Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მოსკოვის მიზანი არა დე იურე, არამედ დე ფაქტო ანექსიაა” - ჰელგე ბლაკისრუდი კრემლის სტრატეგიაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ჰელგე ბლაკისრუდი, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) რუსეთისა და ევრაზიის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ჰელგე ბლაკისრუდი, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) რუსეთისა და ევრაზიის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

“მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დათბა, კრემლისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში არსებულ სტატუს-კვოს დაარღვევდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსია დააჩქაროს...”

ეუბნება რადიო თავისუფლებას ჰელგე ბლაკისრუდი, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) რუსეთისა და ევრაზიის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბლაკისრუდი მრავალი წელია იკვლევს რუსეთის ფედერალიზმს, ცენტრსა და რეგიონებს შორის ურთიერთობებს, ასევე სახელმწიფოსა და ერის მშენებლობის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გავლენასა და დე ფაქტო სახელმწიფოების განვითარებას ეძღვნება. ერთ-ერთ ნაშრომში მან სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკა „მცოცავ ანექსიად“ („creeping annexation“) მოიხსენია - ტერმინი, რომელიც დღეს მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ისევ აქტუალურად ჟღერს.

სამხრეთ ოსეთში ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა კვლავ გააჩინა კითხვები, თუ როგორია კრემლის სტრატეგია ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ე.წ. „ჰარმონიზაციის შეთანხმების“ გაფორმებას და მოსკოვიდან გამოგზავნილი გავლენიანი ჩინოვნიკის, მარატ კამბოლოვის, გამოჩენას ბევრი ექსპერტი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში ფორმალური ინტეგრაციისთვის მზადების ნიშნად აღიქვამს. ამდენად რეალურია ანექსიის სცენარი და რას ცდილობს სინამდვილეში მოსკოვი? - ვაჟა თავბერიძის ამ და სხვა კითხვებს ჰელგე ბლაკისრუდი პასუხობს.

არ მგონია, სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ფორმალური ანექსიის დაჩქარებაზე მიუთითებდეს...

რადიო თავისუფლება: რას მოასწავებს მარატ კამბოლოვის გამოჩენა - რუსი ჩინოვნიკის, რომელიც, როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალი, კრემლის მიერ “ხელდასხმული” მმართველი უნდა გახდეს? ამას წინ უძღოდა ე.წ. „ჰარმონიზაციის შეთანხმება“, იმის მსგავსი, რაც მანამდე აფხაზეთში ვიხილეთ. ბევრი ამას სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსიისთვის მზადების ნიშნად მიიჩნევს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ჰელგე ბლაკისრუდი: არა, არ მგონია, სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ფორმალური ანექსიის დაჩქარებაზე მიუთითებდეს და აი, რატომ: მე ადრე ამ პროცესს „მცოცავი ანექსია“ ვუწოდე - „მცოცავი ბორდერიზაციის“ ანალოგიით. ანუ მოსკოვის მიზანია არა დე იურე, არამედ დე ფაქტო ანექსია.

ვერ ვხედავ, ფორმალური ანექსიით რუსეთმა ისეთი რა უნდა მოიგოს, რაც ისედაც არ აქვს. დიახ, ახალი შეთანხმება კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო ამკაცრებს, მაგრამ სამხრეთ ოსეთს მოუწევს, ამას შეეგუოს, რადგან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ აქვს.

ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკის, ფინანსებისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროებში კანონმდებლობის „ჰარმონიზაციით“, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო მოხელეების როტაციის სამართლებრივი საფუძვლის შექმნით, მოსკოვს შეეძლება კამბოლოვის მსგავსი ახალი ლიდერი ისე დანიშნოს, რომ ადგილობრივი კანონები და პროცედურები პრაქტიკულად არც კი გაითვალისწინოს.

თანაც მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დათბა, კრემლისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, თავი აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოში არსებულ სტატუს-კვოს დაარღვევდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ფორმალური ანექსია დააჩქაროს.

მოსკოვი სამხრეთ ოსეთს უკვე ისე ექცევა, თითქოს ის უკვე რუსეთის ნაწილია და იმავე პოლიტიკურ მოდელს იყენებს...

რადიო თავისუფლება: მაგრამ თუ რუსეთი ისედაც სრულად აკონტროლებს ყველაფერს, მაშინ რატომ „უნიშნავს“ პრეზიდენტს ასე უცერემონიოდ იმ ქვეყანას, რომელსაც თავადვე აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? რატომ არ თამაშობს საკუთარი წესებით - ჩატარდეს „არჩევნები“, რომელშიც, ცხადია, მისთვის სასურველი კანდიდატი გაიმარჯვებს? რატომ ხდება ბატონსა და მსახურს შორის არსებული ურთიერთობის ასე ყბადაღებით, დემონსტრაციულად წარმოჩენა?

ჰელგე ბლაკისრუდი: ჩემთვის აქ აშკარა პარალელებია იმასთან, თუ როგორ იმართება დღეს რეგიონული ხელისუფლება თავად რუსეთში - გუბერნატორთა არჩევნებს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, გუბერნატორი არჩევითი თანამდებობაა, რუსეთში გუბერნატორებს, როგორც წესი, თავად არჩევნების დროს არ ცვლიან. მათ ან მანამდე ათავისუფლებენ, ან - რაც უფრო ხშირია - არჩევნებამდე თავად ტოვებენ თანამდებობას. ვფიქრობ, დაახლოებით იმავე სცენარს ვხედავთ ახლა სამხრეთ ოსეთშიც.

მრავალი თვალსაზრისით, მოსკოვი სამხრეთ ოსეთს უკვე ისე ექცევა, თითქოს ის უკვე რუსეთის ნაწილია და იმავე პოლიტიკურ მოდელს იყენებს. სერგეი კირიენკო რუსეთის შიდა პოლიტიკურ ბლოკს კურირებს, თუმცა ამავდროულად მოსკოვის დე-ფაქტო კლიენტ-სახელმწიფოების კურატორიც არის. როგორც ჩანს, მას სურს, სამხრეთ ოსეთს სათავეში ჩაუდგეს მასთან დაახლოებული ადამიანი, რომელსაც პირადად ენდობა.

რა თქმა უნდა, შეეძლოთ, ცხინვალში ყველაფერი ძველებურად დაეტოვებინათ. მაგრამ, ვფიქრობ, მოსკოვი სულ უფრო და უფრო მეტად უკმაყოფილო იყო იქ არსებული კორუფციითა და უხეირო მენეჯმენტით. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახალი შეთანხმება ამ პრაქტიკას სამართლებრივ საფუძველს აძლევს და მას გაცილებით ლეგიტიმურს აჩენს.

საინტერესო ის იქნება, სექტემბერში, ვადამდელი არჩევნების შემდეგ, ამომრჩეველიც მოსკოვის კარნახს დაემორჩილება თუ არა. სამხრეთ ოსეთში ყოფილა პრეცედენტები, როდესაც კრემლის სურვილები ავტომატურად არ სრულდებოდა - იყო შემთხვევაც, როდესაც ამომრჩეველმა კრემლის რჩეულ კანდიდატს არ მისცა ხმა. ამის მაგალითი იყო 2000-იანი წლების დასაწყისი, განსაკუთრებით კი 2011 წლის ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც მოსკოვს პროცესებში საკმაოდ უხეშად მოუწია ჩარევა. თუმცა ამ პრეცედენტის შემდეგ კრემლი დე-ფაქტო რესპუბლიკების არჩევნებში ღიად ჩარევას, ძირითადად, ერიდებოდა, რადგან მიხვდა, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, საბოლოოდ მაინც მოსკოვთან მოუწევს ადაპტირება. და, რა თქმა უნდა, იქ რეალურად ანტირუსი პოლიტიკოსები არც არსებობენ.

ბოლო არჩევნებზე მოსკოვი ხშირად სწორედ იმ კანდიდატებს უჭერდა მხარს, რომლებიც რუსეთთან დაუყოვნებლივი გაერთიანების იდეას ნაკლები ენთუზიაზმით ემხრობოდნენ...

რადიო თავისუფლება: დიახ, აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთში არჩევნები, როგორც წესი, ორ პრორუს კანდიდატს შორის არჩევანს გულისხმობს. მთავარი კითხვა ის კი არ არის, რომელი მათგანია ნაკლებად ლოიალური რუსეთის მიმართ, არამედ ის, თუ ამ ორიდან რომელს ანიჭებს უპირატესობას თავად მოსკოვი.

ჰელგე ბლაკისრუდი: ზუსტად ასეა. და რაც საინტერესოა, ბოლო არჩევნებზე მოსკოვი ხშირად სწორედ იმ კანდიდატებს უჭერდა მხარს, რომლებიც რუსეთთან დაუყოვნებლივი გაერთიანების იდეას ნაკლები ენთუზიაზმით ემხრობოდნენ.

რადიო თავისუფლება: ანუ გამოდის, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მიმართ პოლიტიკას კი არ ცვლის, არამედ საკუთარ ე.წ. „უბის წიგნაკს“, უბრალოდ, ახალ ჩანაწერებს, ახალ ინსტრუქციებს ამატებს.

ჰელგე ბლაკისრუდი: დიახ. რატომ უნდა დაიხარჯო და გადაიხადო ფორმალური ანექსიის პოლიტიკური ფასი, როცა შეგიძლია დანიშნო ადამიანი, რომელიც, ფაქტობრივად, გუბერნატორის ფუნქციას შეასრულებს, მოახდინო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სამხრეთი ოსეთი, ეტაპობრივად, სრულფასოვან რუსულ რეგიონად აქციო - თან ისე, რომ არც ფორმალური ანექსია დაგჭირდეს და არც საქართველოს ხელისუფლებასთან ზედმეტი დაძაბულობა გამოიწვიო? ნაბიჯ-ნაბიჯ ხომ ისედაც აღწევ იმას, რასაც, არსებითად, ანექსია ჰქვია, ოღონდ სხვა სახელით.

ამავე დროს, თავიდან ირიდებ ზედმეტ პროვოკაციებს, დასავლეთის მწვავე რეაქციას, და არც საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწევს უფრო რუსეთის მიმართ კრიტიკული პოზიციის დაკავება.

საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად ხედავს, რას აკეთებს მოსკოვი...

რადიო თავისუფლება: და თუ ეს ყველაფერი ასეც მოხდა, გართულებების გარეშე, თქვენი აზრით, თბილისი რას გააკეთებს? საერთოდ, რეალურად დარჩა კი საქართველოს მოქმედების, მანევრის რაიმე სივრცე?

ჰელგე ბლაკისრუდი: საქართველოს ხელისუფლება ძალიან კარგად ხედავს, რას აკეთებს მოსკოვი. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს ისეთი ქმედითი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც თბილისს დღეს შეუძლია და რომელიც ამა თუ იმ ფორმით აქამდე უკვე არ უცდია - თანაც, უშედეგოდ.

და რაც უფრო მეტი დრო გადის, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი უფრო და უფრო მუქდება, ადამიანებს შორის კონტაქტები სულ უფრო იკლებს, მით უფრო რთული ხდება რეინტეგრაციის რეალური გზის წარმოდგენა.

რადიო თავისუფლება: ამის ფონზე, იქნებ განგვიმარტოთ ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადების ლოგიკა, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც მან თქვა, რომ საქართველომ ოს და აფხაზ ძმებს ბოდიში უნდა მოუხადოს? თქვენი აზრით, რა იყო ამ გზავნილის მიზანი? რა სცენარია?

ჰელგე ბლაკისრუდი: სიმართლე გითხრათ, მეც საგონებელში ვარ. კარგად არ მესმის, რისი მიღწევა უნდოდა ამ განცხადებით.

არა მგონია, ამით მოსკოვზე რაიმე გავლენის მოხდენა ყოფილიყო შესაძლებელი. და არც სოხუმსა და ცხინვალში მოუბრუნდებოდათ გული თბილისზე.

საგონებელში ვარ. კარგად არ მესმის, რისი მიღწევა უნდოდა [ივანიშვილს] ამ განცხადებით. გაუგებარია, ვისგან ელოდა დადებით რეაქციას...

ჩემთვის გაუგებარია, ვისგან ელოდა დადებით რეაქციას. ეს დღემდე ერთგვარ გამოცანად რჩება.

რადიო თავისუფლება: აფხაზეთზე გადავიდეთ. თქვენს ნაშრომებში წერთ, რომ აფხაზეთი მხოლოდ „რუსეთის საცეცად“ არ უნდა განვიხილოთ. თქვენი შეფასებით, ის დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფუნქციონირებდა და დღემდე ინარჩუნებს გარკვეულ პოლიტიკურ ავტონომიას. ჩაგეძიებით: რამდენად მართებულია მტკიცება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად მოქმედებდა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ ფასადის მიღმა რეალურად ყველაფერს კრემლი წყვეტდა?

ჰელგე ბლაკისრუდი: ვიტყოდი, რომ ცხინვალთან შედარებით, სოხუმი გაცილებით უფრო დიდი შემართებით იცავს იმ სფეროებს, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ე.წ. უძრავი ქონების დისპუტია.

მოსკოვის მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, აფხაზეთი დღემდე ეწინააღმდეგება რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნას. არაერთი აფხაზი ლიდერი შეეცადა, კრემლის ზეწოლის ქვეშ, ეს საკითხი ამა თუ იმ ფორმით წინ წაეწია, მაგრამ ყოველ ჯერზე ამას ძლიერი შიდა წინააღმდეგობა, ოპოზიციის მობილიზაცია და, საბოლოოდ, მოსკოვის გეგმების ჩაშლა მოჰყვა.

განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ეს საკითხი 2020 წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ჰარმონიზაციის შეთანხმების ნაწილია. ეს შეთანხმება კი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც მოსკოვმა 9 მაისს ცხინვალთან გააფორმა.

ის ფაქტი, რომ აფხაზებმა, თუ პროცესის შეჩერება არა, მისი გადავადება მაინც არაერთხელ შეძლეს, აჩვენებს, რომ აფხაზეთში დღემდე არსებობს პოლიტიკური ავტონომიის გარკვეული ხარისხი, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია მოსკოვისგან.

აფხაზეთის მცდელობები, როგორმე დაძლიონ საერთაშორისო იზოლაცია, სულ უფრო და უფრო უიმედოდ გამოიყურება...

რადიო თავისუფლება: რამდენად გამძლე და სიცოცხლისუნარიანია ეს ავტონომია? როგორ ფიქრობთ, შეძლებს აფხაზეთი ბოლომდე გაუძლოს კრემლის ზეწოლას? და თუ საქმე საქმეზე მიდგა, მოსკოვს ღიად დაუპირისპირდება?

ჰელგე ბლაკისრუდი: ვერა. აი, ზემოთ ვახსენეთ, რომ საქართველოს მანევრირებისთვის მწირი სივრცე აქვს, მწირი არჩევანი, მაგრამ თბილისს სხვა მიმართულებით გახედვის შესაძლებლობა მაინც აქვს, აფხაზეთს კი სხვა „გასასვლელი“ არსად აქვს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წელს ცალმხრივად აღიარა, განსაკუთრებით კი 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აფხაზეთის მცდელობები, როგორმე დაძლიონ საერთაშორისო იზოლაცია, სულ უფრო და უფრო უიმედოდ გამოიყურება. ამიტომ, თუ საქმე საქმეზე მიდგება, მათ არ აქვთ ისეთი ბერკეტი, რომლის გამოყენებითაც კრემლისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდნენ.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - აფხაზეთში არსებობს სურვილი და მზაობა, დაიცვან ის, რასაც საკუთარი სუვერენიტეტის სიმბოლურ ელემენტებად მიიჩნევენ. სწორედ ეს განასხვავებს აფხაზეთს სამხრეთ ოსეთისგან.

მოსკოვი აფხაზეთს საკუთარ საცეცად აღიქვამს, თუმცა ისეთ საცეცად, რომელსაც, შესაძლოა, საკუთარ თავსა და მნიშვნელობაზე ოდნავ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს...

რადიო თავისუფლება: ანუ თავად აფხაზები საკუთარ თავს რუსეთის საკბილოდ არ მიიჩნევენ. მაგრამ რუსეთი? მოსკოვი განა არ უყურებს აფხაზეთს როგორც საკუთარ „საცეცს“?

ჰელგე ბლაკისრუდი: აქ დაგეთანხმებით - ადრეც ვწერდი, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის ოფიციალურმა აღიარებამ, არსებითად, არ შეცვალა ის, თუ როგორ ურთიერთობს მოსკოვი დე-ფაქტო კლიენტებთან.

რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები არსებობს. მაგალითად, კურატორების ნაცვლად უკვე დიპლომატიური წარმომადგენლობების შექმნა შეგიძლია. „სამშვიდობო ძალები“ ჩვეულებრივ სამხედრო ბაზებად შეიძლება გადააქციო. აღიარება ურთიერთობას უფრო ფორმალურს ხდის და ოფიციალურ თანამშრომლობას ამარტივებს.

მაგრამ, არსებითი განსხვავება არ გვინახავს იმაში, თუ როგორ უდგება რუსეთი არაღიარებულ წარმონაქმნებთან ურთიერთობას და როგორ - იმ დე-ფაქტო სახელმწიფოებთან, რომლებიც თავადვე აღიარა.

ამიტომ, დიახ, მოსკოვი აფხაზეთს საკუთარ საცეცად აღიქვამს, თუმცა ისეთ საცეცად, რომელსაც, შესაძლოა, საკუთარ თავსა და მნიშვნელობაზე ოდნავ გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.

რადიო თავისუფლება: ჩვეულებრივ, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებს აფხაზეთის პრიზმიდან ვუყურებთ, რადგან ჰარმონიზაციის შეთანხმება პირველად სწორედ იქ გაფორმდა. მაგრამ ამ შემთხვევაში, იქნებ პირიქით უნდა შევხედოთ? შეიძლება თუ არა კამბოლოვის დანიშვნა სამხრეთ ოსეთში იქცეს სწორედ იმ მოდელად, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვი აფხაზეთშიც დანერგავს?

ჰელგე ბლაკისრუდი: ვფიქრობ, ეს სავსებით რეალური სცენარია. მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიზაციის შეთანხმება პირველად აფხაზეთთან გაფორმდა, მისი განხორციელება გაჭიანურდა - არსებობს რეფორმების გრძელი ჩამონათვალი, რომელიც განუხორციელებელი რჩება. ამ თვალსაზრისით, ცხინვალი ძალიან ადვილად შეიძლება „დაეწიოს“ სოხუმს. ასეთი ექსპერიმენტებისთვის სამხრეთი ოსეთი გაცილებით უფრო ნაყოფიერი ნიადაგია.

საბოლოოდ აფხაზეთსაც იმავე მიმართულებით მოუწევს წასვლა, რა მიმართულებითაც დღეს ცხინვალი მიდის, უბრალოდ - უფრო ნელი ტემპით და გაცილებით მეტი წინააღმდეგობის ფონზე...

რადიო თავისუფლება: ანუ თუ მოსკოვმა ეს მოდელი სამხრეთ ოსეთში წარმატებით დანერგა, შემდეგ აფხაზებსაც ეტყვის - აბა, თქვენ რაღა გაკავებთ? რატომ არ ასრულებთ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ? რით ხართ განსაკუთრებულები?

ჰელგე ბლაკისრუდი: თავად აფხაზებს, ეჭვგარეშეა, სწორედ ასე მიაჩნიათ - რომ ისინი განსხვავდებიან, განსაკუთრებულები არიან. ცხადია, ამას ღიად არ იტყვიან. არავინ განაცხადებს: „ჩვენ ვიჭირვეულებთ და გაგიძალიანდებით“.

თუმცა, ვფიქრობ, საბოლოოდ აფხაზეთსაც იმავე მიმართულებით მოუწევს წასვლა, რა მიმართულებითაც დღეს ცხინვალი მიდის, უბრალოდ - უფრო ნელი ტემპით და გაცილებით მეტი წინააღმდეგობის ფონზე.

ჰარმონიზაცია ცალმხრივი პროცესია. რუსეთი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზებს მოერგოს. მთელი ეს პროცესი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ამ ტერიტორიების რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირებას.

მაგრამ ვფიქრობ, როდესაც მოსკოვი აფხაზეთის „წითელ ხაზებს“ გადააწყდება, უფრო ფრთხილად და მოთმინებით იმოქმედებს.

რადიო თავისუფლება: თუმცა, საბოლოოდ, ეს „წითელი ხაზებიც“ ფანქრითაა გავლებული და არა მარკერით. სურვილის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება წაიშალოს.

ჰელგე ბლაკისრუდი: ნამდვილად ასეა. საბოლოოდ, წინააღმდეგობის გასაწევად მათ ძალიან ცოტა რესურსი აქვთ. შეუძლიათ პროცესი გააჭიანურონ, მაგრამ ეს არის და ეს.

თუ ისტორიამ რამე გვასწავლა, ეს ისაა, რომ სიტყვები „კეთილგანწყობილი“ და „რუსეთი“ ერთმანეთთან მაინცდამაინც არ ასოცირდება...

რადიო თავისუფლება: აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის მცდელობებს დავუბრუნდეთ. ბოლო მაგალითი იყო განიდან, კერძოდ, ქალაქ სუჰუმიდან ჩასული დელეგაციის ვიზიტი. რეალურად, აქვთ ასეთ ვიზიტებს რაიმე პოლიტიკური წონა? და საერთოდ, რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით?

ჰელგე ბლაკისრუდი: ვფიქრობ, ეს პროცესი მთლიანად ჩიხშია შესული. ვერანაირ წინსვლის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ის პროგრესიც კი, რაც აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების მიმართულებით ოდესმე ჰქონია, სოხუმის ძალისხმევის კი არა, რუსეთის ზეწოლის შედეგი იყო. და ამ მიმართულებით რეალური პროგრესის პერსპექტივას დღეს ვეღარ ვხედავ. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობამ, პრაქტიკულად, თავი ამოწურა.

რადიო თავისუფლება: მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებენ მცდელობებს. რატომ? ეს ერთგვარი - „fake it till you make it“ (თავი იმად გაასაღე, რაც გინდა იყო, სანამ მართლაც გახდები) -ის სტრატეგიაა?

ჰელგე ბლაკისრუდი: მათ ეს მცირე, სიმბოლური გამარჯვებები სჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამით ხომ უნდა გაამართლოს საკუთარი არსებობა. ეს ყველაფერი, დიდი დოზით, შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი.

მაგრამ fake it till you make it გეოპოლიტიკაში არ მუშაობს. ამიტომ არა, არ მგონია, ამ გზით რამეს მიაღწიონ. ეს ჩიხია.

მეორე მხრივ, თუ ძლიერი და კეთილგანწყობილი მფარველი გყავს, ასეთ ჩიხში ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლებად კომფორტული არსებობაც შესაძლებელია. ამის კარგი მაგალითია ჩრდილოეთ კვიპროსი - ჩიხში ხარ, მაგრამ არსებობას მაინც ახერხებ.

აფხაზეთის შემთხვევაში საკითხავი ის არის, რამდენად კეთილგანწყობილია მისი მფარველი. და თუ ისტორიამ რამე გვასწავლა, ეს ისაა, რომ სიტყვები „კეთილგანწყობილი“ და „რუსეთი“ ერთმანეთთან მაინცდამაინც არ ასოცირდება.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG