სსე-ს გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ პოსტს ოფიციალურად დატოვებს.
სსე-ში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ გენერალური დირექტორის შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის „მოვალეობას დავით ვარდიაშვილი ასრულებს“.
ვარდიაშვილი ელექტროსისტემაში გენდირექტორის მოადგილედ ავარიების შემდეგ დაინიშნა, მანამდე ის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ედგა სათავეში.
ავარიის სავარაუდო მიზეზები - სემეკ-ის დასკვნა
ორი ე.წ. „ბლექაუთის“ მიზეზებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია (სემეკ) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვლევენ.
ვანო ზარდიაშვილის გადადგომის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც სემეკ-ში „სისტემური ავარიის შესწავლის პირველადი შედეგები“ წარადგინეს.
კომისიის წინასწარი შეფასებით, 24 ივლისს მომხდარის ქრონოლოგია ასეთია:
- გაითიშა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“;
- ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან იყო დაკავშირებული;
- „გეგუთის“ გათიშვის შემდეგ საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემას გამოეყო;
- ქვეყნის ენერგოსისტემა იზოლირებული დარჩა, რასაც სიხშირისა და ძაბვის ვარდნა მოჰყვა;
- დაიწყო ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების კასკადური გამორთვები და ქვეყანა სრულად ჩაბნელდა.
ამ ეტაპზე მარეგულირებელი კომისია საგანგებო ავარიაზე პასუხისმგებლობას ელექტროსისტემას აკისრებს:
„საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა არ უნდა დალოდებოდა ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის“.
ვანო ზარდიაშვილს სემეკ-ის დასკვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია, სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა კი შეფასებას „ტენდენციური“ უწოდა.
„ენერგო-პრო ჯორჯიაში“, რომლის საკუთრებაა გადამცემი ხაზი „გეგუთი“, თქვეს, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს მეზობელ ქვეყანასთან კავშირის დაკარგვა, საქართველოს ავტონომიურ რეჟიმში გადასვლა და ქვეყნის სრული ჩაბნელება.
სემეკ-ში 24 ივლისს მომხდარი ავარიის მიზეზებზე მსჯელობა 4 აგვისტოს გაგრძელდება, ამავე სხდომაზე იმსჯელებენ ავარიის განმეორებაზე მეორე დღეს - 25 ივლისს.
„არ უნდა ხდებოდეს ასეთი ავარია, როდესაც ქვეყნის გენერაცია ივნისსა და ივლისში თვითკმარია და გარედან ელექტროენერგიის შემოტანა არ გვჭირდება. თუმცა გარკვეულ პრობლემასა და ავარიულ საშიშროებას ქმნის ის, რომ ჰიდროელექტროსადგურების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოშია კონცენტრირებული“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ენერგეტიკოსი გია არაბიძე, რომლისთვისაც გათიშვის მიზეზები სემეკის წინასწარი დასკვნის შემდეგაც ბუნდოვანი რჩება.
„სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2024 და 2025 წლების ანგარიშები ოფიციალურ საიტზე არ გამოუქვეყნებია. 2023 წლის ანგარიშიდან კი ირკვევა, რომ „სრული ჩაქრობა“ საქართველოში 2015-2023 წლებში არ მომხდარა, 2021-2023 წლებში არ ყოფილა არც „ნაწილობრივი ჩაქრობა“.
ამ დროისთვის უცნობია სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების წინასწარი შედეგები. უწყებას შესწავლის დაწყებიდან გასული 9 დღის განმავლობაში განმარტება აღარ გაუკეთებია.
ვანო ზარდიაშვილის გზა პოლიტიკიდან ენერგეტიკაში
43 წლის იურისტი ვანო ზარდიაშვილი 2016-2019 წლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. მან პარლამენტი ეკა ბესელიასთან ცნობილი დაპირისპირების შემდეგ დატოვა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემას უკავშირდებოდა.
„ის სასამართლო „კლანის” ერთ-ერთი დასაყრდენი იყო… ფარულად მოქმედებდა, მე კი ბევრ უკანონო მოქმედებაში ვამხილე“, - ეუბნება დღეს რადიო თავისუფლებას ეკა ბესელია წლების წინ მომხდარ კონფლიქტზე და ამატებს, რომ „მას [ენერგეტიკაში] არც გამოცდილება, არც განათლება, არც ცოდნა, არც კომპეტენცია არ ჰქონდა“.
პარლამენტში მომხდარის შემდეგ ზარდიაშვილი, „ოცნების“ სხვა ყოფილი დეპუტატების მსგავსად, მაღალანაზღაურებად ენერგეტიკის სექტორში დაასაქმეს.
ზარდიაშვილი ჯერ შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, „სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ მისი შერწყმის შემდეგ უწყების დირექტორად დაინიშნა იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2025 წელს ის უკვე კომპანიის გენერალურ დირექტორად დააწინაურეს.
ზარდიაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა სსე-ში 2024 წელს 154 ათას ლარს, ხოლო 2025 წელს 215 ათას ლარს გადააჭარბა (თვეში თითქმის 18 ათასი). ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზარდიაშვილი თბილისში მხოლოდ ავტოფარეხს ფლობს, ოჯახში ქონების ძირითადი ნაწილი, ბინები და კომერციული ფართები კი მის მეუღლეს თინათინ აბრალავას ეკუთვნის.
აბრალავა 2015 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსია.
„ელექტროსისტემაში შეეშალა რაღაც ზარდიაშვილს თუ ზოგადად მიადგნენ მდინარაძის კადრებს, ეს ცოტა ხანში გამოჩნდება“, - გვეუბნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე, რომელიც აბრალავას ნათესაურ კავშირზე ოცნების ერთ-ერთ ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან ჯერ კიდევ 2018 წელს საუბრობდა.
ენერგეტიკის სექტორს კი დოლიძე „დიდ, გაუმჭვირვალე, კორუმპირებულ სფეროს“ უწოდებს.
ზარდიაშვილის წასვლას დაემთხვა თავად მამუკა მდინარაძის თანამდებობრივი ცვლილებაც - 29 ივლისს უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი დატოვა.
ვიცე-პრემიერის პოსტისა და მთავრობაში რეგიონული განვითარების მიმართულების შენარჩუნების მიუხედავად, ცვლილება მდინარაძის ჩამოქვეითებად შეფასდა.
პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე სფერო
„უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა… მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილზე“, - უთხრა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 3 აგვისტოს და დაამატა, რომ თანამდებობაზე ზარდიაშვილის ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტილებას „უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო იღებს“.
ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს სემეკის და სუს-ის საბოლოო დასკვნები, პრობლემა მხოლოდ საკადრო ცვლილებით არ გადაიჭრება. მაგალითად, ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დარგი პოლიტიკური ზეგავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ის ირწმუნება, რომ „სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ „უამრავი კვალიფიციური თანამშრომელია წასული; ნაკლებად კვალიფიციური კადრების დანიშვნასთან ერთად კი ხელისუფლება „საოპერაციო საქმეებშიც ერევა“.
„ამ დარგს სჭირდება სხვანაირი მიდგომა და მართვა, ეს სახელმწიფოებრივი საქმეა და არა პარტიული“, - ამბობს მარგველაშვილი.
დავით ვარდიაშვილი - დროებითი კადრი თუ არა?
ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა დავით ვარდიაშვილი სსე-ს გენდირექტორის თანამდებობას, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ პოსტზე სხვა კანდიდატურას შეარჩევს.
ვარდიაშვილს, ზარდიაშვილისგან განსხვავებით, ენერგეტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს (მათ შორის „ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და „თელეთის ნავთობის კომპანიაში“). 2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2017-2018 წლებში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.
ფორუმი