახსოვს მისი შესანიშნავი შესრულება ოთარ თაქთაქიშვილის მეგრული სიმღერებისა. ბოლო დროს ერთი სიმღერა რომ შეასრულა, შევამჩნიე, რომ უზომოდ დასევდიანდა. ვფიქრობ, წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა...“

თუმცა ზურაბ სოტკილავას ნიჭისა და ენერგიის მთავარი ასპარეზი მაინც ოპერა იყო. რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია მაესტრო ნოდარ ანდღულაძის დღიური, რომელშიც მომღერალი თავის მეგობარს 70 წლის იუბილეს ულოცავს და ამბობს:

„მე ვფიქრობ, რომ ზურიკო სოტკილავას ნიჭის გასაღები ამაში მდგომარეობს. იგი აქაა საძიებელი! ევფონია - მუსიკოსის შინაგანი ბირთვი, კეთილხმოვანება იბადება მისი სულის სიღრმეში – გრძნობით-ემოციური მენტალობის შინაგანი ჰარმონია – და გადმოიღვრება სიმღერით და სიმღერაში. ამაშია მისი მომაჯადოებელი ძალა. მე მიყვარს და ვეთაყვანები მის ნიჭს, ჩვენს კლასში პირველივე მოსმენით დაწყებული. არასოდეს დამავიწყდება აქ ნამღერი რახმანინოვის რომანსი "Покинем, милая". მაშინ ვუთხარი მამაჩემს: "ჩვენს კლასში მოვიდა გენიოსი". და ასეთად მიმაჩნია დღემდე.“

თეატრის კრიტიკოს თამარ მუქერიას თქმით, ზურაბ სოტკილავა იყო ერთ-ერთი გამორჩეული, მსოფლიო მასშტაბის ქართველი მომღერალი, არაერთი პრემიისა და ჯილდოს მფლობელი. შემთხვევითი არაა, რომ 1980 წელს ზურაბ სოტკილავა გახდა ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.

„ეს ჯილდო ძალიან ცოტა ადამიანს აქვს მიღებული. მისი ღვაწლი და მნიშვნელობა მუსიკაში ძალიან დიდად იყო დაფასებული უცხოეთში. რაც შეეხება მის რეპერტუარს, ჩვენ ვიცით, რომ ზურაბ სოტკილავა იყო ძალიან მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ნიჭის ადამიანი. ის ერთანაირი წარმატებით და პასუხისმგებლობით ასრულებდა როგორც საოპერო ნაწარმოებებს, ასევე ფოლკლორს, სხვა ჟანრის სიმღერებსაც. ვფიქრობ, რომ ქართული - და არამხოლოდ ქართული -საოპერო ხელოვნებისთვის უდიდესი დანაკლისია ზურაბ სოტკილავას გარდაცვალება, რადგანაც ის ასევე იყო ვოკალის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი, რომელიც თავის ცოდნასა და გამოცდილებას უშურველად გადასცემდა მომავალ თაობას. მისი წასვლა ძალიან დიდი და დასანანი დანაკარგია“, უთხრა თამარ მუქერიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG