რა ხდება კუპიანსკსა და მის შემოგარენში? შეძლებენ თუ არა უკრაინული ძალები ქალაქის სრულად გაწმენდას?
რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის კორესპონდენტებმა (პროექტი Донбас.Реалії) ამ კითხვებით მიმართეს ბრიგადა „ქარტიის“ („Хартія“) წარმომადგენლებს.
კუპიანსკი ხარკოვის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი და მსხვილი სარკინიგზო კვანძია, რომელიც ოკუპირებული იქნა რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში. თუმცა ოკუპაცია მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა: 2022 წლის სექტემბერში კუპიანსკი დაიბრუნეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.
„ქარტია“ - უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ოპერატიული რეაგირების ბრიგადა, რომელიც შეიქმნა ხარკოვში 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. დანაყოფი მონაწილეობდა ხარკოვის განთავისუფლებისათვის გამართულ ბრძოლებში. 2022 წლის ზამთარში „ქარტია“ ასევე იბრძოდა ბახმუტთან.
2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის ჩრდილოეთით დაიწყეს პლაცდარმის მოწყობა შემდგომი იერიშისათვის, ხოლო შემოდგომის დასაწყისისთვის ისინი უკვე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში გამაგრდნენ. ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის არმია კუპიანსკის ტერიტორიის 14%-ს აკონტროლებდა და აქტიურად მიიწევდა ქალაქის ცენტრისკენ.
აი, რას ამბობს უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსის „ქარტიის“ საძიებო-სადესანტო ჯგუფის მეთაურის მოადგილე მოსახმობი ნიშნით „ვოვკი“ (Вовк - უკრ. მგელი):
„თავდაპირველად მტრის დიდი რაოდენობა იყო როგორც თავად ქალაქში, ასევე, რაც მთავარია, გარეუბნებსა და მეზობელ დასახლებებში, კერძოდ, კონდრაშოვკაში, ტიშჩენკოვკაში და კუპიანსკის ყველა გარეუბანში, რამაც მტერს საშუალება მისცა ეფექტიანად აეწყო ლოგისტიკა, მოეზიდა აღჭურვილობა, იარაღი და დრონები. ამან მნიშვნელოვნად გაგვირთულა მდგომარეობა. ჩვენი უპირველესი მიზანი იყო მტრის ლოგისტიკის გადაჭრა, რაც ძალიან გაურთულებდა მას ქალაქში ყოფნას. ამის შემდეგ თავად ქალაქსაც მივხედავდით“.
„ვცადეთ მილსადენის განადგურება, მაგრამ ის 1,5 მ სიღრმეშია ჩამარხული“
კუპიანსკის ოპერაცია ახლაც გრძელდება, მაგრამ ძლიერი ყინვების გამო, მისი ტემპი შენელდა. თუმცა რუსები გამუდმებით ცდილობენ ქალაქში შეღწევას თავიანთი ჯარისკაცების ინფილტრაციით. მიწის ზედაპირზე ამის გაკეთება არც ისე ადვილია, ამიტომ ისინი ცდილობენ ქალაქში შეღწევას მიწისქვეშა გზებით, მილების საშუალებით, რისთვისაც სხვადასხვა ადგილას თხრიან ზედაპირზე ამოსასვლელებს. უკრაინის თავდაცვის ძალები აფიქსირებენ ამ ადგილებს, რომლებიც ფაქტობრივად რუსი ქვეითების გვამებითაა მოფენილი.
„რუსი ჯარისკაცების ინფილტრაცია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, პრაქტიკულად უშედეგოა. მტერი ცდილობს ორ-სამ კაციანი ჯგუფებით ამოვიდეს მილსადენიდან ან გადაკვეთოს მდინარე ოსკოლი და შეაღწიოს სადმე კუპიანსკის მიმართულებაზე. მათი 95% ნადგურდება გადაადგილების დროს, ხოლო დანარჩენის განადგურება ხდება უშუალოდ ქალაქში. ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, ვაკონტროლებთ, რათა ეს პროცესი არ განახლდეს“, - განმარტავს „ვოვკი“.
„ვცადეთ ამ მილის განადგურებაც, მაგრამ 1,5 მეტრზეა ჩამარხული. უპილოტო საფრენი აპარატით რამის გაკეთება საკმაოდ რთულია. თუმცა, ოპტიკით ამ მილების განაკვეთში შეღწევის შემთხვევებიც გვქონია და ზოგჯერ წარმატებულიც“, - იღიმის უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადის „ქარტიის“ სერჟანტი, სახმობი ნიშნით „სიმბა“.
„ამინდი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეითებზე - შენობებში გაჩერება რთულია, ძალიან ცივა“
ამჟამად, ქალაქის მტრისგან გაწმენდის აქტიური სამუშაოები შენელებულია. მაშინაც კი, როცა ჯარისკაცების კვალს ფარავს თოვლი, ისინი მაინც კარგად ჩანან თბოეკრანზე. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი ან რუსი ქვეითების ნებისმიერი გადაადგილება ადვილად შესამჩნევია, - აღნიშნავენ ჯარისკაცები.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-13 ბრიგადის „ქარტიის“ ოპერატიული ასეულის მეთაური, მოსახმობი ნიშნით „ზანუდა“, ამბობს, რომ ზოგჯერ მტერი საერთოდ არ ჩანს, მაგრამ მიჰყვებიან მის კვალს:
„მივყვებით და ვპოულობთ მის ადგილსამყოფელს. ახლანდელი ამინდი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეითებზე - შენობებში რთულია გაჩერება, ძალიან ცივა. ჩვენს ჯარისკაცებს ყველაფერს ვაწვდით, რაც კი შეიძლება, დრონებით ვუყრით. ტყეებში, სადაც ბლინდაჟებია მოწყობილი, ბევრად უკეთესია. ბანალურად რომ ვთქვათ, იქ უფრო თბილა.“
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსმა „ქარტიამ“ კუპიანსკის ოპერაციისთვის მზადება ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომის დასაწყისში დაიწყო.
ამ ოპერაციისთვის სპეციალურად შეიქმნა სამხედრო სარდლობის დროებითი ორგანო - სამძებრო-სადესანტო დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა ქვედანაყოფის მებრძოლებისგან შედგება.
საწყისი მიზანი - მტრისთვის კუპიანსკისკენ მიმავალი ლოგისტიკური გზების გადაჭრა და ამის შემდეგ ქალაქის გაწმენდა.
„თავიდან რთული იყო, რადგან როდესაც აქ ჩამოვედით, დავინახეთ დანაყოფების მთელი გროვა, რომელთაგან თითოეულს თავისი ტრადიციები და განსხვავებული სამხედრო გამოცდილება ჰქონდა. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იყო ყველას გაერთიანება ერთობლივი დაგეგმვის გზით და მათ შორის თანამშრომლობის დამყარება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვცდილობდით თითოეული დანაყოფის საუკეთესო თვისებები გამოგვეყენებინა და, შესაბამისად, მოგვეხდინა ნებისმიერი ნაკლოვანების ნიველირება“, - განმარტავს „ვოვკი“.
პირველ რიგში, მტრის იდენტიფიცირების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფმა დაიწყო ინტენსიური დაზვერვის წარმოება. რადგან თავიდან არ არსებობდა ნათელი წარმოდგენა მტრის ადგილმდებარეობის შესახებ. როგორც კი სამიზნეები გამოვლინდა, დაიწყო მათ განადგურებაზე ინტენსიური მუშაობა, - ამბობენ უკრაინელი ჯარისკაცები.
„ჩვენმა ქვეითმა დანაყოფებმა დაიწყეს წინსვლა, ჩაატარეს საძიებო და დარტყმითი ოპერაციები, წინ წაიწიეს მდინარე ოსკოლისკენ, სადაც მტრის მთავარი ლოგისტიკური მარშრუტი გადიოდა. თავდაპირველად დრონებით დავამუშავეთ, შემდეგ ჩვენი ქვეითი დანაყოფები მიუახლოვდნენ მდინარეს და მტრის ლოგისტიკა მთლიანად გადავჭერით“, - ამბობს „ვოვკი“.
მოიერიშე-საძიებო ჯგუფმა შეტევითი ოპერაცია შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ მხოლოდ დეკემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია რადკოვკას, კონდრაშოვკას, მირნეს და კუპიანსკის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნების განთავისუფლების შესახებ.
უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლის შედეგად, კუპიანსკის ცენტრში მყოფი რუსეთის არმიის დაჯგუფება ფაქტობრივად ალყაში მოექცა, გადაჭრილი სახმელეთო ლოგისტიკით ერთი მხრიდან და მდინარე ოსკოლით აღმოსავლეთის მხრიდან. შემდეგ უკრაინელმა მებრძოლებმა თავად ქალაქის მეთოდური გაწმენდა დაიწყეს - შენობიდან შენობამდე.
„პირველ რიგში საჭიროა ჯარისკაცებისთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება ამ შენობების შესახებ. ყველაფერი იწყება ტერიტორიის აეროფოტოგრაფირებით - შენობის, ქუჩის, იმ ადგილის, საიდანაც შესაძლოა ჩვენს ქვეითებს მისწვდნენ. შემდეგ მოდის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საშუალებებით დამუშავება. ასეთი დრონი, ქობინის გარეშე, უბრალოდ დაფრინავს ადამიანის სიმაღლეზე და იღებს მის ქვემოთ არსებულ მთელ ტერიტორიას. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ე.წ. გაწმენდა", - განმარტავს „ზანუდა“ იერიშის ნიუანსებს.
„7 დღე დავხარჯეთ ერთი ქუჩის - 16 შენობის გაწმენდაზე“
მოიერიშე და FPV დრონები ქვეითებისთვის აკეთებენ ე.წ. გზას - ასუფთავებენ მარშრუტს ღობეებისგან, ჩაკეტილი კარებისგან, ფანჯრებისგან და ა.შ. რათა ქვეითმა სწრაფად და უსაფრთხოდ მიაღწიოს შენობამდე. გზის გაკეთების შემდეგ შენობაში შედიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ძაფებით მართული დრონები.
„ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოიერიშეებს მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდეთ ოთახების, სახურავებისა და სარდაფების შესახებ. ფაქტობრივად ისინი ხედავენ, სად მიდიან; ხედავენ, რომელ მარშრუტს ირჩევენ და ასევე ვარაუდობენ, რომელ ეტაპზე შეიძლება იყოს საფრთხე და რა ეტაპზე შეიძლება დაიღუპონ.
ამ მოსამზადებელ სამუშაოებს დიდი დრო სჭირდება. შემიძლია მაგალითი მოგიტანოთ. როდესაც პირველად შევედით კუპიანსკში, ერთ უბანზე ჩემი ოთხი ბიჭი მუშაობდა. 7 დღე დავხარჯეთ ერთი ქუჩის - ეს 16 შენობაა - გაწმენდაზე“, - განმარტავს „ზანუდა“.
ამასთან, რუსეთის არმიას მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოცხალი ძალის დიდი უპირატესობა ჰქონდა. ახლაც კი, რუსეთს ამ მიმართულებაზე პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჰყავს. უწყვეტად, დღის განმავლობაში 20-30 ადამიანი იგზავნება კორდონის გარღვევისა და მომარაგების ჯაჭვის აღსადგენის მიზნით.
„მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, ქალაქში ვერ აღწევს. მათთან გამკლავება ჩვენთვის იოლი არ იყო, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს უკიდურესად რთული იყო, რადგან გულმოდგინედ დავგეგმეთ ჩვენი მოქმედებები. ვიდრე სადმე შევიდოდით, საგულდაგულოდ მუშაობდნენ ჩვენი მოიერიშე დრონები, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ მტრის პირად შემადგენლობას იმ მომენტში, როდესაც ჩვენი ქვეითი დანაყოფები უშუალოდ საძიებო-საბრძოლო ზონებში შედიოდნენ. და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გვშველოდა“, - აღნიშნავს „ვოვკი“.
„ქარტიის“ მებრძოლები ამბობენ, რომ მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, მათ წარმატებით დალაშქრეს შენობები კუპიანსკში. „ხშირად, მოიერიშეების მინიმალური რაოდენობა უფრო მიზანშეწონილია, რადგან მათი აღმოჩენა უფრო რთულია“, - ამბობს „ზანუდა“:
„შენობაში ოთხი რუსი ჯარისკაცი და ორი ჩვენიანი იმყოფებოდნენ. FPV-დრონის საჰაერო მხარდაჭერით, ჩვენები თავდაჯერებულად შევიდნენ შენობაში, გააკეთეს თავიანთი საქმე და უკან გამოვიდნენ. ოთხნი რომ ყოფილიყვნენ, ასე სწრაფად და პრაგმატულად ვერ იმოქმედებდნენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მეტი ადამიანია საჭირო“.
„საკვები მათთვის ჯილდოა“
რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა კუპიანსკში არსებულ პრობლემებს და არაერთხელ უპატაკებდა პუტინს, რომ ქალაქზე სრული კონტროლი ჰქონდათ.
„ბატალიონისა და პოლკის დონეზე მტერმა სწრაფად გააცნობიერა, თუ რა ხდებოდა. თუმცა თავიანთ სარდლობას სრულიად განსხვავებული ამბავი უპატაკეს, რომ თითქოს მათი პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა იმ ადგილებში, საიდანაც ისინი დიდი ხნის წინ გამოდევნეს, სადაც ისინი გაანადგურეს, პოზიციები კი უკრაინის ჯარის კონტროლის ქვეშ გადავიდა. ამიტომ, რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა, რომ ყველაფერს ისინი აკონტროლებდნენ.
რუსეთის გენერალური შტაბი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ამ მიმართულებას. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოვაცხადეთ ოპერაციის შესახებ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზელენსკი ჩავიდა კუპიანსკში და ვიდეო ჩაწერა ქალაქის სტელას ფონზე, სრულად გააცნობიერეს, რა მოხდა“, - ამბობს „ვოვკი“.
12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიგადის მე-4 ბატალიონის მებრძოლებმა კუპიანსკის საქალაქო საბჭოს შენობა გაწმინდეს და მასზე უკრაინის დროშა აღმართეს.
„ადვილი არ იყო, რადგან ნებისმიერი გეგმა ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს. ხშირად გვიწევდა ვითარების შესაბამისად ადაპტირება თუნდაც რელიეფის ცვლილების გამო. იერიშის დროს ზოგიერთი შენობა ინგრევა, რაც მკვეთრად ცვლის ვითარებას. ხშირად სამხედრო თვალსაზრისით მიზანშეწონილობაც კი იკარგება.
გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ ქუჩაზე ჩვენი კოლუმბიელი მეგობრები „მუშაობდნენ“, მეორეზე კი უკრაინელი მებრძოლები. ვიდრე უკრაინელები გადიოდნენ, კოლუმბიელებმა ნაწილობრივ გაწმინდეს „მათი“ ქუჩებიც, მაგრამ ამასობაში ჩვენი ბიჭებისთვის მისია შეიცვალა და სულ სხვა მიმართულებით გააგრძელეს გზა“, - ამბობს „ზანუდა“.
ამჟამად, კუპიანსკის ცენტრში ალყაში მოქცეულია რუსეთის არმიის 60-მდე ქვეითი ჯარისკაცი, რომლებიც დემოტივირებულები არიან და სიცივისა და შიმშილისგან იტანჯებიან. ბევრი ნებაყოფლობით ბარდება ტყვედ.
„პირად შემადგენლობას წინსვლას აიძულებენ, მათ შორის მილსადენის საშუალებით, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. ჯარისკაცების მოტივირებას ბანალური საკვებით ცდილობენ, ანუ მათთვის საკვები ჯილდოა რაღაც მიღწევისთვის, რადგან სურსათის სტაბილური ნორმა მას შემდეგ აღარ აქვთ, რაც ლოჯისტიკური არხები გადავუჭერით, ამიტომ მათი მეთაურები მოტივაციურ ფაქტორებს იყენებენ, დაახლოებით ასე: თუ მოწინააღმდეგეს მოკლავ, ერთ კოლოფ სიგარეტს ჩამოგიგდებთ დრონით“, - ამბობს „ვოვკი“.
„ამჟამად რუს ქვეითებს, რომელიც კუპიანსკში იმყოფებიან, პრაქტიკულად არ აქვთ აგრესია. მათი მთავარი ამოცანა გადარჩენაა. ასეთი შემთხვევა გვქონდა: მივყევით კვალს, რომელმაც მკვდარ რუს ჯარისკაცამდე მიგვიყვანა. როგორც ჩანს, აქამდე მოვიდა, დაწვა, რაღაცით დაიფარა სხეული, შემდეგ ქარმა ეს რაღაცა გადახადა და ჩვენ დავინახეთ, რომ ის მკვდარი იყო, უბრალოდ გაიყინა.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი მათგანი ჩაგვბარდა. გვითხრა, რომ თითქმის ორი კვირა ყოყმანობდა, რადგან არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს. თავშესაფარს დატოვებ - მოგკლავენ, ფორმაში იქნები - მოგკლავენ. როგორ უნდა გადახვიდე ისე, რომ არ მოგკლან? რაღაც მომენტში თეთრი ქსოვილი იპოვა, ხელები ასწია და გაუკვირდა, რომ არ მოკლეს. გვითხრა: ბევრს სურს დანებება, მაგრამ ეშინიათ, ან თავისიანები მოკლავენ ან თქვენ მოკლავთ “, - ამბობს „ზანუდა“.
„ვინც ქალაქშია - ან მოკვდებიან, ან დანებდებიან“
რუსეთის არმიის „სახორცე“ იერიშებისგან განსხვავებით, შეტევით ოპერაციაში „ქარტიის“ მებრძოლთა მთავარი მიზანი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის მაქსიმალურად შენარჩუნებაა.
„სინამდვილეში, ჩვენ უბრალოდ დრო გვჭირდება. ურბანული გარემო, როგორც უკვე ვთქვი, საკმაოდ რთულია სამძებრო-შეტევითი ოპერაციებისთვის. ძალიან რთულია მტრის აღმოჩენა, განსაკუთრებით რთულია ამის გაკეთება დრონების მუდმივი საფრთხის პირობებში. ამიტომ, ეს პროცესი ნელია და არ საჭიროებს აჩქარებას“, - აღნიშნავს „ვოვკი“.
„ჩემი აზრით, მათი განდევნის აგრესიული მცდელობები მნიშვნელოვან დანაკარგებს გამოიწვევს. გაცილებით ეფექტიანია მათი ბლოკირება და დამხმარე ძალებით გაძლიერების შესაძლებლობის ნიველირება. ინფილტრაციის მცდელობები კი გამუდმებით გრძელდება. საინტერესო ის არის, რომ მათ საკმაოდ ბევრი უცხოელი ჰყავთ. აქამდე ამ რაოდენობით არასდროს მინახავს. მოდიან და მოდიან - ზოგიერთი მათგანი გარკვეულ ეტაპამდეც კი აღწევს, მაგრამ უმეტესობა იღუპება. ამიტომ მთავარია, არ მოხდეს კორდონის გარღვევა, ხოლო ისინი ვინც ქალაქში იმყოფებიან ან დაიღუპებიან ან დანებდებიან“, - ასკვნის „ზანუდა“.
ამჟამად კუპიანსკში შექმნილი ვითარება უკრაინის თავდაცვის ძალების სასარგებლოდაა შეცვლილი. რუსეთის არმიის ქვეითი ჯარი პრაქტიკულად განადგურებულია მდინარე ოსკოლის მარჯვენა სანაპიროზე. ძირითადი ბრძოლები ადგილობრივი საავადმყოფოს მახლობლად და მის ჩრდილოეთით მიმდინარეობს. თუმცა ამავე სექტორში საფრთხის ქვეშაა უკრაინული ძალების ფლანგები, რადგან იქ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების წინსვლის სრულად შეჩერება.
ფორუმი