„ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის...
შეიძლება გაჩნდეს კითხვები - რატომ მაშინ არა, როდესაც ეს სარჩელი იქნა მომზადებული. პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას გვახსოვს, მათი გეგმები: შემოვიდნენ პარლამენტში, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. სიმართლე გითხრათ, მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში... ვნახეთ: პირველი და ყველაზე მთავარი - არაღიარება კონსტიტუციური წყობილების... არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის, რა ძალას წარმოადგენენ, ვის ძალას წარმოადგენენ...“ - თქვა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც არ მოითხოვენ იმ მანდატების გაუქმებას, რომელიც ამ პარტიას აქვს პარლამენტსა და საკრებულოებში.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული ექსპრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ერთადერთი გამონაკლისი იყო იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის, რომელმაც 2024 წელს, ცესკოს მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი გადალახა და სახელისუფლებო პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში არ უჩივლა გაუქმების მოთხოვნით.
- სამი ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო - ძლიერი საქართველო“; „კოალიცია ცვლილებისთვის“) გაუქმების მოთხოვნით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე კვირაში მიმართა.
- 2026 წლის 20 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ძველ სარჩელს უკან გამოითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოში ახალ სარჩელს შეიტანდა, რომელშიც დაემატებოდა კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „ფედერალისტები“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-42 პუნქტით, პარტიის გაუქმების შესახებ სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის შეტანიდან 9 თვეს. „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანიდან შვიდ-შვიდი თვის გასვლის შემდეგ დაამატა.
„დარწმუნებული ვარ, სპეკულაცია იქნება ამსთან დაკავშირებით. აქაც პასუხი არის ძალიან მარტივი: თუ ვინმეს უნდა, რომ ვადით ითამაშოს და ვადის გაწელვაზეა საუბარი, მაშინ წინა შემთხვევაშიც და ახლაც, მივიყვანდით ბოლო ვადამდე, ბოლო კვირამდე...“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ პროსახელისუფლებო „იმედის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
რა წერია სარჩელში - მოკლედ
აიკრძალოს სამი ოპოზიციური ოპოზიციური პარტია:
- „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
- „ძლიერი საქართველო − ლელო“.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
სისხლის სამართლის საქმეები
გარდა ამისა, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მათი უმრავლესობა ამ სამ პარტიას წარმოადგენს. მათ ნაწილს ედავებიან საბოტაჟს, ნაწილს ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.
სისხლის სამართლის საქმე აღძრეს:
- მიხეილ სააკაშვილის („ნაციონალური მოძრაობა“) წინააღმდეგ - სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით;
- ზურა ჯაფარიძისა („კოალიცია ცვლილებისთვის“) და გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) წინააღმდეგ - საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ელენე ხოშტარიას („კოალიცია ცვლილებისთვის“) წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა), უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა (319-ე - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა) და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან მხარდაჭერის (321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - 6-დან 10 წლამდე პატიმრობა) მუხლებით;
- ნიკა გვარამიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), ნიკა მელიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), მამუკა ხაზარაძისა („ლელო - ძლიერი საქართველო“) და ბადრი ჯაფარიძის („ლელო - ძლიერი საქართველო“) წინააღმდეგ - საბოტაჟის (318-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2-დან 4 წლამდე პატიმრობა) მუხლით.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერგადალახული მეოთხე ოპოზიციური პარტიის („გახარია საქართველოსთვის“) თავმჯდომარის, გიორგი გახარიას წინააღმდეგაც. მას ედავებიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მუშაობის დროს ორი გადაწყვეტილების მიღებას:
- 20 ივნისის ეპიზოდი - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი];
- „ჩორჩანის საგუშაგოს“ აშენების ეპიზოდი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი].
გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. მას ქართულმა სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა (აღკვეთის ღონისძიებად) პატიმრობა.
პატიმრობაში იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები: ელენე ხოშტარია და ნიკა მელია.
ფორუმი