Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა

ფოტო არქივიდან - ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა
ფოტო არქივიდან - ვლადიმირ პუტინი და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის 2026-2030 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

2025 წლის 27 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირების შესახებ ცნობა რუსეთის სამართლებრივი აქტების პორტალზეა გამოქვეყნებული.

რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანია „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სრულყოფა, ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონის, აფხაზეთის ეკონომიკური და საინვესტიციო აქტივობის ამაღლების“ ხელშეწყობა.

ფინანსური დახმარების სახსრები შეიძლება მიიმართოს განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკისა და კულტურის სფეროებზე, ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ფულადი სარგოსა და სოციალური გარანტიების გაზრდაზე.

„ასევე დადგენილია, რომ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის კუთვნილი მედიკამენტების მიწოდებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება“, - წერს „რია ნოვოსტი“.

აფხაზეთის ე.წ. მთავრობის ცნობით, რუსული ფინანსური დახმარებიდან 2026 წელს 6 მლრდ რუბლის (დაახლოებით 74 მლნ დოლარი) გამოყოფაა გათვალისწინებული, საიდანაც 4.5 მლრდ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, 1.3 მლრდ რუბლი საბიუჯეტო ინვესტიციებს, ხოლო 0.2 მლრდ ეკონომიკის დარგების მხარდაჭერას მოხმარდება.

დასრულდა მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირება - პუტინმა დაამტკიცა შეთანხმება აფხაზეთთან „სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ“.

კრემლმა საქართველოს ორი რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. 18 წლის შემდეგ, ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვს მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG