ამის შესახებ იტყობინება გამომცემლობა „ეკსმო“ და განმარტავს, რომ საქმე ეხებოდა რამდენიმე წიგნს „ლგბტ პროპაგანდის“ ნიშნებით, რომლებიც გამომცემლობა Popcorn Books-მა გამოსცა, სანამ „ეკსმოსთან" გაერთიანდებოდა.
გამომცემლობაში ამბობენ, რომ „რამდენიმე ათეული ასეთი წიგნი არ იყო ასახული საწყობის მარაგებში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყიდებოდა Popcorn Books-ის დახურვის პროცესში“. ეს იყო ბრალდება, რომელიც სამართალდამცავებმა წაუყენეს გამომცემლობის ყოფილ თანამშრომლებს. მათ თქვეს, რომ „არატრადიციული ურთიერთობების“ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ევგენი კაპიევმა გამოსცა ბრძანებები და დებულებები, რომლებიც არეგულირებდა გამომცემლობის პოლიტიკას.
„ეკსმომ“ გამომცემლობის უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ცრუ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ბენეფიციარები რუსი ფიზიკური პირები არიან, მათ შორის საგამომცემლო ჯგუფ „ეკსმო-ასტის" პრეზიდენტი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი ოლეგ ნოვიკოვი. მათ ასევე აღნიშნეს, რომ 21 აპრილს მოსკოვში, ზორგეს ქუჩაზე მდებარე გამომცემლობის ოფისში არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ და არც წიგნები არ ამოუღიათ.
21 აპრილს „ეკსმოში" ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. ტელეკომპანია РЕН ТВ ამტკიცებს, რომ გამომცემლობის მენეჯერებმა შეიმუშავეს „არასრულწლოვანთა შორის ლგბტ ლიტერატურის გავრცელების სქემა“. კერძოდ, შესაძლოა საუბარი იყოს რომანზე „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“. ეს წიგნი 2021 წელს გამოსცა გამომცემლობა Popcorn Books-მა, რომელიც მოგვიანებით „ეკსმოს“ კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ელენა მალისოვას და კატერინა სილვანოვას რომანი, რომელიც ჰომოსექსუალურ ურთიერთობებზეა, რუსეთში აიკრძალა, ხოლო მისი ავტორები „უცხოელ აგენტებად“ შერაცხეს. 2025 წლის მაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ბრალდებით დააკავეს „ეკსმოსთან" დაკავშირებული გამომცემლობების, მათ შორის Popcorn Books-ისა და Individuum-ის სამი თანამშრომელი. ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული ორგანიზაციის ორგანიზების საქმეში, რომლადაც ადრე აღიარებული იყო არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“.
„ეკსმო“ რუსეთის წიგნის უდიდესი გამომცემელი და სავაჭრო კომპანიაა, რომლის მთლიანმა მოგებამ 2024 წელს 8,22 მილიარდ რუბლს (105 მილიონ დოლარზე მეტი) მიაღწია. 2025 წელს გამომცემლობის მთლიანი შემოსავალი 18%-ზე მეტით გაიზარდა, ქაღალდისა და ციფრული წიგნების, ასევე სხვა ასორტიმენტის გაყიდვების ჩათვლით. ამის შესახებ ადრე გამომცემლობა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი კაპიევმა. მისი თქმით, „ეკსმომ“ დაიწყო „პირდაპირი თანამშრომლობა უცხოურ სამსახურებთან, აფართოებს თავის ყოფნას მსოფლიო ბაზარზე“.
გამომცემლობა Popcorn Books-მა გამოაქვეყნა რომანი „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“, რის შემდეგაც მათზე უზარმაზარი ზეწოლა დაიწყეს."
გამომცემლობა „ეკსმოში” ჩხრეკებისა და ახალი დაპატიმრებების მიზეზების შესახებ რადიო თავისუფლებას უამბო დამოუკიდებელი გამომცემლობა Vidim Books-ის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ გავრილოვმა:
"ოფიციალური ვერსიით, ევგენი კაპიევმა, გამომცემლობა „ეკსმოს“ გენერალურმა დირექტორმა, შექმნა რუსეთში ლგბტ ლიტერატურის გავრცელების სქემა. როგორც გვახსოვს, გამომცემლობა Popcorn Books-მა გამოაქვეყნა რომანი „ზაფხული პიონერის ყელსახვევით“, რის შემდეგაც მათზე უზარმაზარი ზეწოლა დაიწყეს. ამაში აქტიური როლი ითამაშა ცნობილმა პროპაგანდისტმა ზახარ პრილეპინმაც. ამის შემდეგ, გამომცემლობა Popcorn Books-ი შეიძინა სააქციო კომპანია „ეკსმო-ასტმა" და Popcorn Books-ი „ეკსმოს“ ნაწილი გახდა. თუმცა ამ წიგნის რუსეთში გამოცემა კვლავ შეუძლებელი იყო. ამიტომ, ისევე როგორც ბევრი სხვა წიგნის, სხვა საქმეებისა თუ ბიზნესამოცანების შემთხვევაში, „ეკსმომ“ Popcorn Books-ის წიგნებისთვის საგანგებოდ შექმნა გამომცემლობა ერთიანი საბაჟო სივრცის ტერიტორიაზე".
ეს წიგნები იქ იბეჭდებოდა და შემდეგ რუსეთში იყიდებოდა „ეკსმო-ასტ“ ჰოლდინგის სავაჭრო არხებით. მათ აქვთ საკუთარი უზარმაზარი სავაჭრო საშუალებები. ეს ყველაფერი ერთი წიგნის გამო ხდება. საერთოდ, ომის დაწყებიდან, „ეკსმო“ საკმაოდ თამამ პოზიციას იკავებს. ერთი მხრივ, ისინი აქვეყნებენ ყველანაირ “Z-ნაგავს”, მაგალითად, ალექსანდრ პროხანოვის წიგნს „ლემნერი“. მეორე მხრივ, გამოსცემენ ბევრ თამამ წიგნსაც, რომლებიც ნათლად ასახავენ, თუ რა ხდება ამჟამად რუსეთში. მაგრამ მათთან მივიდნენ იდიოტური მიზეზით - „ზაფხული პიონერის ყელსახვევთან“ დაკავშირებით, რომელიც დიდი ხანია, არ იყიდება.
ოფიციალურად გამომცემლობა „ეკსმოსში" ჩხრეკისა და ევგენი კაპიევის დაპატიმრების მიზეზები ნათელია. ამავდროულად, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის დაშინების ელემენტი საკუთრივ ჰოლდინგისა, რომელმაც, ხელისუფლების აზრით, გაცილებით უფრო მორჩილი და ნაკლებად დამოუკიდებელი პოზიცია უნდა დაიკავოს, და ასევე ბაზრის ყველა სხვა მონაწილის მიმართ. ხელისუფლება ცდილობს, ისე გააკეთოს, რომ ბიზნესმა არ ეძებოს შემოვლითი გზები, თავი დაანებოს საკუთარი საქმის კეთებას, პირში უყუროს სახელმწიფოს და პირველივე დასტვენაზე სასწრაფოდ შეასრულოს ბრძანებები ზემოდან. მე ვხედავ, რომ სახელმწიფოს თანმიმდევრულად აჰყავს მძევლები და ევგენი კაპიევის დაპატიმრება სერიოზული სვლაა ამ საჭადრაკო პარტიაში“, - ამტკიცებს ალექსანდრ გავრილოვი.
გიორგი ურუშაძე, გამომცემლობა Freedom Letters-ის დამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ „ეკსმოში“ ჩატარებული ჩხრეკა შესაძლოა ხელისუფლებასთან დაახლოებული სტრუქტურების სურვილით მოხდა, რომ ხელში ჩაიგდონ წარმატებული ბიზნესი:
ვფიქრობ, ისინი არ მისულან დირექტორის გამო, მათ მთელი გამომცემლობა აინტერესებთ."
"ეკსმო" უზარმაზარია და ბიზნესის ზოგიერთ სფეროში ის თითქმის მონოპოლისტია. ვფიქრობ, ისინი არ მოსულან აღმასრულებელი დირექტორის გამო, მათ მთელი გამომცემლობა აინტერესებთ. ეს ქონების მითვისებას უფრო ჰგავს და არა ახალგაზრდა თაობის "ლგბტ საზოგადოების მავნე გავლენისგან" დაცვას. "ეკსმო" არის ორგანიზაცია, რომელიც დამოკიდებული იყო თავის მთავარ აქციონერზე, ოლეგ ნოვიკოვზე და არა რომელიღაც ჰიპოთეზურ ფსბ-ს აგენტებსა თუ ოლიგარქებზე. ის მიმზიდველი საკბილოა, რადგან ზოგიერთს სჯერა, რომ გამომცემლობის ფლობით შეუძლია იდეოლოგიურად უფრო სწორად მოიქცეს, სათანადოდ აღზარდოს ახალგაზრდა თაობა და ა.შ. მაგრამ ეს მხოლოდ გამომცემლობა არ არის; მას ასევე აქვს ბეჭდური საწარმო და წიგნების საცალო ქსელი. სწორედ ამიტომ, "ეკსმო" ყველა კუთხით მიმზიდველი ობიექტია ჩამოსართმევად და კონტროლის ქვეშ მოსაქცევად. სამწუხაროდ, ეს კარგს არაფერს მოიტანს.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ წიგნში ისეთი რამ იყოს, რაც ახლა აკრძალული არაა, მაგრამ ერთ თვეში აიკრძალება."
რა თქმა უნდა, სხვა გამომცემლები „ეკსმოს“ ბრაზით უყურებდნენ, რადგან მონოპოლია ყოველთვის ცუდია. „ეკსმოსთან“ შედარებით, სხვა გამომცემლობები ძალიან პატარა ჩანდნენ, ამ დროს კი „ეკსმოს" შეეძლო თავისი პირობების ბაზრისთვის კარნახი და პირდაპირი გავლენის მოხდენა. თუმცა მასთან ასეთი ანგარიშსწორება არაა სამართლიანი. სხვა გამომცემლები ახლა კიდევ უფრო შეშინდებიან და გამოცემული წიგნების რაოდენობა შემცირდებოდა. ახლა გამომცემლები სიფრთხილით იმოქმედებენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ წიგნში ისეთი რამ იყოს, რაც ახლა აკრძალული არაა, მაგრამ ერთ თვეში აიკრძალება. გამოცემა კი ძვირადღირებული პროცესია: უნდა ჩადო ინვესტიცია, შეიძინო უფლებები, თარგმნო (თუ ეს ნათარგმნი წიგნია), აწყობა და კორექტირება. ეს საკმაოდ დიდი თანხაა და ჯარიმებიც მაღალია. ასე რომ, ეს ყველაფერი საკმაოდ რთული ამბავია. გამომცემლები იფიქრებენ, რომ ნებისმიერს შეიძლება მიადგნენ ნებისმიერი მიზეზით.
თუ ადრე წიგნები უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალება იყო, სადაც ყველაფრის გამოქვეყნება შეიძლებოდა, ახლა ისინი ამკრძალავი ზომების ცენტრშია და ეს ძალიან სამწუხაროა. რუსეთის მთავრობა დიდ პატივს სცემს მწერლებს და ეს აისახება მათ მიმართ უკიდურეს შიშში - მათ შერაცხავს „უცხოეთის აგენტებად“, ექსტრემისტებად და ტერორისტებად. მაგალითად, სერგეი დავიდოვის „სპრინგფილდის“ და ივან ფილიპოვის „თაგვის“ ტირაჟები, რომლებიც ჩვენი გამომცემლობის მიერ არის გამოცემული, რუსეთში განადგურდა. მთავრობას წიგნების ეშინია და ეს მის სისუსტეზე მეტყველებს. ის წიგნებს ებრძვის, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, რუსეთში ჩვენი ყველა წიგნი ხელმისაწვდომია.
დღეს ბევრს კითხულობენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ნაცისტურ გერმანიაში და მას ადარებენ რუსეთში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას."
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, წიგნის ბაზარი მნიშვნელოვნად დაზარალდა არა მხოლოდ ცენზურისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შიშისგან, არამედ ფასების ზრდისგან, გადასახადების ზრდისა და ხალხის მსყიდველობითი უნარის გამოც. მეორე მხრივ, საზოგადოება ახლა აქტიურად კითხულობს წიგნებს; მაგალითად, ჯორჯ ორუელი ისევ მოდაშია. „1984“ წლების განმავლობაში რეკორდული რაოდენობით იყიდება. ხალხი წიგნებში ეძებს ნუგეშსა და რაღაცის აზრს. დღეს ბევრს კითხულობენ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი ნაცისტურ გერმანიაში და მას ადარებენ რუსეთში არსებულ ამჟამინდელ ვითარებას. გარკვეული გაგებით, ეს ასევე ნუგეშისმომგვრელი საკითხავია, რადგან ნაცისტური გერმანია დიდი ხანია დავიწყებას მიეცა და არსებობს იმედი, რომ ეს რეჟიმი, რომელსაც ასე ეშინია წიგნებისა და მწერლების, დიდხანს ვერ გაძლებს", - ამბობს გამომცემელი გიორგი ურუშაძე.