Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გადავრჩი დამტვრევას" - რა ხდება თბილისის მოყინულ ტროტუარებზე


მოქალაქეები საკუთარი ძალებით წმენდენ ქუჩას თოვლისგან. ბაგები. 21 იანვარი, 2026 წელი
მოქალაქეები საკუთარი ძალებით წმენდენ ქუჩას თოვლისგან. ბაგები. 21 იანვარი, 2026 წელი

მოკლედ

  • თბილისში მოყინული ტროტუარები ქვეითებს აიძულებს, მანქანების სავალ ნაწილზე გადავიდნენ.
  • მოყინულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების ნაწილიც.
  • თბილისელები სოციალურ ქსელებში ბრაზობენ და "თბილსერვისს" დაგვიანებისთვის აკრიტიკებენ.
  • ზოგი კი ყინულის საფარს სახლებთან თავად და მეზობლების დახმარებით ფხეკს.

რაც თოვამ გადაიღო და ღამით და დილის საათებში ყინვამ დაიჭირა, თბილისში ტროტუარები განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

გაჩერებები, კორპუსებისა და ეზოების მახლობლად, ქვეითების სავალი გზა სქელი ყინულითაა დაფარული და ამ მეტეოროლოგიურ პირობებში მათ დნობას, განსაკუთრებით ჩრდილიან ადგილებში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 22 იანვარი, 2026 წელი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 22 იანვარი, 2026 წელი

იმის შიშით, რომ მოყინულ ტროტუარებზე არ მოსრიალდეს, ხალხი მანქანების სავალ ნაწილზე დადის და ახალ საფრთხეს ქმნის თავისთვისაც და მძღოლებისთვისაც.

პოლიტკოვსკაის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები მანქანის სავალ ნაწილზე დადიან, რადგან ტროტუარზე ყინულია. 22 იანვარი, 2026 წელი
პოლიტკოვსკაის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები მანქანის სავალ ნაწილზე დადიან, რადგან ტროტუარზე ყინულია. 22 იანვარი, 2026 წელი

ქუჩაზე მოსიარულეებს შორის აღმოვჩნდი მეც - ტროტუარზე „ფეხის მოკიდება“ და თან ფოტოების გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა.

შავიშვილის ქუჩა, 35-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 22 იანვარი, 2026 წელი
შავიშვილის ქუჩა, 35-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 22 იანვარი, 2026 წელი

იმის გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიც მოყინულია, რამდენიმე ავტობუსს შუა გზაზე მოუწია გაჩერება, მგზავრებს კი ყინულზე გადასვლა.

ავტობუსის გაჩერება, ვაჟა-ფშაველას გამზირი. 22 იანვარი, 2026 წელი
ავტობუსის გაჩერება, ვაჟა-ფშაველას გამზირი. 22 იანვარი, 2026 წელი

რას ამბობენ, იღებენ და წერენ ფეხით მოსიარულეები?

“ხომ არ იცით, ვის ან სად უნდა მივმართოთ, რომ ქუჩები გაიწმინდოს მე-7 კვარტალში. საშინლად ცურავს ფეხი. შიშით გავედი აფთიაქამდე, 9 თვის ორსული. ორი ადამიანი ჩემს თვალწინ დავარდა“...

„დღეს ნუცუბიძეზე სამჯერ გადავრჩი დამტვრევას, საშინელება ხდება ტროტუარებზე“.

„ტროტუარზე ვეღარც ავდივარ, ტროტუარამდე თოვლის გროვაა. მიწევს მანქანის სავალ გზაზე სიარული“...

„გაჩერებამდე და მაღაზიამდეც გვიჭირს გამოსვლა“, - წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

პოლიტკოვსკაიას ქუჩა. 22 იანვარი, 2026 წელი
პოლიტკოვსკაიას ქუჩა. 22 იანვარი, 2026 წელი

„თქვენი ძალებით ხომ არ გიცდიათ მაღაზიის წინ ყინულის აღება?“ - ვკითხეთ ერთ-ერთი ქსელური სუპერმარკეტის თანამშრომელს, საბურთალოზე. ამ მაღაზიაში შესასვლელად ან შენობის კედელს უნდა აეკრათ და ასე, კედელ-კედელ შეხვიდეთ, ან უმჯობესია, საერთოდ გადადოთ მაღაზიაში შესვლა:

„ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება, არც საჭირო ტექნიკა გვაქვს. როცა იქნება, გადნება ყინული“, - გვიპასუხა მარკეტის წარმომადგენელმა.

დიალოგში ჩაერთო კაცი, რომელიც თვლიდა, რომ კერძო საკუთრების წინ ტროტუარები მფლობელებმა უნდა გაწმინდონ: „აბა, ის არის კარგი, შემოსვლას რომ ვეღარ ვახერხებთ? ელემენტარულად, შესასვლელი კარის წინ ტერიტორიის მოსუფთავება ხომ მაინც შეიძლება?“

მოყინული გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალი. 22 იანვარი, 2026 წელი
მოყინული გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალი. 22 იანვარი, 2026 წელი

„რაღა ვქნა? რომ მცოდნოდა, ამ დღეში იყო აქაურობა, არ გამოვიდოდი სახლიდან“, - წუხს 70 წლამდე ქალი, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მოყინულ ტროტუარზე დგას და ვეღარ ახერხებს ვერც წინ და ვერც უკან წასვლას. სიარულს ნელ-ნელა, ფეხების ცურვით იწყებს.

მისგან განსხვავებით, ვაჟა-ფშაველაზე, არ გაუმართლა შუა ასაკის კაცს, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა, ტროტუარიდან ფეხი ჩაუსრიალდა და წაიქცა - ტრავმას გადაურჩა.

მოყინული ტროტუარი. 22 იანვარი, 2026 წელი
მოყინული ტროტუარი. 22 იანვარი, 2026 წელი

ხათუნა ძალამიძემ ეს ვიდეო ვაზისუბნიდან გამოგვიგზავნა.

მოყინული შიდა ეზო ვაზისუბანში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:47 0:00

თორნიკე რაზმაძე ჩუღურეთის რაიონიდან ცდილობდა გამოღწევას 22 იანვრის დილას. მისი მცდელობები გარე სამეთვალყურეო კამერამ დააფიქსირა.

მოყინული გზა ჩუღურეთში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგნენ მშობლები, რომლებსაც შვილები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაჰყავთ. სქელი ყინულითაა დაფარული იქამდე მისასვლელი გზებიც, რის გამოც, მშობლებს უწევთ, რომ ბავშვები ხელში აიყვანონ და ისე მივიდნენ შენობებამდე:

„მე მანქანით მივდივარ და მხოლოდ ეზოში მიწევს ფეხით შესვლა, 10 წუთი მჭირდება, რომ შენობამდე მივიდე, გუშინ კინაღამ სამჯერ წავიქეცი ბავშვიანად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ლუკავა, რომელსაც შვილი გლდანში, 216-ე საბავშვო ბაღში დაჰყავს. ამბობს, რომ მშობლები ვერც მერიას ვერ უკავშირდებიან და ვერც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს:

216-ე საბავშვო ბაღი, გლდანი
216-ე საბავშვო ბაღი, გლდანი

„ამ მდგომარეობაშია, მაგალითად, 190-ე ბაღიც. ვისაც მანქანა არ ჰყავს, ავტობუსის გაჩერებიდან უწევს ბავშვის ჩაყვანა ბაღამდე, მთელი გზა მოლიპულია, მშობლები ძლივს დავდივართ. მშობელს უწევს ბავშვის ხელში აყვანა ან ეტლით გადაადგილება, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის როგორც ბავშვს, ისე მშობელს, მაგრამ არავინ გვპასუხობს“, - გვეუბნება თამარ ლუკავა.

რას პასუხობს "თბილსერვისი" მოქალაქეებს?

"დილას დავრეკე და ღამის 11-ზე მოვიდნენ, ვხედავ, რომ მუშაობენ"...

"უკვე რამდენჯერმე დავრეკე, ჯერ არ გამოჩენილან", - წერენ სოციალურ ქსელში ის მოქალაქეები, რომლებმაც მოყინული ტროტუარების გასასუფთავებლად "თბილსერვისის" "ცხელ ხაზზე" დარეკეს.

