Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 პატიმრის შიმშილობასა და მძიმე პირობებს პენიტენციური სამსახური უარყოფს - ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები 

ზურაბ ჭავჭანიძე და ზურაბ მენთეშაშვილი - კადრი პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ვიდეოდან (იანვარ-თებერვალი).
ზურაბ ჭავჭანიძე და ზურაბ მენთეშაშვილი - კადრი პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ვიდეოდან (იანვარ-თებერვალი).

მოშიმშილე ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი 3 მარტიდან საკარანტინო საკანში, აუტანელ პირობებში იმყოფებიან - აცხადებენ ადვოკატები. სპეციალური პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ პატიმრები არც შიმშილობენ და არც პირობებია მძიმე. არ არის ნათელი რატომ გადაიყვანეს ისინი კარანტინში.

სამი პატიმარი აქციიდან

61 წლის ზურაბ მენთეშაშვილი თბილისში, პროდასავლურ აქციაზე 31 ოქტომბერს დააკავეს. მენთეშაშვილი პირველია, ვის წინააღმდეგაც ქუჩის გადაკეტვის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ის მე-5 თვეა გლდანში, მერვე საპყრობილეში ელოდება.

ზურაბ მენთეშაშვილმა შიმშილობა 1 ნოემბერს გამოაცხადა და თქვა რომ ასე წინააღმდეგობის მოძრაობას უცხადებდა სოლიდარობას. ადვოკატის განმარტებით ის შიმშილობას პერიოდულად მ არასრული შიმშილობით ანაცვლებს.

არასრული შიმშილობა - მდგომარეობა, როდესაც მიღებული საკვები არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით; ასე განმარტავს ამ ტერმინს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის ბრძანება.

თავიდან მასთან ერთად საკანში იჯდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებული ზურაბ ჭავჭანიძე. რომელიც ასევე პერიოდულად აცხადებდა შიმშილობას. ისინი გლდანის ციხის 118-ე საკანში გაამწესეს. ეს საკანი ციხეში მოშიმშილეებისთვის არის გამოყოფილი და 24-საათიანი ვიდეო თვალთვალით კონტროლდება.

ზურაბ მენთეშაშვილი
ზურაბ მენთეშაშვილი

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით (დასადასტურებლად ვიდეო თვალთვალის ჩანაწერიც გამოაქვეყნა უწყებამ) იანვარში მენთეშაშვილი და ჭავჭანიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის გამო ისინი ცოტა ხნით სამარტოო საკანში გადაიყვანეს. უკან დაბრუნებულ მენთეშაშვილს 118-ე საკანში ჭავჭანიძის ნაცვლად უკვე დენის კულანინი დახვდა.

დენის კულანინი რუსეთიდანაა, მაგრამ ახლა საქართველოში ცხოვრობს. შარშან მარტში დააკავეს და 2 წელი მიუსაჯეს. მას აქციაზე პოლიციის მანქანის შუშის ჩამსხვრევა ედება ბრალად. ციხეში ისიც პერიოდულად შიმშილობას აცხადებდა და მენთეშაშვილის გვერდით ამიტომ აღმოჩნდა.

ასე გაგრძელდა 3 მარტამდე.

„3 მარტს, საღამოს ჩვენთვის ვისხედით, ამ დროს „კარმუშკა“ შემოაღეს, „კარანტინში“ უნდა გადაგიყვანოთო. რატომ, რისთვის, კაციშვილს არ განუმარტავს“, - უთხრა ადვოკატ დიმიტრი ნოზაძეს დენის კულანინმა. ნოზაძე მას მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაშიც ეხმარება.

„საკარანტინოში“ გადაყვანილი პატიმრები აცხადებენ, რომ იქ არაადამიანური პირობები დახვდათ. ზურაბ მენთეშაშვილმა ადვოკატს უთხრა, რომ ადმინისტრაცია ასე აიძულებს, შიმშილობაზე უარის თქმას.

ჯანო ჭკადუა
ჯანო ჭკადუა

„10 მარტს შევხვდი ზურაბს. მითხრა, რომ მას იქ დახვდა არაჰიგიენური მდგომარეობა, ტარაკნები. ვერ იბანს, არ აქვს ჯაგრისი, ზეწარი, ცოცხი. ვერც დალაგებას ახერხებს. მისგან გავიგე, რომ როდესაც გადაიყვანეს, უთხრეს, თუ შიმშილობას შეწყვეტ, ახლავე ჩვეულებრივ საკანში გაგიშვებთო“, - ამბობს მენთეშაშვილის ადვოკატი ჯანო ჭკადუა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ახლა მენთეშაშვილი ისევ სრულ შიმშილობაზეა გადასული. შიმშილობს დენის კულანინიც.

ვიზიტი სახალხო დამცველის აპარატიდან

7 მარტს პატიმრები სახალხო დამცველის რწმუნებულმა მოინახულა და ოქმებიც შეადგინა. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მუშაობენ ამ საქმეზე, პატიმრების მდგომარეობის შესახებ დეტალები კი გადასცეს მათ კანონიერ წარმოადგენლებს. რადიო თავისუფლებისთვის იგივე ინფორმაციის მიწოდებაზე სახალხო დამცველის ოფისმა უარი განიცხადა, პერსონალურ ინფორმაციას შეიცავსო.

ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ მენთეშაშვილის სხვა საკანში გადაყვანა მართლაც სახალხო დამცველის რწმუნებულისგან შეიტყო, მისგანვე გაიგო, რომ ის იქ აუტანელ პირობებში იმყოფებოდა და ამის შემდეგ შეხვდა ბრალდებულს.

პენიტენციური სამსახური: არავინ შიმშილობდა

11 მარტის საღამოს, მას შემდეგ, რაც მენთეშაშვილისა და კულანინის „კარანტინში“ გადაყვანის შესახებ გახდა ცნობილი, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც ახლდა სხვადასხვა დღეს გადაღებული და დამონტაჟებული, უხმო ვიდეოკადრები. საკნიდან ვიდეოს გავრცელების აუცილებლობა პენიტენციალურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა. ოღონდ ვიდეო ორი თვის წინანდელია და იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ორადგილიან საკანში ზურაბ მენთეშაშვილი და ზურაბ ჭავჭანიძე ისხდნენ.

8 იანვარი - კადრში ჩანს, რომ ჭავჭანიძესა და მენთეშაშვილს შორის მცირე ფიზიკური დაპირისპირებაა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, ჩუმად ჭამო.

23 იანვარი - პატიმრები სადილობენ, მენთეშაშვილის საკვები აქ ერთი სოსისი, პურის ნაჭერი და საწებელია.

24 იანვარი - სადილობს მხოლოდ ზურაბ ჭავჭანიძე.

25 იანვარი - ზურაბ ჭავჭანიძე სადილობს, ზურაბ მენთეშაშვილი ჭიქაში ისხავს მუქი ფერის სითხეს.

1 თებერვალი - ზურაბ ჭავჭანიძე სადილობს, ზურაბ მენთეშაშვილი სვამს რაღაც სითხეს, შესაძლოა წყალს.

2 თებერვალი - ზურაბ ჭავჭანიძე სადილობს, ზურაბ მენთეშაშვილი მაგიდასთან ზის და ტელევიზორს უყურებს.

პენიტენციალური სამსახური ადასტურებს, რომ პატიმრები საკარანტინე საკნებში არიან, მაგრამ უარყოფს „არაადამიანურ პირობებს“ და იმასაც, რომ მენთეშაშვილს შიმშილობის შეწყვეტას აიძულებდნენ და იქ იმიტომ გადაიყვანეს. პენიტენციალური სამსახური ირწმუნება, რომ სინამდვილეში არც ერთი პატიმარი არ შიმშილობდა და მოშიმშილეების საკანში სწორედ ამის გამო აღარ გააჩერეს.

რადიო თავისუფლებამ იანვარში პენიტენციალურ სამსახურს სთხოვა დაედასტურებინა, მართლაც შიმშილობდნენ თუ არა მენთეშაშვილი და ჭავჭანიძე. პენიტენციურმა სამსახურმა მაშინ გვიპასუხა, რომ ორი პატიმრიდან: „ერთი (რომელი არ დაუზუსტებიათ რ.თ.) არ ირიცხება მოშიმშილეთა სიაში, მეორე სრული შიმშილობიდან გადავიდა არასრულზე“.

ამჯერად პენიტენციალური სამსახური აცხადებს, რომ ჭავჭანიძეც და მენთეშაშვილიც სრულყოფილად იკვებებოდნენ. ასევე დღემდე სრულყოფილად იკვებება დენის კულანინი.

„გუშინ დავრწმუნდით, თავს რომ გვაცოდებდნენ სინდისის პატიმრები – ვშიმშილობთო, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები – კარგად სვამენ, ჭამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და აქ გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ შიმშილობენ“, - განაცხადა 12 მარტის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ადვოკატი ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ ეს ვიდეო სპეციალურად გამოაქვეყნეს, რომ გადაეფარათ ის, რაც ბოლო ერთი კვირა პატიმრების თავს ხდება.

„ვიდეოზე ასახულია იანვარში მომხდარი კონფლიქტი, მაგრამ ეს საყოფაცხოვრებო კონფლიქტი იყო და არა საკვების გამო. რომ ჭამენ ეს სულაც არ არის გასაკვირი. არსებობს შიმშილობის ბევრი ფორმა. ზურაბ მენთეშაშვილმა სხვადასხვა დროს გამოიყენა არასრული შიმშილობის ფორმა, რომ საკუთარი ჯანმრთელობა შეენარჩუნებინა“, - განმარტავს ჯანო ჭკადუა.

ადვოკატი ამბობს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც პატიმრები საკარანტინო ოთახში გადაგყავს და არ ეუბნები - რატომ ან რამდენი ხნით. თან თუ იმის გამო გამოჰყავდათ „მოშიმშილეების საკნიდან“, რომ აღარ შიმშილობდნენ, როგორც ამას პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, ისინი ჩვეულებრივ საკანში უნდა შეესახლებინათ და არა საკარანტინოში.

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა პენიტენციურ სამსახურს, თუ რატომ გადაიყვანეს პატიმრები საკარანტინო საკანში და არა ჩვეულებრივში. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ასევე რადიო თავისუფლებამ მოიძია ინფორმაცია შიმშილობის სხვადასხვა ფორმების შესახებ:

ჩვეულებრივი შიმშილობა

ადამიანი არ ჭამს, მაგრამ სვამს სითხეს: წყალს, ჩაის, წვენებს…

არასრული შიმშილობა

როდესაც იღებ საკვების მინიმუმს, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

მშრალი შიმშილობა

ადამიანი არც ჭამს, არც წყალს სვამს.

ეტაპობრივი შიმშილობა

წყეტს შიმშილობას და რაღაც დროის შემდეგ ისევ აგრძელებს.

როტაციული შიმშილობა

პროტესტში მონაწილეები მონაცვლეობით შიმშილობენ.

სიმბოლური შიმშილობა

ხანმოკლე, მაგალითად, ერთღიანი შიმშილობა.

უვადო შიმშილობა

შიმშილობა გრძელდება მოთხოვნების შესრულებამდე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG