„მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვმონაწილეობდით ყველა არჩევნებში, რასაც პოლიტიკური ცვლილებების ერთადერთ მშვიდობიან და დემოკრატიულ გზად მივიჩნევთ“, - დაწერა გახარიამ 15 სექტემბერს პლატფორმა X-ზე ინგლისურ ენაზე.
„არ დავიხევთ უკან“
„ჩვენი პარტია რჩება ერთადერთ ოპოზიციურ პარტიად, რომელიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობს. ჩვენზე თავდასხმით ივანიშვილი ცდილობს, აკრძალოს ქვეყნის ერთადერთი მოქმედი საპარლამენტო ოპოზიცია“, - წერს ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკოსი.
„მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტიის არსებობაც კი ვერ აიტანა, რადგან კრიტიკულ ხმას საპირწონე არგუმენტებით ვერ პასუხობენ“, - აცხადებს იგი.
მისი შეფასებით, „ეს ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული მმართველობის ოფიციალურად დამკვირდებისკენ, საქართველოსა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად“.
„აგკრძალავენ თუ არა, ჩვენ არ დავიხევთ უკან საქართველოს დემოკრატიის აღდგენისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის დაცვის საქმეში“, - აცხადებს იგი.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გააუქმოს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია - „გახარია საქართველოსთვის“.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კვირაში წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“.
- „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-42 პუნქტით, პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის შეტანიდან ცხრა თვეს.
- „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანიდან შვიდ-შვიდი თვის გასვლის შემდეგ დაამატა.
- სხვა პარტიები, რომელთა აკრძალვასაც საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“ და „ძლიერი საქართველო − ლელო“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
„მოულოდნელი არ ყოფილა“ - სიჭინავა
პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ 15 სექტემბერს განაცხადა, რომ მათი გუნდისთვის აკრძალვის ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა:
„ეს პროცესი ღიად და დაუფარავად გამოხატავს იმ აგრესიულ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას, რასაც „ოცნება“ ბოლო წლებია საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ატარებს და განსხვავებული აზრის განადგურებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
„ვერანაირი სარჩელი, მით უფრო იმ ადამიანების, ვინც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ყოველდღიურად ღალატობენ თავიანთი სიტყვებითა და გადაწყვეტილებებით, ვერ შეცვლის ჩვენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ გზას და ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას საქართველოსთვის“, - თქვა სიჭინავამ.
„განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ჩვენს აკრძალვას ის ადამიანები „ითხოვენ“, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის აქტიური მსახურები იყვნენ და დღესაც პარლამენტში ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას და ყოველდღიურად აზიანებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა.
ფორუმი