Accessibility links

ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლომ გაათავისუფლა


ზვიად რატიანი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პოეტ ზვიად რატიანის პროცესი. სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებდა ბრალს.

ზვიად რატიანი პოლიციამ წუხელ, ღამით თამარ მეფის გამზირზე დააკავა და როგორც თავად რატიანმა განუცხადა თავის ადვოკატს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რატიანი ადვოკატთან საუბარში ჰყვება, რომ ის ბანკომატთან გაჩერდა, სადაც მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა - შსს-ს თანამშრომლები. ზვიადს ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, მასთან მისულმა პირებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ ეცვა ასეთი ფერის ტანსაცმელი. რატიანმა უპასუხა, რომ „ეს მათი საქმე არ იყო“.

ვითარება დაიძაბა. შსს-ს თანამშრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რატიანი იხსენებს, გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილას ჩამოსვეს და იქაც სცემეს. მერე კი, ბორკილდადებული, პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს.

ზვიად რატიანის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად, მისი მეგობარი პოეტები, მწერლები, გამომცემლები და უბრალოდ ახლობლები დილიდან შეიკრიბნენ. სასამართლოსთან ისინიც ფერად ქურთუკებში ჩაცმულები მივიდნენ.

პოეტ შოთა იათაშვილის განცხადებით, ის, რაც მოხდა, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისევ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. და რომ არა ზვიად რატიანის დაკავება, ვერც გავიგებდით, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პოლიციის რეიდების დროს, 70-მდე ადამიანია დაკავებული.

„ზვიადი რომც გაამართლონ, ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და არ მოვეშვათ“, - გვითხრა შოთა იათაშვილმა.

პოეტ რატი ამაღლობელს კი კრიმინალური პოლიციის მუშაობა საბჭოთა სისტემას და მეთოდებს ახსენებს.

„ეს არის მჟავანაძის და სტალინის მეთოდები. პროფესიონალიზმის ნაკლებობა და სისასტიკე. შეუძლებელია კარგმა სამართალდამცველმა ვერ გაარჩიოს ერთმანეთისგან მშვიდობისმოყვარე მწერალი და ზოგადად,მოქალაქე და კრიმინალი. პოლიციამ თავად ჩაიდინა კრიმინალი. დაარღვია ადამიანის უფლებები. ქვეყანა უნდა ებრძოლოს კრიმინალს, მაგრამ არა მშვიდობიანი მოქალაქეების დასახიჩრების ფონზე. ეს არის ძველი საბჭოთა მილიციის, "ტყავის კურტკებიანი" ხალხის ხელწერა“.

ზვიად რატიანის შემდეგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG