18 აგვისტოს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია „თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით“.
ეს 1160-მეტრიანი მონაკვეთია.
ასფალტი ქვაფენილის ნაცვლად
„მთლიანად მოწესრიგდება ყველაფერი: სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, საავტომობილო გზა, - დაზიანებული ქვაფენილი ასფალტის ახალი საფარით ჩანაცვლდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
- აღმაშენებლის გამზირის რამდენიმე მონაკვეთზე ქვაფენილი „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი რეაბილიტაციისას დააგეს;
- აღმაშენებლის გამზირის ამ ნაწილის რეაბილიტაცია 2010-2012 წლებში მოხდა, ხოლო მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთის - მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ ვადაში.
კახა კალაძის თქმით, გამზირზე მოეწყობა ველობილიკი „და ყველანაირად იქნება გამართული ინფრასტრუქტურა“.
„განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები, მოედანზე განახლდება გამწვანების კუნძულები და მოედანზე ინფრასტრუქტურა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის“, - თქვა მან.
ტენდერი გამოქვეყნდა შესყიდვების საიტზეც - პროექტის სავარაუდო ღირებულება 6.7 მილიონ ლარამდეა.
წინადადებების მიღება 29 აგვისტოს უნდა დაიწყოს და 3 სექტემბერს დასრულდეს.
ვადები ჯერ კალაძეს არ დაუზუსტებია: „სამი სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს ტენდერი და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას პროექტის დაწყებასთან და მის განხორციელებასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
- რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 2026 წლის 23 ივლისს დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
- მერიამ ამ პროექტის კონტრაქტორი შპს „სმარტ სოლუშენს“ უკვე ოთხჯერ დააჯარიმა - რადგან „სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა“.
ფორუმი