Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღმოჩნდა ბრიტანელი ომის ვეტერანი გლდანის ციხეში

ბრიტანელი ომის ვეტერანი, უკვე მესამე თვეა, გლდანის ციხეში იმყოფება.
ბრიტანელი ომის ვეტერანი, უკვე მესამე თვეა, გლდანის ციხეში იმყოფება.

ბრიტანეთის მოქალაქე, ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი, რომელიც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში აღმოჩნდა. მესამე თვეა, საპატიმროში ხერხემლის ტკივილით იტანჯება. გისოსებს მიღმა ის იმ პრეპარატების გამო აღმოჩნდა, რომლებითაც ტკივილს იყუჩებდა.

დესმონდს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ასამართლებენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს და რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრიტანეთში მრავალგზის დაჯილდოებული დამსახურებული ვეტერანის ადვოკატები ამბობენ, რომ მეთიუ როი დესმონდი აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა მზად არის დანაშაული მაინც აღიაროს და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდეს.

"სხვაგან არსად შექმნია პრობლემა"

2026 წლის აპრილის ბოლოს, საქართველოს სახმელეთო საზღვარს, თურქეთის მხრიდან, 49 წლის მამაკაცი მოადგა - ომის ვეტერანი, საკუთარი მოტოციკლით, რომლითაც მან, სხვადასხვა დროს - 25 ქვეყანა მოიარა; ხოლო ბოლო, საბედისწერო მარშრუტზე, მეგობართან ერთად - საბერძნეთისა და თურქეთის შემდეგ - საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა.

ადვოკატებს უთხრა, რომ საქართველოს შორიდან, ისტორიული წყაროებით იცნობდა - როგორც სტუმართმოყვარე, ქრისტიანულ ქვეყანას და, თავადაც მორწმუნე ქრისტიანს, ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა სურდა. „6 მაისამდე, გიორგობამდე აპირებდა დარჩენას“, - ეუბნება დაკავებულის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ჩერქეზია რადიო თავისუფლებას.

შემოსვლისას, საქართველოს საზღვარზე მას სტანდარტულად ჰკითხეს - ჰქონდა თუ არა თან ნარკოტიკული ან ფსიქოაქტიური საშუალებები. მოგზაურს არ დაუმალავს, რომ თან ჰქონდა ექიმის დანიშნულებით გამოწერილი პრეპარატები - პრეგაბალინი, ბუპრენორფინი და კოდეინი, რომლითაც ის ხერხემლის ძლიერ ტკივილს იყუჩებდა; მესაზღვრეებს ექიმის გაცემული რეცეპტიც უჩვენა - თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და საქართველოში დასვენების ნაცვლად, საპატიმროში აღმოჩნდა.


მეთიუ როი დესმონდთან კავშირი ოჯახმა 23 აპრილს დაკარგა.
მეთიუ როი დესმონდთან კავშირი ოჯახმა 23 აპრილს დაკარგა.

„წამლები, რაც ბრალის დადგენილებაში უწერია, ზუსტად ემთხვევა ექიმის გამოწერილს, რაოდენობრივადაც. გამოწერილი ჰქონდა ერთი თვის სამყოფი რაოდენობით და შემდეგ - ყოველთვიურად, ელექტრონულად ახლდებოდა ექიმის რეცეპტი. რაც მას თან ჰქონდა, ყველანაირად კანონიერია. პრობლემა ის იყო, რომ - ცნობა [ფორმა 100] არ ჰქონდა დამოწმებული აპოსტილით, ფორმალობები არ ჰქონდა დაცული [როდესაც საქართველოს საზღვარზე გადმოდიოდა]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი ჩერქეზია.

წამლების საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის წესი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. ფიზიკურ პირს ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შეუძლია შემოიტანოს სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების 31 დღის მარაგი (გარდა „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებისა“). საბაჟო გამშვებ პუნქტში წარსადგენად მას მოეთხოვება: ინგლისურ ენაზე თარგმნილი, აპოსტილით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი. რეცეპტში უნდა იყოს სრული ინფორმაცია როგორც ამ ადამიანის, ასევე მედიკამენტების, მათი მიღების წესისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ. საჭიროა ასევე: გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი - ინგლისურ ენაზე თარგმნილი; გამომგზავრების ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, აპოსტილით და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც ამ ორგანოს შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ხარვეზები დაცვის მხარემ რამდენიმე კვირაში გამოასწორა და მაისის ბოლოსკენ, შესაბამისად თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები, მათ შორის - რეცეპტიც, გადაუგზავნა როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს - მაგრამ ბრიტანელი ვეტერანი კვლავ გისოსებს მიღმაა.

მეთიუ როი დესმონდი საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში
მეთიუ როი დესმონდი საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში

მეთიუ როი დესმონდის ძებნა ოჯახმა 23 აპრილის შემდეგ დაიწყო, როდესაც კონტაქტი სრულად გაწყდა.

