ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება.
„ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მეომრის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სახელმწიფო ბრალდების პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ ბარამიძეს დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამომძიებლების ვერსიით, ბარამიძე 2022 წლის თებერვალში დაქირავებული მებრძოლის რანგში ჩავიდა უკრაინაში, სადაც ქართულ ეროვნულ ლეგიონს შეუერთდა. ირწმუნებიან, რომ ბარამიძემ გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც 2022 წლის აპრილამდე რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ანაზღაურება 238 000 რუბლს აღემატებოდა.
რუსეთის გენერალურ პროკურატურის თანახმად, ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
ბარამიძემ მანამდე რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ არასოდეს დაუმალავს, რომ კიევში იმყოფებდა და ამით ამაყობს კიდეც.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა გიორგი ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნაც გამოაცხადა, ის არ გამორიცხავს გადაადგილებისას გარკვეული დისკომფორტის შექმნას.
გასული წლის თებერვალში გამოცემა "მედიაზონამ" გამოაქვეყნა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა ქვეყნის ძებნილი მოქალაქეების სია - მათ რუსეთი „უცხოელი დაქირავებულების“ სტატუსით ეძებდა. აქედან ყველაზე დიდი ჯგუფი, 100 ძებნილი, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგებოდა.
ფორუმი