„ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული...
შეურიგდით საკუთარ ხალხს, ახალგაზრდებს და გაათავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე“, - თქვა შალვა კერესელიძემ.
მაღაროელები პატიმრობაში
2025 წლის 29 აპრილს პოლიციამ ჭიათურაში ოთხი მაღაროელი დააკავა. შსს-ს პრესსამსახურის იუწყებოდა, რომ დაკავებულებს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას.
გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება).
სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მათ პატიმრობა მიუსაჯა:
- მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
- გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
- თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
- არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.
განაჩენის გამოცხადებისთვის ქუთაისში ჩავიდნენ დემონსტრანტების თანამოაზრეები, რომლებმაც სხდომის შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
მაღაროელების პროტესტი
მაღაროელები დააკავეს საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
- საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.
- იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.
- ამ პროტესტმა მარტში დროებით თბილისში გადმოინაცვლა.
- აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.
მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ სხვა რამდენიმე მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.
ფორუმი