„მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, ეუბნება „სოლიდუსის“ მფლობელი, ბიზნესმენი გიორგი არველაძე რადიო თავისუფლებას.
15 აგვისტოს შპს „რეპსოლმა“ („ქონექტი“), რომლისგანაც „სოლიდუსი“ ქართულ ბაზარზე ბენზინს ყიდულობდა, განაცხადა, რომ კომპანიაზე „დამატებით მიწოდებას“ აღარ გეგმავს. „ქონექტს“, სხვა კომპანიების მსგავსად, საქართველოში ბენზინი ევროპული ქვეყნებიდან შემოაქვს.
„ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა“, - ამბობს არველაძე.
ბიზნესმენის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დროისთვის კომპანიის მიერ მიწოდებულია 680 ტონა ბენზინი. 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ეს რიცხვი „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემაც გააჟღერა.
ამასთან, არველაძე „დათვურ სამსახურს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიწოდებამ აფხაზეთში 3 ათასი ტონა შეადგინა.
13 აგვისტოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ფეისბუკში დაწერა, რომ აფხაზეთში 3 ათასი ტონა საწვავი გაიგზავნა. იმავე დღეს „სოლიდუსში“ განმარტეს, რომ საუბარი იყო 300 ტონაზე.
„პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ 3 ათას ტონაზე გამოიწვია აჟიოტაჟი, მათ შორის გალის რაიონში. ხალხი კითხულობს, სად არის 3 ათასი ტონა? არ შეიძლება ასეთი არასწორი მოლოდინების შექმნა“, - ამბობს არველაძე.
ბენზინის დეფიციტი გალში
ბიზნესმენის განცხადებით, კომპანიის მიერ აფხაზური კომპანიებისთვის მიწოდებული საწვავი გალზე, ოჩამჩირესა და ტყვარჩელზე გადანაწილდა, თუმცა დეფიციტის აღმოფხვრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ბენზინი „უცებ დაიტაცეს“.
გალის რაიონში საწვავის მწვავე დეფიციტის შენარჩუნებას ადასტურებენ რადიო თავისუფლების წყაროებიც. სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ გალში ენგურის ხიდით შეტანილი ბენზინის მცირე ნაწილი დარჩა.
„დღიური მოხმარება აფხაზეთში 430 ტონაა. ღია წყაროებში ჩანს, რუსეთიდან რამდენი შედის. 680 ტონა 2-3 დღის მარაგია. აფხაზური კომპანიები ვერ ყიდულობენ საწვავს რუსეთიდან, ამიტომაც გაჩნდა სიტყვა „ალტერნატივა“, - ამბობს გიორგი არველაძე.
მისივე განცხადებით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დეფიციტი, შესაბამისად, ბენზინის მოწოდებაზე მუშაობა შესაძლოა „ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდეს“.
18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით და ამით შეივსება საწვავის დეფიციტი, რითაც ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება“.
„აზიდის“ განცხადება
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი მსხვილი კომპანია „აზიდი“ ერთ-ერთია, რომელსაც საწვავს „სოლიდუსი“ აწვდის.
17 აგვისტოს „აზიდმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საწვავის ბაზარზე ვითარება „რთულია“. კომპანიის ცნობით, ბენზინის მიწოდების მოცულობა „ტრადიციული არხებით“ (ანუ რუსეთიდან) „ვერ ფარავს ბაზრის მიმდინარე მოთხოვნას“.
„ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ბენზინის დამატებითი მოცულობების მოსაძიებლად, მათ შორის ალტერნატიული წყაროებიდან. მთელი შემოსული რესურსი მაქსიმალურად ოპერატიულად იგზავნება ავტოგასამართ სადგურებზე, ხოლო მისი გადანაწილება ორგანიზდება ისე, რომ შესაძლებლობის ფარგლებში შემცირდეს ლოდინის დრო და რიგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„აზიდის“ ცნობით, „გარკვეული პერიოდით მოხერხდა ბენზინის დამატებითი მოცულობების მოზიდვა ალტერნატიული წყაროებიდან“. კომპანია ირწმუნება, რომ არათუ მოგებაზე არ მუშაობს, არამედ ბენზინს შესყიდულ ფასზე იაფად ყიდის.
ქართული კომპანიის მიერ მიწოდებულ საწვავს „ალტერნატიულ წყაროდ“ დე ფაქტო მთავრობაც მოიხსენიებს.
არსებული ინფორმაციით, „სოლიდუსი“ კიდევ ორ აფხაზურ კომპანიასთან თანამშრომლობს - ესენია შპს „ალხანი“ და ე.წ. სახელმწიფო კომპანია „АГТК“.
- 12 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდა.
- „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ აფხაზეთში ბენზინი მისმა კომპანიამ შეიტანა.
- ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს უკავშირდება.
- სოხუმში ამბობენ, რომ „საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის საკმარისი არ არის“; „ბაზრის მონაწილეებმა შეძლეს საქართველოს ტერიტორიიდან ბენზინის მიწოდების შესაძლებლობის მოძიება“.
ფორუმი