ლევან ხაბეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული:
- 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის (ფულის გადაცემის) დაპირებას (4-დან 7 წლამდე);
- 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ (3 წლამდე პატიმრობა).
გადაკვალიფიცირებული ბრალის მიხედვით (მუხლი 318, პირველი ნაწილი), ის გაასამართლეს „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის“ კვალიფიკაციით. მუხლი ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ პოლიტიკოსს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რასაც მას ედავებოდნენ, რაც დადასტურდა განაჩენითაც, „მეორე მხრივ კი მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო [პატიმრობის მისჯაზე] და ბრძოლა გრძელდება“.
მურთაზ ზოდელავა - 9 თვე
მოსამართლე ხუსკივაძე ლევან ხაბეიშვილთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას საქმეს განიხილავდა. ზოდელავაც დამნაშავედ ცნეს და 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას 2025 წლის 4 ოქტომბრის, „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის საქმეზე“ 7-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
დაკავების დროს ზოდელავა ხაბეიშვილის გვერდით იდგა - მას ედავებოდნენ ტელეფონის გადაცემის ეპიზოდს. სამართლებრივად ეს ფორმულირებული იყო „გამოძიებისთვის ხელის შეშლად“.
უფრო კონკრეტულად, მას ედავებოდნენ, რომ უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.
გუშინ, 20 მაისს, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა, ლევან ხაბეიშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„მთელი ცხრა თვე ციხეში ვარ და სამი საათი გაგრძელდა ჩემი საქმის განხილვა...
ჩემს საქმეში არაფერია... რომ იციან ხოლმე თქმა 34 ტომიო, ჩემი საქმე ალბათ იქნება 10 გვერდი, თავი და ბოლო. სამი მოწმე გამოძახებული ჰყავდათ და ორი არ მოიყვანეს. საჯარო განცხადებების გარდა, არ დევს არაფერი, ათი წუთის ვიდეო იყო თავი-ბოლო. ის, რომ ამ ცხრა თვის განმავლობაში პროკურორი განცხადებასაც კი არ აკეთებდა მედიასთან, ბევრის მიმანიშნებელი უნდა იყოს.
ამ საქმეში არ არის დაზარალებული, ობიექტი, არ არსებობს სიკეთე, რომელსაც მე მივიღებდი [ქრთამის კონტექსტი - რ.თ.].
პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, აი, რომ გინდოდეს ბრალი აღიარო, რა ვაღიარო? საჯარო განცხადებები იყო. აღქმების გამო პოლიტიკოსი უნდა იყოს ციხეში. აგერ ვარ და გისმენთ“, - თქვა ხაბეიშვილმა.
მურთაზ ზოდელავა სასამართლო განხილვებს არ ესწრებოდა ხოლმე. ის არც განაჩენის გამოცხადების სხდომას არ დასწრებია.
ხაბეიშვილის დაკავება
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს, ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა, 11 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
ის დაადანაშაულეს სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ქრთამის, „200 000 დოლარის საჯაროდ შეთავაზებაში“.
დაკავებიდან მალევე მას ახალი ბრალდებაც წარუდგინეს - ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდება.
ლევან ხაბეიშვილი სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დააკავეს. მასთან ერთად ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში იყო პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა.
მტკიცებულება
ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებებს შორისაა საჯარო განცხადებები სოციალურ ქსელსა თუ სატელევიზიო ეთერებში და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) სამი თანამშრომლის ჩვენება.
მათი თქმით, მართალია, ლევან ხაბეიშვილს ქრთამი პირადად მათთვის არ შეუთავაზებია, თუმცა „მან თავისი მიმართვა გაავრცელა ტელევიზიით და სოციალური ქსელით, რაც მათ და სხვა გდდ-ს თანამშრომლებმა საკუთარ თავზე მიიღეს და შეურაცხმყოფელი იყო“.
ფორუმი