„სასოწარკვეთილი ვარ. ჩემმა ძმამ [საქართველოს] საზღვრამდე მიაღწია და იქ გააჩერეს, რადგან მისი დანიშნული მედიკამენტები არ მოეწონათ. მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა და ვფიქრობთ, რომ ის დააკავეს. ბრიტანეთის საელჩო მის ადგილსამყოფელს ვერ ადგენს. ხუთშაბათის, 23 აპრილის, 16:14 საათის შემდეგ ის არავის უნახავს და მისგან არაფერი სმენიათ. თუ რაიმე ფორმით შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ, შემატყობინოთ“, - ფეისბუკზე იძებნება 26 აპრილით დათარიღებული პოსტი, რომელიც მის დას ეკუთვნის.

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისას, ბრიტანეთის მოქალაქეს სახაზინო ადვოკატი იცავდა. მაისის დასაწყისში კი დაცვის პროცესში კერძო ადვოკატები ჩაერთნენ: გიორგი ჩერქეზია, ჯაბა კოჭლამაზაშვილი და ბეჟან ნემსაძე. დაკავებულის ოჯახი ადვოკატებს ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით დაუკავშირდა.

“საკონსულო დახმარებას ვუწევთ საქართველოში დაკავებულ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს და კონტაქტზე ვართ ადგილობრივ ხელისუფლებასთან”, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას, 8 ივლისს, ბრიტანეთის საელჩოში.

დესმონდის საქართველოში დაკავება ამ დრომდე გასაიდუმლოებული იყო - დაკავებულის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლის მიღწევის იმედით. დუმილი ადვოკატებმა 8 ივლისს დაირღვიეს - მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

დამატებითი დეტალების მოკვლევისას, რადიო თავისუფლებამ დააზუსტა, რომ - მეთიუ როი დესმონდის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესითაც იყო დაწყებული - ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში მოხმარების ფაქტზე, რადგან მის შარდში აღმოჩენილ იქნა ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების კვალი. ეს დავა ადვოკატებმა ივნისში მოიგეს - ბრალდებას გაუჭირდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანმა პრეპარატები მოიხმარა საქართველოშიც - მაშინ, როცა ის ქვეყანაში შემოსვლამდე, საზღვარზე დააკავეს.

ძლიერი ტკივილი

ადვოკატების მონათხრობით, საქართველოში სადავოდ ქცეული პრეპარატების გამოწერა ვეტერან სამხედროს ხერხემლის სერიოზული ტრავმვის გამო დასჭირდა. ტრავმა სადესანტო ბრიგადაში საქმიანობის დროს მიიღო - როცა ხშირად უწევდა სიმაღლიდან პარაშუტით ხტომა.

ეს ტრავმა იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელიც მას ახლა, საპატიმროშიც აწვალებს.

„ციხეში პერიოდულად, დღეგამოშვებით აძლევენ ტკივილგამაყუჩებელს, რომელიც, ფაქტიურად, ტკივილის 10%-ს უყუჩებს და მუდმივად არის ტკივილში - იტანჯება, ფაქტიურად... ძალიან დაღლილია ეს ადამიანი - სანახავად რომ შევდივართ, ძლივს დგამს ნაბიჯებს“, - გვეუბნება გიორგი ჩერქეზია.

მეთიუ როი დესმონდი
მეთიუ როი დესმონდი

სისხლის სამართლის საქმეშია მეთიუ როი დესმონდის სამხედრო დამსახურებებთან დაკავშირებული ინფორმაცია - მიღებული ჯილდოები - გლობალური მშვიდობის ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში - ერაყსა და ავღანეთში მსახურებისთვის.

„სასოწარკვეთილი დიდება“ [Desperate Glory] - დესმონდი მოხვდა სემ კაილის მიერ დაწერილ წიგნშიც - რომელიც ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანეთის საჰაერო-სადესანტო ბრიგადის საქმიანობასა და სამხედროების განსაკუთრებულ სიმამაცეს ასახავს.

მეთიუ როი დესმონდის საქმე ახლა არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული, ზღვარზე - როდესაც მალე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი უნდა დაიწყოს. არსებითი განხილვა შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და რადგან დაკავებული „ძალიან ცუდად“ გრძნობს თავს - მზად არის ბრალიც აღიაროს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.

"თუკი ყველა დოკუმენტი წარდგენილია, რაც დაკავებული ბრიტანელის უდანაშაულობას ადასტურებს, რატომ რჩება ის საპატიმროში? ანდა რატომ არ ფორმდება მასთან საპროცესო შეთანხმება? - კომენტარებისთვის პროკურატურასაც მივმართეთ. პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლოს შემდეგი სხდომა 13 ივლისს გაიმართება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში შემოსულ უცხოელებს - პრობლემები ექმნებათ მათთვის ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებთან დაკავშირებით. იურისტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ პრაქტიკა ამ მხრივ "არაერთგვაროვანია"და თუკი ზოგი უცხოელი, დოკუმენტების საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, პრობლემებს შედარებით იოლად აღწევს თავს - სხვების მიმართ მოპყრობა კვლავ "არასამართლიანია".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG