Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჭიათურაში აქციებისას დაკავებულ მაღაროელებს


ჭიათურელი მაღაროელები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამართალდამცავების გარემოცვაში. არქივის ფოტო. ავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი
ჭიათურელი მაღაროელები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამართალდამცავების გარემოცვაში. არქივის ფოტო. ავტორი: ვაკო ნაცვლიშვილი

4 და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჭიათურაში მაღაროებთან მიმდინარე აქციების მონაწილე მაღაროელებს.

გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა დღეს, 20 იანვარს, გამოაცხადა. გადაწყვეტილების თანახმად, მაღაროელებისთვის გამოტანილი საპატიმრო სასჯელი ასეთია:

  • მერაბ სარალიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • გიორგი ნეფარიძე - 6 წელი და 3 თვე;
  • თენგიზ გველესიანი - 4 წელი და 3 თვე;
  • არჩილ ჭუმბურიძე - 4 წელი და 3 თვე.

განაჩენის გამოცხადებისთვის ქუთაისში ჩავიდნენ დემონსტრანტების თანამოაზრეები, რომლებმაც სხდომის შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. სასამართლო ამ დრომდე გრძელდებოდა. ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვები 12 და 16 იანვარს წარმოთქვეს.

სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.

მაღაროელები დააკავეს საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

  • საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს.
  • იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.
  • ამ პროტესტმა მარტში დროებით თბილისში გადმოინაცვლა.
  • აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ სხვა რამდენიმე მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG