ნოვოროსიისკში იერიში მიიტანეს რუსულ ფრეგატზე, „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ „ადმირალ მაკაროვზე“. როგორც ექსპერტები შენიშნავენ, „ადმირალი მაკაროვი“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რიგით მესამე დაზიანებული ფლაგმანია, მსოფლიო ისტორია კი სულ ოთხ ასეთ შემთხვევას იცნობს.
უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ ბროვდიმ („მადიარ“) განაცხადა, რომ უპილოტო სისტემების ძალებმა 6 აპრილის ღამეს ნოვოროსიისკის პორტში რუსულ ფრეგატზე მიიტანეს იერიში.
„ადმირალი გრიგოროვიჩი“ - რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პროექტის, „ბურევესტნიკის“ პირველი სამხედრო ფრეგატია, რომელიც აღჭურვილია „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით (8 ერთეული) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „შტილ-1“-ით (24 რაკეტა). საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაშვება უშუალოდ ფრეგატიდან, მიზანთან მიახლოებისას ხორციელდება, თუმცა ეს ვერ გახდა დაბრკოლება მისი დაზიანებისთვის“, - დაწერა რობერტ ბროვდიმ საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
მისი თქმით, ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უწევდა კოორდინირებას, ხოლო დაზიანების ხარისხს დაზვერვა ადგენს.
მოგვიანებით უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებში დააზუსტეს, რომ თავდასხმა განხორციელდა ფრეგატ „ადმირალ მაკაროვზე“.
როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, ეს ხომალდი რეგულარულად უშვებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე.
რამდენიმე მედიასაშუალების ცნობით, ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის ფუნქციას ასრულებს მას შემდეგ, რაც 2022 წელს კრეისერი „მოსკვა“ ჩაძირეს.
პირველი ფლაგმანი ფსკერზე
ფლაგმანი - სიტყვასიტყვით „დროშის მატარებელი“ - ფლოტში მთავარი ხომალდია, რომელიც ატარებს სარდლის დროშას და წარმოადგენს შტაბს, საიდანაც ხდება დაჯგუფების მართვა. ფლაგმანზე განთავსებულია შენაერთის ან გაერთიანების მეთაური და ფლაგმანის სარდლობის პუნქტი (ფსპ), რომელიც მართვის საშუალებებით არის აღჭურვილი.
სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, ფსპ-ის მეშვეობით, მართავს საკუთარ ნაწილებსა და შენაერთებს და ამავდროულად კოორდინაციას ახდენს შეიარაღებული ძალების სხვა სახეობასთან და სპეციალურ დანაყოფებთან.
ფლაგმანის სარდლობის პუნქტზე განლაგებულია შტაბის პოზიციები, მასზე ასევე იმყოფებიან მეკავშირე ოფიცრები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთმოქმედ გაერთიანებებს, შენაერთებსა და ნაწილებს (ხომალდებს).
2022 წლის 13 აპრილამდე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის როლს ასრულებდა სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ფლაგმანი მონაწილეობდა კუნძულ ზმეინის დაკავების ოპერაციაში. სწორედ კრეისერ „მოსკვის“ მისამართით გაისმა უკრაინელი მესაზღვრის ფრაზა, რომელიც შემდეგ ფართოდ გავრცელდა: „რუსო სამხედრო ხომალდო, წადი ***-ზე.
2022 წლის 13-14 აპრილის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემსაწინააღმდეგო რაკეტით („ნეპტუნი“) განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რასაც მოჰყვა ხანძარი და აფეთქება, „მოსკვა“ სერიოზულად დაზიანდა. კრეისერი 14 აპრილს შტორმის პირობებში, პორტში გადაყვანისას ჩაიძირა.
ექსპერტთა შეფასებით, ჩაძირული “მოსკვა” რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგია უკრაინასთან ომში. გამოცემა Forbes-ის შეფასებით, მისი საწყისი ღირებულება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უკრაინამ ჩაძირულ კრეისერს წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და შესაბამისი ნომერი N2064 მიანიჭა.
ფლაგმანი ნომერი ორი
კრეისერ „მოსკვის“ ჩაძირვის შემდეგ, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის ახალი ფლაგმანის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ფრეგატ „ადმირალ მაკაროვს“. ამის შესახებ 2022 წლის მაისში წერდა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС, ყირიმის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
„მოსკვის“ დაღუპვის შემდეგ შავი ზღვის ფლოტის ახალ ფლაგმანად შესაძლოა გამოცხადდეს პროექტ 11356-ის შორეული საზღვაო ზონის სამი ფრეგატიდან ერთ-ერთი. ამ დროისთვის არჩევანი „ადმირალ მაკაროვზე“ შეჩერდა“, - უთხრა მაშინ სააგენტოს წყარო.
პროექტ 11356Р-ის, „ბურევესტნიკის“ ფრეგატები (ნატოს კოდიფიკაციით Krivak V) წარმოადგენს მეორე რანგის მრავალფუნქციური ფრეგატების სერიას, მართვადი სარაკეტო შეიარაღებით, რომლებიც განკუთვნილია ახლო და შორეული (ზღვისა და ოკეანის ზონებში) მოქმედებისთვის. ამ პროექტის ხომალდები გათვლილია გემებისა და წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაზე, ასევე საჰაერო თავდასხმების მოგერიებაზე როგორც დამოუკიდებლად, ისე შენაერთის შემადგენლობაში.
„სავარაუდოდ, „ადმირალ მაკაროვი“, თუ ასრულებს ფლაგმანის როლს, უფრო პირობითად. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ ცნობებში ეს გემი ფლაგმანად არ სახელდებოდა. თუმცა ეს შეიძლება ინფორმაციული შენიღბვის ნაწილიც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვაო საბრძოლო მოქმედებების დროს სარდალი, რომელიმე გემზე იმყოფება და ეს გემი წინასწარ არის განსაზღვრული, 11356Р პროექტის ფრეგატები შავი ზღვის ფლოტში ყველაზე „ძლიერებად“ ითვლება“, - ანონიმურად განუცხადა რადიო თავისუფლების პროექტის, Krym.Realii-ს რედაქციას მესამე რანგის თადარიგის კაპიტანმა, რომელიც ადრე უკრაინის სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა.
დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თქმით, ამ პროექტის ხომალდები სრულად ვერ აკმაყოფილებს იმ ფუნქციებს, რომლებიც ფლაგმანმა უნდა შეასრულოს.
„როგორც წესი, ფლაგმანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხომალდია - კრეისერი ან ავიამზიდი, რომელსაც მაღალი საცეცხლე ძალა აქვს და უზრუნველყოფს შენაერთის დაცვასა და საბრძოლო ამოცანების შესრულებას. 11356Р პროექტის ფრეგატები, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ფლოტში ყველაზე თანამედროვეა, ნაკლებად შეძლებენ შენაერთის სრულფასოვან დაცვას, თუმცა მათ გააჩნიათ არა მხოლოდ ტაქტიკური დარტყმებისთვის განკუთვნილი შეიარაღება - “კალიბრის“ რაკეტები. მათ განკარგულებაშია РБУ-6000 - რეაქტიული ყუმბარმტყორცნი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ გამოიყენება, ხოლო ტორპედოების გამშვები აპარატი ПТА-53, მიუხედავად ახლო წარსულში მოდერნიზებისა, საერთოდ 1948 წელსაა შექმნილი. თანამედროვე საშუალებებს შორის არის გემბანზე განთავსებული ვერტმფრენი Ка-31 ან სადაზვერვო-მოიერიშე დრონი „ორლანი“. თუმცა თქვენ თავად კარგად ხედავთ ვიდეოებში, როგორ უმკლავდება ფრეგატი უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას - ვერანაირად“, - აღნიშნა ყოფილმა უკრაინელმა ოფიცერმა.
ფრეგატი „ადმირალ მაკაროვი“ მანამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევის ობიექტი. 2022 წლის 28-29 ოქტომბრის ღამეს „ადმირალ მაკაროვი“ ყირიმის სამხრეთ სანაპიროსთან რეიდზე იდგა, როცა მასზე იერიში მიიტანა უკრაინულმა საზღვაო დრონმა.
„მწყობრიდან გამოსული „ადმირალ მაკაროვი” სტრელეცის ყურისკენ მიცურავდა, თუმცა დაცვის ნაცვლად, რუსეთის სანაპირო არტილერიამ, გაურკვევლობის გამო, საკუთარ ფლაგმანს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც საპასუხო გასროლით უპასუხეს ხომალდიდანაც“, - ნათქვამია „უკრაინსკაია პრავდას“ მასალაში.
2022 წლის 29 ოქტომბერს რამდენიმე უკრაინულმა საზღვაო დრონმა შეძლო სევასტოპოლის ყურეში განთავსებულ გემებთან შეღწევა და ფრეგატ „ადმირალ მაკაროვისა“ და ტრალერ „ივან გოლუბეცის“ დაზიანება.
„პროექტი 11356Р “ბურევესტნიკი” სწრაფად შეიქმნა სადარაჯო გემების 1135 და 1135М პროექტების, ასევე “ნერეის” ტიპის სასაზღვრო ხომალდების პროექტის ბაზაზე. თავდაპირველად მისი მიზანი ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის მიწოდება იყო, მაგრამ 22350 პროექტის (“ადმირალ გორშკოვის” ტიპის) ფრეგატების მშენებლობის გაჭიანურების გამო გადაწყდა, რომ შავი ზღვის ფლოტი დაჩქარებულად შეევსოთ ამ ტიპის გემებით. ზუსტად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ხომალდი ფლაგმანის ფუნქციების შესასრულებლად არ დაპროექტებულა“, - ამბობს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ყოფილი წარმომადგენელი.
ნადავლი ფლაგმანი და არგენტინული გემი
მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრმა ქვეყანამ არაერთხელ დაკარგა თავისი ფლაგმანი, თუმცა შემდეგ პერიოდში მსგავსი მხოლოდ ერთეული შემთხვევებია ცნობილი.
1955 წელს საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტმაც დაკარგა ფლაგმანი ხომალდი. 29 ოქტომბერს სევასტოპოლის ყურეში მოხდა ტრაგედია, რომელმაც სხვადასხვა მონაცემით 600-დან 800-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ღამის 1:30 საათზე შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ლინკორ „ნოვოროსიისკზე“ აფეთქება მოხდა. გემმა მიიღო უზარმაზარი დაზიანება და ჩაიძირა. მსხვერპლის რაოდენობითა და მასშტაბით ეს ტრაგედია რუსეთისა და საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კატასტროფად ითვლება.
ლინკორი „ნოვოროსიისკი“ - სინამდვილეში იტალიური გემი „ჯულიო ჩეზარე“ („იულიუს კეისარი“), წყალში 1911 წელს ჩაეშვა და ექსპლუატაციაში 1914 წელს შევიდა. ხომალდი საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადაეცა რეპარაციების სახით. შავი ზღვის ფლოტში კი შევიდა სახელწოდებით „ნოვოროსიისკი“. ჩაძირვის მომენტში გემი 44 წლის იყო.
ოფიციალური ვერსიით, „ნოვოროსიისკის“ დაღუპვის მიზეზი იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული ნაღმი. თუმცა არსებობს ვერსიებიც, რომ გემი ააფეთქეს იტალიელმა სამხედრო მყვინთავებმა, რომლებმაც ასაფეთქებელი მოწყობილობები კორპუსის ქვეშ დაამონტაჟეს. იტალიის ერთ-ერთმა ადმირალმა არ გამორიცხა სპეცსამსახურების მონაწილეობა, თუმცა ოფიციალური ბრძანების არსებობა უარყო.
1982 წლის 2 მაისს, ფოლკლენდის ომის დროს, დიდმა ბრიტანეთმა ჩაძირა არგენტინის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო გემი - კრეისერი ARA General Belgrano, რომელსაც ხშირად ფლაგმანად მოიხსენიებდნენ. გემზე იერიში მიიტანა ბრიტანულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა HMS Conqueror-მა.
ორი ტორპედის მოხვედრის შედეგად კრეისერი 30 წუთში ჩაიძირა და 323 არგენტინელი მეზღვაური დაიღუპა. „ბელგრანოს“ ჩაძირვის შემდეგ არგენტინის ფლოტი პრაქტიკულად სრულად დაბრუნდა ბაზებზე. ამის შემდეგ მას აქტიური მოქმედებები აღარ განუხორციელებია, რამაც დიდ ბრიტანეთს ზღვაზე უპირატესობა მისცა.
ფორუმი