გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადების გამო გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ რუსეთის მხრიდან უკვე ვარ გასამართლებული უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო და რუსულმა სასამართლომ 6,5 წლით პატიმრობა მომისაჯა“, - ამბობს ბარამიძე.
რაც შეეხება აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ განცხადებას, ბარამიძის თქმით, ხელისუფლებამ მისი სიტყვების თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინა.
„(ინტერვიუში) ვლაპარაკობდი იმაზე, რაც ხდებოდა ომის დაწყების პირველ დღეებსა და კვირებში - იმ სირთულეზე, რაც გვქონდა ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით. რა არის მაგაში გასაკვირი, რომ ომის დროს გამწარებულმა, დედამოკლულმა და უბედურებაგადატანილმა ადამიანმა მტერს ესროლოს?! ომი იმიტომ არის ცუდი, რომ ადამიანი ადამიანს კლავს. რეჟიმმა და პროპაგანდამ ისე მონათლეს ჩემი განცხადება, თითქოს ჩვენ აგვყავდა ტყვეები და მერე ვხვრეტდით. ეს აბსოლუტურად არ მითქვამს და არ შეესაბამება სინამდვილეს. უბრალოდ, არ აჰყავდათ ჩვენებს ტყვეები, იმიტომ რომ მტერი იყო, მტრად მიაჩნდათ და იმ პერიოდში საჭიროდ არ მიიჩნევდნენ აყვანას“, - ამბობს ბარამიძე.
მისივე თქმით, საუბარი არ ყოფილა „რეგულარულ ქართულ ჯარზე ან, მით უმეტეს, სახელმწიფო პოლიტიკაზე“.
„მაგალითად, ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც მე ვიყავი, ჩვეულებრივი მოხალისეები იყვნენ. ასევე იყო არაფორმალური გაერთიანება „მხედრიონი“. პირველ დღეებში ქაოსი იყო - ეს არის სიმართლე“, - აცხადებს ბარამიძე.
რაც შეეხება ომის შემდგომ პერიოდს, პოლიტიკოსი იხსენებს, რომ ტყვეთა გაცვლაში პირადად მონაწილეობდა.
„ინტერვიუში ვთქვი, რომ მე და ჩემს მოადგილეს, პაატა ზაქარეიშვილს, 200 ტყვე გვყავს გათავისუფლებული. როგორ გავათავისუფლებდით იმ 200 ტყვეს, თუ ჩვენი მხარის მიერ დაკავებულ ტყვეებში არ გავცვლიდით?! რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავდა ტყვეები შემდგომ პერიოდში“, - დასძინა ბარამიძემ.
რას ედავებიან ბარამიძეს?
ორი კვირის წინ YouTube-ში გამოქვეყნდა გადაცემა „საქართველოს დაბადების“ მორიგი ეპიზოდი, რომლის სტუმარიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე. 18 ივლისს განთავსებული გადაცემის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას შეეხებოდა, მან ასეთი რამ თქვა:
„პირველი ტყვეები რომ ჩავარდნენ ჩვენი, გაგრა რომ დაეცა, მეფარიშვილის ბატალიონი ერქვა, იბრძოლეს ბოლომდე ბიჭებმა, უბრალოდ, ტყვია-წამალი დაუმთავრდათ და 45 კაცი ჩავარდა ტყვედ.
ვთქვი, რომ წავალ სოხუმში და იქ ვიღაცას დავუკავშირდე „წითელი ჯვარის“ მეშვეობით, იქნება დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ის ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი "წითელი ჯვრის" დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში...
შევედი, ვთქვი: „გამარჯობა, გიორგი ბარამიძე ვარ, პარლამენტის წევრი და აი, გიპოვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოგიყვანოთ და ყველანი გამოვიყვანეთ...“
მისი ნათქვამის ეს ფრაგმენტი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც მას აკრიტიკებდნენ, არ მოხვდა.
გადაცემის მიღმა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იწყება სიტყვებით, რომლებიც მანამდე ნათქვამის გაგრძელებაა: „მაგრამ აღარ გვაძლევდნენ ტყვეებს და ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“.
ამ დროს გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკოსმა იაგო ხვიჩიამ იკითხა - „რატომ?“
გიორგი ბარამიძემ მას უთხრა, რომ „ხვრეტდნენ [ჩვენები]“.
- წამყვანი: „რატომ იყო ეს აუცილებელი?“
- ბარამიძე: „აუცილებელი არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია..."
- წამყვანი: „იქითა მხრიდანაც ხომ იგივე ხდებოდა?“
- ბარამიძე: „იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა და ისინი იყვანდნენ ტყვეებს“.
„პროკურატურა გადააქცია რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტად“ - „ნაციონალური მოძრაობა“
პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას „ცილისმწამებლური და აბსურდული საქმე“ უწოდეს "ნაციონალურ მოძრაობაში". მათი შეფასებით, „ეს შეთითხნილი საქმე კიდევ ერთი დასტურია ამ რეჟიმის რუსული ბუნების“:
„გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში.
სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში ამართლებდნენ რუსეთის ინტერესებს, აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ“.
აფხაზეთის ომის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. წელს 34 წელი შესრულდება.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.
საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.
აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.
დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
ფორუმი