Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის გათიშვა 25 ივლისს „იმერეთს“ და „ენგურჰესს“ უკავშირდება - სემეკის პირველადი შეფასება

ფოტო არქივიდან - ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“
ფოტო არქივიდან - ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკი) ავარიული გათიშვებისა და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელების მიზეზების დადგენაზე მუშაობას აგრძელებს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე 25 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს, საუბარი შეეხო „ენგურჰესის“ შესაძლო არასწორ რეაგირებას.

25 ივლისის ქრონოლოგია

წინასწარი ინფორმაცია სემეკის სხდომაზე კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე აფრიაშვილმა წარმოადგინა.

  • სემეკის მონაცემებით, 25 ივლისს, 24 ივლისის მსგავსად, საქართველოს ელექტროსისტემა პარალელურ რეჟიმში მუშაობდა აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან.
  • ამ კავშირის გაწყვეტა დილით, 07:55 საათზე მოხდა.
  • საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის რყევები.
  • შემდეგ დაიწყო როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლების „კასკადური გამორთვები“.
  • ამას საბოლოოდ მოჰყვა ელექტროსისტემის სრული ჩაქრობა.

ავარიის ერთ-ერთ მთავარ გარემოებად 500-კილოვოლტიანი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის, „იმერეთის“ ავარიული გამორთვა სახელდება. თუმცა ამას მთელი ქვეყნის ჩაქრობა არ უნდა გამოეწვია.

სემეკის განმარტებით, „იმერეთზე“ დამონტაჟებულია სწრაფმოქმედი დაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დაზიანებული გადამცემი ხაზის ორივე მხრიდან „თითქმის ნულოვან დროში გამორთვა“.

„გამოიკვეთა, რომ რელეური დაცვის ავტომატიკამ იმუშავა არასწორად და დაგვიანებულად. აღნიშნულის მიზეზებს სწავლობს ჯგუფი“, - თქვა აფრიაშვილმა.

გადამცემი ხაზი „იმერეთი“ ერთმანეთთან აკავშირებს „ენგურჰესს“ და ქვესადგურ „ზესტაფონი-500-ს”. ხაზის სიგრძე 128 კილომეტრია და ის 388 ანძას მოიცავს.

რატომ გაითიშა „იმერეთი“?

გადამცემი ხაზი „იმერეთი“ კომპანია „საქრუსენერგოს“ საკუთრებაშია, რომელშიც 50%-იან წილს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, დანარჩენს კი - რუსეთი.

სემეკის ინფორმაციით, „საქრუსენერგოს“ წარმომადგენლებმა გათიშვის შემდეგ „იმერეთი“ დაათვალიერეს, თუმცა დაზიანების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

„იმერეთი“ იმავე დღეს, 18:39 საათზე ჩაირთო.

გათიშვის მიზეზი ამ დროისთვის არ სახელდება.

მანამდე, 24 ივლისს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, სემეკში ითქვა, რომ ავარია გადამცემ ხაზ „გეგუთის“ გათიშვით დაიწყო, რომელიც კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა.

რატომ გაითიშა „ენგურჰესი“?

სემეკის სხდომაზე სისტემური ავარიის დროს საქართველოში ყველაზე დიდი ელექტროსადგურის - „ენგურჰესის“ - შესაძლო არასწორ რეაგირებაზე ისაუბრეს.

„როდესაც პარალელური კავშირი დაიკარგა აზერბაიჯანთან, სიხშირისა და ძაბვის რეგულირების ტვირთი უნდა აეღო იმ მომენტში სისტემაში ჩართულ ელექტროსადგურებს. „ენგურჰესის“ აგრეგატების როგორც სიხშირის, ისე ძაბვის რეგულირების არასწორმა მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ენერგოსისტემაში სიხშირისა და ძაბვის რყევები, რაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 24 და 25 ივლისს სასისტემო ავარიების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ძაბვის ავტომატური რეგულირების არასწორ მოქმედებას“, - თქვა აფრიაშვილმა.

„ენგურჰესი“ - ფოტო არქივიდან
„ენგურჰესი“ - ფოტო არქივიდან

სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ორ „ბლექაუთამდე“, მიმდინარე წლის 4 ივლისს, „ენგურჰესის“ ჰიდროაგრეგატებზე ძაბვის ავტომატური რეგულირების ხარვეზები დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით ელექტროსისტემამ 10 ივლისს „ენგურჰესს“ წერილი გაუგზავნა.

„ჩვენ 10 ივლისს მივწერეთ წერილი და ეს წერილი არსებობს - „ენგურჰესში“ სსეს მიერ გაგზავნილი - რომ ჩვენი დეტექტორების მიერ დაფიქსირდა მოკლე ჩართვის დროს სამი აგრეგატის ძაბვის ავტომატური რეგულირების უწესრიგობის შემჩნევა და ამაზე „ენგურჰესს“ უნდა მოეხდინა რეაგირება“, - თქვა სხდომაზე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ მიქაიამ.

მისივე თქმით, „სემეკის წინასწარი შედეგები „ჩირქს სცხებს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ - ხდება მისი „არაკომპეტენტურ და უუნარო ორგანიზაციად წარმოჩენა“.

განხილვას „ენგურჰესის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. სემეკის ინფორმაციით, ისინი ელექტროსისტემის წარმომადგენლებთან ერთად ამოწმებენ და ტესტავენ ძაბვის ავტომატური რეგულირების სისტემას. პროცესში ერთვებიან უცხოელი სპეციალისტებიც.

რადიო თავისუფლება „ენგურჰესის“ ხელმძღვანელ ლევან მებონიას დაუკავშირდა, თუმცა სემეკის წინასწარ შეფასებაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ელექტროსისტემის პოზიცია

ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ტექნოლოგიური დარღვევების მოკვლევა, განაცხადა სემეკის სხდომაზე ოპერატიული რეჟიმებისა და დისპეტჩერიზაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) დირექტორმა გიორგი ამუზაშვილმა.

„მას შემდეგ, რაც ყველა მიმართულებით ჩატარებული ანგარიშები შეჯერდება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება“, - აღნიშნა მან.

ამუზაშვილმა მეზობელ ქვეყნებში ბოლო დღეებში დაფიქსირებულ ავარიებზეც ისაუბრა და დაამატა, რომ „მსგავსი მოვლენებისგან დაზღვეული არცერთი ენერგოსისტემა არ არის”:

მისი თქმით, 30 ივლისს რუსეთის გაერთიანებულ ქსელში მოკლე ჩართვა მოხდა; იმ მომენტში საქართველო რუსეთის სისტემასთან პარალელურ, სინქრონულ რეჟიმში იყო და „პროცესში ჩართული იყო აზერბაიჯანიც“; მოკლე ჩართვამ სისტემური პროცესები გამოიწვია, თუმცა „მდგომარეობა დროულად დასტაბილურდა“.

4 აგვისტოს დილით პრობლემა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ქსელიდან; „ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, შეშფოთება რუსეთის მხარეს იყო თუ აზერბაიჯანის“.

სუსის გამოძიება

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ უწყება თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც (სუსი), რომელშიც მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, თუმცა გამოკითხვაზე თავად არ ყოფილა.

დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე
დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე

რაც შეეხება სემეკის საბოლოო დასკვნას, მისი გამოქვეყნების ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

„ყველა უწყება, ყველა პირი წარმოადგენს თავის მოსაზრებებს, ინფორმაციას, რომელიც გაანალიზდება. ამ უამრავ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ზუსტად მილიწამებში მომხდარი ავარიის შესახებ გააკეთებს ტექნიკურ შეფასებას და ეს არ არის ადვილი“, - თქვა ნარმანიამ.

  • 24 და 25 ივლისს თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
  • ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენდირექტორი ვანო ზარდიაშვილი - ის შვებულებაში გავიდა, ხელმძღვანელის მოვალეობას კი ასრულებს დავით ვარდიაშვილი, რომელიც უწყებაში, გათიშვების შემდეგ, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან“ მივიდა.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG