Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აქ თუ იმყოფება სანაია?“ - როგორ დააჯარიმეს ჟურნალისტის ფეისბუკში შეურაცხყოფისათვის 53 წლის კაცი

ზვიად ოსიყმაშვილი (მარცხნივ) და ვახო სანაია. ილუსტრაცია
ზვიად ოსიყმაშვილი (მარცხნივ) და ვახო სანაია. ილუსტრაცია

ფეისბუკში ჟურნალისტის, ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 53 წლის ხელოსანი, ზურაბ ოსიყმაშვილი, 2000 ლარით დააჯარიმა. 25 ივნისს სასამართლო სხდომაზე ის მარტო, ადვოკატის გარეშე მივიდა.

შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო კაცს წვრილმან ხულიგნობას - ერთ-ერთი ფეისბუკ-მომხმარებლის, თინათინ თოფურიას პოსტის (ვიდეო, რომელზეც ვახო სანაიაა გამოსახული სომხურ ენაზე სიმღერის ფონზე) ქვეშ დაწერილი გინების გამო ედავებოდა.

კომენტარი, რომელიც ზურაბ ოსიყმაშვილმა პოსტის ქვეშ 8 ივნისს დატოვა: „შენი მიშას **თ ნაცემი დედას შე**ი“.

„ინვალიდი ძმა მყავს. ავადმყოფი დედა. მარტო 1500 ლარის წამლები სჭირდება, თირკმლები აწუხებს. 2000 ლარს როგორ გადავიხდი, ფაქტობრივად, მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემომტანი“, - სხდომათა დარბაზიდან გამოსული ზვიად ოსიყმაშვილი ჟურნალისტებს ეკითხებოდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ჯარიმას ვერ გადაიხდის ან სად და როდის შეიძლებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

"აქ თუ იმყოფება ვახო სანაია?"

სხდომაზე ზურაბ ოსიყმაშვილმა თქვა, რომ არ იცოდა, რატომ იყო დაბარებული სასამართლოში და საქმის მასალების წარდგენა ითხოვა:

„გავეცნო, აბა, რაზე მედავებიან, ესეც არ ვიცი ნორმალურად. ეგ გასაგებია, რომ შეურაცხყოფას მედავებიან, მაგრამ ხო უნდა ვნახო, რას მედავებიან, რო მივაყენე შეურაცხყოფა, ე.ი. მიზეზი მქონდა, ხო, ალბათ? უბრალოდ ვიცოდე, რის თაობაზე მედავებიან“.

მოსამართლის თანაშემწემ მას ამობეჭდილი საქმის მასალები გადასცა, კაცმა გადაათვალიერა ფურცლები, მალევე გადადო გვერდზე და თქვა:

„ვერა ვხედავ, დაიკო, სათვალე დამრჩა სახლში, მაშინ იქნებ სიტყვიერად ამიხსნათ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის განმარტების შემდეგ, ზურაბ ოსიყმაშვილმა იკითხა:

„აქ თუ იმყოფება ვახო სანაია? ვერ გავიგე, თვითონ არ მოვიდა და თან მიჩივის? თან ამ სასამართლოს არ აღიარებენ და თან მიჩივის?“

შსს-ს იურისტი ამჯერადაც შეეცადა მისთვის აეხსნა, რომ ახლად შექმნილ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შეუძლია, რომ მომჩივნის განცხადების გარეშე იმოქმედოს და ეს საქმეც ვახო სანაიას საჩივრის გარეშე, შსს-მ საკუთარი გადაწყვეტილებით წამოიწყო.

„საოცრებაა პირდაპირ. სამართალდარღვევაზე რა გითხრათ და თვითონაც რომ შეურაცხმყოფელ პოსტებს წერენ, იქ რელიგიურ თუ სხვა თემებზე, იგივე სანაიას პოსტები, ამ ქვეყანაში ადამიანმა, მართლმადიდებლობის ქვეყანაში, შეურაცხყოფა აყენოს წმინდა მარიამს, უფლებას აძლევს თავს, შეურაცხყოფა მიაყენოს ამდენ ქართველს. და მერე ადგეს და სამართალი მოითხოვოს, როცა თვითონ არ აღიარებენ ამ სასამართლოს“...

სხდომაზე გაირკვა, რომ ზურაბ ოსიყმაშვილისთვის არა კონკრეტულად ის პოსტი გახდა მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტს არანორმატიული ლექსიკით მიმართა, არამედ, როგორც თავად თქვა, ზოგადად, მისთვის მიუღებელია ვახო სანაიას „შეხედულება საკითხებისადმი“.

„მე ჩემს აღშფოთებას გამოვხატავ. ქართველ ხალხს აფურთხებენ და მერე აქეთ მედავებიან. თვითონ რომ ყოფილიყო ეს პირი აქ, პირადად ვკითხავდი... უბრალოდ, მაინტერესებს, რატომ ეზიზღებათ ქვეყანა ისე, რომ ყველაფერს თელავენ ფეხქვეშ... ძაან არაადეკვატური რაღაცები ხდება და ადეკვატურ პასუხს თუ მიიღებენ, მაშინ უნდა მიიღონ... კი, მე შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ ჩემი მოტივაცია მქონდა“.

სანაია: „არცერთი ხელისუფლების, არც ამ რეჟიმის საქმე არაა, ვინ რას დაწერს“

25 ივნისის დილას, ვახო სანაიამ რადიო თავისუფლებისგან შეიტყო, რომ შსს-მ მისი შეურაცხყოფისათვის სამართალწარმოება დაიწყო.

ვახო სანაია ჟურნალისტების აქციაზე რუსთაველის გამზირზე. 2021 წელი
ვახო სანაია ჟურნალისტების აქციაზე რუსთაველის გამზირზე. 2021 წელი

„წარმოდგენა არ მაქვს, ვის უჩივიან და რატომ. წარმოუდგენელი ამბავია, რადგან მე არ მაქვს პრეტენზია სამართლებრივ ნაწილში არავისთან. რა თქმა უნდა, ეს არის აზრის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, იმისათვის, რომ ადამიანებმა არ ილაპარაკონ, არ წერონ.

ჩემთვის სულერთია, რა დაწერა ამ ადამიანმა. აქ მთავარია პრინციპი, როგორ ცდილობენ, ადამიანებზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი“.

თავად ვახო სანაია გასული წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა 4000 ლარით სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო. მას ჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თეა წულუკიანის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფისათვის დააკისრა.

„ეს არის აბსოლუტური თვალთმაქცობა იმისათვის, რომ ვითომ ახლა იქით აჯარიმებენ ვიღაცებს, რომ, აი, მხოლოდ ჩვენი შეურაცხყოფისათვის კი არა, ოპონენტების შეურაცხყოფის გულისთვისაც ვაჯარიმებთ ხალხს და შეურაცხყოფას რასაც უნდა იმას დაარქმევენ.

ამ სამმართველოს არანაირი შეხება არ აქვს ვინმეზე ზრუნვასთან, არცერთ ხელისუფლებას, არცერთ მთავრობას, ამ რეჟიმს კონკრეტულად, არაფერი ესაქმება, ვინ რას დაწერს და თუკი ვინმე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, როგორმე მიხედავს თავს და თავად გაარკვევს ურთიერთობას, ეს სამართლებრივად მოუნდება თუ როგორ“.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე. ამ სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.

პირველი ორი კვირის მონაცემებით, შსს-მ სასამართლოებში 60-მდე საქმე შეიტანა. ყოველდღიურად, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სასამართლოში მინიმუმ 4-5 საქმე იხილება.

მაგალითად, 25 ივნისს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმეებს იხილავენ თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, დედოფლისწყაროს, ბათუმის მოსამართლეები.

ის კომენტარები, რომელთა გამოც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე ვერ დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.

შსს მოქალაქეებს ორი მუხლით ედავება: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება და 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მუხლები, ჯამში, 1500-დან 6000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG