გამოცემა „ფონტანკა“ წერს, რომ ბლოგერი ილია რემესლო სანქტ-პეტერბურგში, სკვორცოვ-სტეპანოვის სახელობის N3 ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოს საინფორმაციო სამსახურში გამოცემას დაუდასტურეს, რომ ამ სახელისა და გვარის პაციენტისთვის ამანათის გადაცემა შესაძლებელია კვირის ორ დღეს - შაბათსა და ოთხშაბათს. „ფონტანკის“ ცნობით, რემესლო აქამდე ფსიქიატრების ყურადღების არეალში არასოდეს მოხვედრილა.
ილია რემესლოს პეტერბურგის N3 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ დაწერა ასევე ომის მომხრე Z-ბლოგერმა ალექსანდრ კარტავიხმა.
„რევოლუცია ჩაიშალა, ლიდერი საგიჟეშია. ბრიტანეთის დაზვერვას მორიგ ჯერზე არ გამოუვიდა რუსეთის განადგურება..“, — ციტირებს კარტავიხს Telegram-არხი „ხოლოდი“ („Холод“).
17-18 მარტს ილია რემესლომ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის ყოფილმა წევრმა და იურისტმა, რომელიც ადრე ცნობილი იყო ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრებით, მოულოდნელად დაიწყო ვლადიმირ პუტინის კრიტიკა. რემესლომ Telegram-ში გამოაქვეყნა პოსტების სერია, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, გააკრიტიკა უკრაინაში ომი და მოითხოვა პუტინის - როგორც არალეგიტიმური პრეზიდენტის - გასამართლება.
ვინ არის ილია რემესლო
ილია რემესლო — რუსი იურისტი, პუბლიცისტი, Z-ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე, დაიბადა 1983 წლის 5 სექტემბერს ლენინგრადში. სახელი რეზონანსულ სამართლებრივ დავებში მონაწილეობითა და საზოგადოებრივი აქტივობით გაითქვა. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი იყო 2017–2023 წლებში. და მაინც, რემესლო საყოველთაოდ ცნობილი გახდა ალექსეი ნავალნის, მისი შტაბებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) წინააღმდეგ ბრძოლით. სწორედ რემესლოს საჩივრის საფუძველზე აღიძრა ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მეორე მსოფლიო ომის ვეტერან იგნატ არტემენკოს ცილისწამების მუხლით. რემესლო აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პროექტებს, რომლებიც მიმართული იყო თავად პუტინისა და „ერთიანი რუსეთის“ წინააღმდეგ, მათ შორის ნავალნის საპრეზიდენტო კამპანიასა და ე.წ. ჭკვიან ხმის მიცემას. ბოლო წლებში რემესლო მუშაობდა პროკრემლურ ტელეარხ RT-ზე და მხარს უჭერდა უკრაინაში ომს.
მრავალი წლის განმავლობაში რემესლო ფედერალური მედიით, როგორც ექსპერტი, თანმიმდევრულად აკრიტიკებდა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს. ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, იურისტი აქტიურად გამოთქვამდა პოზიციას კონფლიქტის საინფორმაციო გაშუქების თემაზე. სამხედრო ბლოგერებს ადანაშაულებდა ოფიციალურ მონაცემებთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებაში და მოუწოდებდა ასეთი პუბლიკაციების სამართლებრივ შეფასებას. ასევე აკრიტიკებდა საჯარო ფიგურებს, რომლებიც „უცხოეთის აგენტებად“ არიან აღიარებული.
ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბერში რემესლო მხურვალედ უჭერდა მხარს პუტინს, აცხადებდა, რომ „100%-ით ენდობა, რადგან მან იცის, რასაც აკეთებს“.
რა შეიცვალა ახლა - 5 მიზეზი
ილია რემესლომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არაერთი კრიტიკული განცხადება გაავრცელა თავისი Telegram-არხით, თუმცა კულმინაციად იქცა ე.წ. ხუთი მიზეზი, რის გამოც, მისი თქმით, შეწყვიტა ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა. აი, რა დაწერა რემესლომ:
1. ომი უკრაინაში.
ომმა, რომელიც დაიწყო როგორც „პოლიციური ოპერაცია“, უკვე მოიტანა, ზუსტად, 1–2 მილიონი მსხვერპლი. 2014 წელს მე მხარი დავუჭირე ყირიმის მიერთებას სწორედ იმიტომ, რომ ის უსისხლო იყო. მაშინ ყველას გვეგონა, რომ პუტინი „რუსული მიწების გამაერთიანებელი“ იყო. ახლა კი აი, სად მივედით — „ხორცის შტურმები“, კონტრაქტორების მოტყუებით მიზიდვა და ბევრი სხვა რამ, რასაც СВО-ს (სვო - „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ - ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში მიმდინარე ომს ) ნებისმიერი მონაწილე დაგიდასტურებთ. ეს სრულიად ჩიხში შესული ომია, უზარმაზარი დანაკარგებით, რომელიც შეიძლება კიდევ 5–10 წელი გაგრძელდეს — მზად ხართ ამისთვის? არავინ მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ, მაგრამ ახლა ეს ომი მხოლოდ პუტინის კომპლექსების გამო მიმდინარეობს. ჩვენ, რიგითი მოქალაქეები, არაფერს ვიღებთ ამ ომისგან, მხოლოდ ვკარგავთ.
2. რუსეთის ეკონომიკისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზარმაზარი ზიანი.
სანქციები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, სავაჭრო პარტნიორების დაკარგვა. ოფიციალური მონაცემებითაც კი ტრილიონობით დოლარია, რომლითაც შეგვეძლო ქალაქების, სკოლების, ბავშვთა საავადმყოფოების აშენება, კომუნალური სისტემის სრულად განახლება. მაგრამ შენდება ძირითადად პრეზიდენტისა და მისი მეგობრების სასახლეები. ომამდეც კი ეკონომიკაში პრობლემები იყო. ასეთ მდიდარ ქვეყანაში ღარიბია ათობით მილიონი ადამიანი. ხელისუფლება იმდენად გამო*ირდა, რომ ადამიანებს პირუტყვსაც კი ართმევს, როგორც ახლახან ნოვოსიბირსკში მოხდა.
3. ინტერნეტისა და მედიის თავისუფლების ჩახშობა.
ბედის ირონიით, 2017 წელს საზოგადოებრივი სახალხო ფრონტის მედიაფორუმზე სწორედ მე დავუსვი პუტინს კითხვა ინტერნეტის განვითარების გზაზე რუსეთში. მაშინ პუტინმა მითხრა, რომ რუსეთი ჩინურ გზას არ გაჰყვებოდა — და მოატყუა. თავად პუტინი ინტერნეტსაც კი არ იყენებს, რაც სამარცხვინოა სახელმწიფოს ლიდერისთვის. ვხედავთ, რომ მობილური ინტერნეტი უკვე არ მუშაობს რუსეთის დიდ ქალაქებშიც. დაბლოკილია ყველა დასავლური სოციალური ქსელი და მესენჯერი. Telegram 80%-ით არის შეზღუდული, 1 აპრილიდან სრული ბლოკირება იგეგმება. სისტემა იმდენად გაგიჟდა, რომ Telegram-საც კი ზღუდავს, რომელსაც ომის მონაწილეები იყენებენ. პარალელურად კი ადამიანებს აიძულებენ გადავიდნენ მესენჯერ „მაქს“-ზე, რაც მათ მედიცინასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს.
4. პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა.
პუტინი 74 წლისაა და ხელისუფლებაშია 1999 წლიდან - უკვე 26–27 წელია. და როგორც ჩანს, გეგმავს „ტახტზე“ დარჩენას კიდევ ძალიან დიდხანს, 150 წლამდე. როგორც ცნობილია, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის ადამიანს - და თუ ეს ძალაუფლება უსასრულოა? თუნდაც მორალურად უნაკლო ადამიანიც კი შეიცვლებოდა ასეთ პირობებში. პუტინი ყოველთვის ასეთი არ იყო, 2003 წლამდე მას ძნელად თუ მოედავებოდი, ამიტომაც ბევრი ჩვენგანი მხარს ვუჭერდით. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ქვეყანას სჭირდება ახალი, თანამედროვე პრეზიდენტი.
5. პუტინი არ სცემს პატივს თავის ამომრჩეველს და არ უსმენს მას.
ნახეთ მისი ნებისმიერი ბოლო „პირდაპირი ხაზი“ — ეს უბრალოდ ცირკია! პრეზიდენტს აშკარად არ აინტერესებს შიდა პოლიტიკა და მოქალაქეების პრობლემები. დიდი ხანია, Telegram-არხებს აღარ კითხულობს, არ აინტერესებს ჩვენი ყოველდღიური უკმაყოფილება. პუტინს სჭირდება უსასრულო ომები (რომლებშიაც მისი შვილები და ნათესავები არ მონაწილეობენ), და არა ინტერნეტი და მაღალი ხელფასები. ოპოზიციაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ - ის უბრალოდ აღარ არსებობს. თავად პუტინი მთელი ამ 26 წლის განმავლობაში ამბობდა, რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკა და ოპოზიცია. მაგრამ დაასახელეთ თუნდაც ერთი დეპუტატი ან საზოგადო მოღვაწე, რომელიც მას აკრიტიკებს? ასეთი არავინ არის. ვინც სცადა, ან „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს, ან ქვეყნიდან გააძევეს, ან საერთოდ აღარ არის ცოცხალი. პუტინს ეშინია დებატებსა და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის, რადგან მაშინვე ნათელი გახდება, რომ „მეფე შიშველია“. შედეგი: ვლადიმირ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. იგი უნდა გადადგეს და გასამართლდეს, როგორც ომის დანაშაულის ჩამდენი და კორუმპირებული პირი. გაუმარჯოს თავისუფლებას, ეშმაკმა დალახვროს!
რეაქცია
ილია რემესლოს ამგვარმა ტრანსფორმაციამ რუსეთის Z-საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ჩეჩნეთის სპეცდანაყოფის ხელმძღვანელმა აპტი ალაუდინოვმა დაწერა, რომ რემესლომ ხელისუფლება გააკრიტიკა „ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში“ თავისი „გამომწერების დევნისა და მოჩვენებითი დიდებისკენ სწრაფვის“ გამო.
ჟურნალისტმა ალექსანდრ პლიუშჩევმა, რომელმაც 18 მარტს რემესლოსთან ინტერვიუ ჩაწერა, სარკასტულად აღნიშნა, რომ თუ ბლოგერის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ეს იქნება „კრიზისის მართვის ყველაზე ეფექტიანი მაგალითი“.
„ის, რასაც ილია რემესლო ინტერვიუში ამბობს, საერთოდ არ ჰგავს შეშლილის ბოდვას“, - დაამატა ალექსანდრ პლიუშჩევმა.
18 მარტს, ვიდრე რუსულ მედიაში გავრცელდებოდა ცნობა ილია რემესლოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ანდრეი პივოვაროვმა ივარაუდა, რომ Z-ბლოგერს სისტემა აუცილებლად ხისტად უპასუხებდა.
„ილია რემესლო ერთ დღეში ის იქცა მძვინვარე ოპოზიციონერად, - უთხრა პიოვაროვმა რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას, - თუ მის გვარს გვერდზე გადავდებთ, შეიძლება იფიქრო, რომ შენს წინ დგას ემიგრაციაში წასული რომელიმე „უცხოელი აგენტი“, რადგან მისი რიტორიკა სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ადრე ამბობდა. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ნერვული კრიზისი ან პირადი წყენა. ადამიანი გადაჭარბებულად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს და ფიქრობს, რომ ახლა ყველაფერს აუხსნის ყველას და ვითარება შეიცვლება. რასაც ამბობს, კარგია, მაგრამ ჩნდება კითხვა - რამდენ ხანს შეძლებს თავისუფლებაზე დარჩენას. ბევრ ადამიანს, ვინც გარკვეულ წარმატებას აღწევს, ეწყება „ვარსკვლავური დაავადება“. რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ხელისუფლებას მწვავედ გააკრიტიკებენ, მათ ხელს არ ახლებენ. ჩემი პროგნოზი პესიმისტურია - სისტემა ასეთ რამეს არ აპატიებს. მას შეიძლება ემუქრებოდეს როგორც რეალური პატიმრობა, ასევე ადმინისტრაციული ზეწოლა. მას ხისტად უპასუხებენ, რადგან თავის პუბლიკაციებში ძალიან სწორ და გონივრულ რამეებს ამბობს. ვფიქრობ, მის მიმართ განხორციელდება მკაცრი სადამსჯელო ქმედებები, რაც მას ბოლომდე გათვლილი არ აქვს“.
ანდრეი პივოვაროვი ამბობს, რომ არ სჯერა კონსპირაციული თეორიისა, რომ თითქოს ილია რემესლოს ოპოზიციის ახალი ლიდერის ნიშას უთავისუფლებენ.
„ეს სრული აბსურდია, - ამბობს პიროვაროვი, - რუსეთში საარჩევნო პროცესი მთლიანად კონტროლდება. კრემლს ახალი კრიტიკოსის გამოჩენა არ სჭირდება. ამიტომ აქ რაიმე პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ. გარდა ამისა, რემესლომ იმდენი პროვოკაცია მოაწყო ოპოზიციის წინააღმდეგ — წერდა დასმენებს, სარჩელებს, საჩივრებს, რომელთა საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა — რომ მისი „გაყიდვა“ ოპოზიციის ლიდერად აზრს მოკლებულია“.
Z-ბლოგერების განწყობა
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსი ომის მომხრე ბლოგერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპირატესობაზე. ისინი წერენ, რომ უკრაინულ სამხედროებს აქვთ როგორც მეტი დრონი, ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის უკეთესი შესაძლებლობები.
სამხედრო ექსპერტის, ნიკოლაი მიტროხინის თქმით, ილია რემესლოსა და სხვა პროსახელისუფლებო ბლოგერების (მათ შორის ე.წ. ვოენკორების) დამოკიდებულების ცვლილება დიდწილად აიხსნება იმით, რომ უკრაინამ მკვეთრად გაზარდა როგორც დრონების რაოდენობა ბრძოლის ველზე, ასევე მათი მოქმედების სიღრმე 20 კილომეტრიდან 30-მდე, ზოგ ადგილას კი 50 კილომეტრამდეც.
„გარდა ამისა, შესამჩნევია, რომ უკრაინამ მიიღო ახალი რაკეტები, რომელთა საშუალებითაც მისწვდა რუსეთის საბრძოლო მარაგების ისეთ დიდ საწყობებს, როგორიცაა მაგალითად დონეცკში „გერანების“ საცავი. მთლიანობაში კი რუსეთის არმიას მთავარ პრობლემად ექცა ლოგისტიკისა და მომარაგების სისტემის დაზიანება 50 კილომეტრამდე სიღრმეში“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს ნიკოლაი მიტროხინმა, რომლის თქმითაც, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ფრონტის თითქმის სტატიკურ, უძრავ ხაზზე, ხოლო ტყის ზოლები, რომლებიც ფრონტს ებჯინებიან, 2024 წლისგან განსხვავებით, უკვე გადამწვარი და ძლიერ დაზიანებულია საარტილერიო ცეცხლით.
“როგორც ჩანს, გაზაფხულზე ეს დამწვარი ხეებიც აღარ იქნება ისეთი ფოთლოვანი, და იმედიც, რომ მათი მეშვეობით კვლავ შესაძლებელი იქნება შეტევითი ჯგუფების წინა ხაზზე გადაყვანა, ნელ-ნელა ქრება. ამიტომ რუს სამხედრო ბლოგერებში გარკვეული პესიმიზმი შეინიშნება. თუმცა ამას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან რუსულ არმიას ახასიათებს გარკვეულ მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი რეზერვების დაგროვება, რის ხარჯზეც ახერხებს პოლიტიკურად მნიშვნელოვან გარღვევებს”, - მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი.
რემესლო - პირველი მერცხალი?
ილია რემესლომ 18 მარტს თავის Telegram-არხზე ასევე დაწერა, რომ თავის სახლში იმყოფება და, რომ არსად წასვლას არ აპირებს, შემდეგ კი დაამატა:
"მანამდე კი ამაზე დაფიქრდით: თუ ჩემს პოსტებში პუტინის ნაცვლად სიტყვა „ტრამპს“ ჩასვამთ, მიიღებთ ამერიკული მედიისთვის ტიპურ პუბლიკაციას, რომლებიც ყოველდღე ქვეყნდება. ასეთი ათასობით პოსტია X-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში. ტრამპს უკვე 1,5 წელია ძალიან მკაცრად აკრიტიკებენ, თითქმის ჯარიმის ზღვარზე. ის უპასუხებს, უხეშობს, სასამართლოშიც ჩივის — მაგრამ ოპონენტებს არ აპატიმრებს. მაშ, რაშია პრობლემა? ვინ გადაწყვიტა, რომ რუსეთი არის ქვეყანა, სადაც „არ შეიძლება უფროსობის კრიტიკა“ (მით უმეტეს, არალეგიტიმურის)? მოითმინეთ თქვენც, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ. თუ არ მოგწონთ, გადით პენსიაზე".
პოლიტიკის ანალიტიკოსმა მაქსიმ კაცმა თავის youtube-არხზე სცადა ილია რემესლოს ასეთი თამამი საქციელის ახსნა შემდეგი სამი მოტივით:
- რეალური იმედგაცრუება
- შიდა კონფლიქტებისგან თავის დაცვა
- სისტემის დასუსტება და „გემიდან გაქცევის” მცდელობა
თავის ერთ-ერთ ვიდეოში ილია რემესლო მართლაც ამბობს, რომ სისტემა სუსტდება, რადგან პუტინი არ უსმენს კომპეტენტურ ადამიანებს:
“ყველა ხედავს, რაც ხდება. ყველაფერი მოირყა. შეუძლებელია სახელმწიფო სისტემის მოახლოებული კოლაფსის ვერ დანახვა. ეს ხდება სწორედ იმიტომ, რომ პუტინის ეშინია თავის გარემოცვაში ღირსეული ადამიანების, ღირსეული ოპონენტების შემოკრებისა, ადამიანებისა, რომლებიც მას კონკურენციას გაუწევდნენ. სწორედ ამიტომ, ის დაკარგავს ძალაუფლებას და სავარაუდოდ ეს მოხდება წელს, 2026 წელს”.
მაქსიმ კაცის თქმით, აშკარაა, რომ რემესლომ რაღაც იცის ან ჰგონია, რომ იცის ან ხელმძღვანელობს სუბიექტური აღქმებით პუტინის დასუსტების შესახებ.
“თუმცა რასაც რემესლო ლაპარაკობს სისტემაში მიმდინარე რყევების შესახებ, ეს უკვე ფაქტია, რომელსაც სხვებიც ხედავენ”, - ამბობს მაქსიმ კაცი, რომელიც ასახელებს პროპაგანდისტული „რადიო სპუტნიკის“ ანალიტიკოსს, დმიტრი ოლშანსკის, (მარგარიტა სიმონიანისა და დმიტრი კისილიოვის ხელქვეითი), რომელმაც 12 მარტს თავის Telegram-არხ „Комиссар Исчезает”-ზე დაწერა:
“საჭიროა ხელისუფლების სავალდებულო ცვალებადობა; საჭიროა ნამდვილი არჩევნები ნამდვილი და არა მუყაოსგან გამოჭრილი პარტიებით; საჭიროა სასამართლოები, რომლებიც ზემოდან მიღებული გადაწყვეტილებების მექანიკურ დანამატად არ იქცევიან; საჭიროა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება - თუნდაც არა აბსტრაქტული „ქვეყნისა და ხალხის“ წინაშე, არამედ ყველაზე აქტიური მოქალაქეთა ჯგუფების წინაშე; საჭიროა, რომ მოხელეები დამოკიდებულნი იყვნენ იმაზე, რამდენად ოსტატურად „ცეკვავენ“ ამომრჩევლების წინაშე; საჭიროა პრესა, რომელსაც აქვს უფლება დასვას „არასწორი“ კითხვები; საჭიროა კერძო, საბაზრო კონკურენცია ნებისმიერი პროდუქციის წარმოებაში და არა სახელმწიფო შეკვეთები, როცა ბიუჯეტური თანხები “ვისაც საჭიროა” იმას ეძლევა”.
მაქსიმ კაცის ვარაუდით, შესაძლოა ასეთი განწყობები ფართოდაა გავრცელებული Z-ბლოგერთა საზოგადოებაში, უბრალოდ ჯერ ყველას არ ჰყოფნის სითამამე თავისი პოზიციის საჯაროდ გამოხატვისთვის.
ანალიტიკოსების ვარაუდით, რემესლოს გამოსვლამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო ფართო პროტესტი ელიტაში, იქონიოს ზვავის ეფექტი, თუმცა სწორედ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს სისტემა შეეცდება სამაგალითოდ დასაჯოს ამბოხებული Z-აქტივისტი.
ფორუმი