„თბილსერვისში“, ანუ იმ უწყებაში, რომელსაც დედაქალაქში საერთო სარგებლობის გზების, ქუჩებისა და ეზოების გაწმენდა ევალება, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ სამანქანე გზების „პრობლემა მოგვარებულია“ და „ნელ-ნელა გადადიან“ შიდა გზებზე.

„თბილსერვისის“ პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობამ პრობლემის შესახებ მერიისა და "თბილსერვისის" "ცხელ ხაზზე" უნდა დატოვოს შეტყობინება ტელეფონებზე: 032 2 72 22 22 ან 032 2 61 90 50.

„ვწმენდთ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიებს, ეზოებს. უნდა დარეკონ "ცხელ ხაზზე", შეგვატყობინონ და როგორც მოვახერხებთ, იმის მიხედვით იქნება რეაგირება, ან მარილი დაიყრება, ან იმუშავებენ ნიჩბებით. აუცილებელია დააფიქსირონ პრობლემის შესახებ, რადგან გვქონდეს ინფორმაცია.

ამ ეტაპზე, გაწმენდილია ყველა სამანქანე გზა, ახლა გადასული ვართ ფეხით სავალ ნაწილებზე, ტროტუარებზე, გაჩერებებზე, ჩიხებზე, ისეთ ადგილებზე, სადაც მარილი არ დაგვიყრია და მზე ვერ ადნობს ყინულს“.

20 იანვარს "თბილსერვისის" საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ "მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ".

22 იანვარს გამოქვეყნებულ ცნობაში კი წერია, რომ "დედაქალაქში და მის შემოგარენში საგზაო ინფრასტრუქტურის, ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდა-დასუფთავება სრულდება".

ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება.

მაგდა პოპიაშვილმა და მისმა სამეზობლომ საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის ყინულისგან გასუფთავება.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ „თბილსერვისთან“ დაკავშირება არც უცდიათ, რადგან გზის ნაწილი კორპუსის ე.წ. წითელ ხაზებშია მოქცეული. ხოლო მუნიციპალიტეტის გზის დარჩენილი ნაწილის გასუფთავება, მისი თქმით, სავარაუდოდ, პრიორიტეტი არ იქნებოდა და მათ ვერ დაელოდებოდნენ:

ბაგები. 21 იანვარი, 2026 წელი
ბაგები. 21 იანვარი, 2026 წელი

„ამიტომ თავად დავაორგანიზეთ ჯგუფი, ვიყიდეთ ტექნიკური მარილი და ჩვენი კორპუსიდან წყნეთის გზატკეცილამდე ჯერ მოვაყარეთ და მერე ნიჩბებით ისე გავწმინდეთ, „თბილსერვისს“ შეშურდებოდა. ზოგადად, მგონია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები იმისთვის არსებობს, რომ ის, რისი გაკეთებაც თავად შეუძლიათ და მათსავე უფლებამოსილებაშია, თავადვე აკეთონ და საჯარო უწყებებს არ უნდა ელოდონ“, - ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ყინულზე დაცემის გამო დაშავებულთა შესახებაც. გაიზარდა თუ არა კლინიკებში მიმართვიანობა წინა პერიოდთან შედარებით, ამ ინფორმაციის გადამოწმება არაერთ კლინიკაში, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ვცადეთ.

სასწრაფო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ სტატისტიკური მონაცემები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრინციპით უნდა მოვითხოვოთ და პასუხს 10 სამუშაო დღეში მივიღებთ.

რაც შეეხება ცალკეულ კლინიკებს, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში მიმართვიანობა არ გაზრდილა.

„ნიუ ჰოსპიტალში“ ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის მოსაძიებლად, ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში თითოეული შესული პაციენტის შესახებ უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, ამის უფლება იურიდიული სამსახურისგან უნდა მიიღონ, რასაც დამატებითი დრო სჭირდება.

22-23 იანვრის ღამეს თბილისში ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. 23 იანვარს, სინოპტიკოსები თბილისში 4 გრადუს სითბოს ვარაუდობენ. ყინვა იქნება შაბათ ღამესაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG