Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საყვარელი საქართველო" - რუსული Astoria Grande ბათუმისკენ იწევს, თბილისი ინფორმაციას უარყოფს

რუსულ საკრუიზო გემს - Astoria Grande, 2023 წელს, ბათუმში ხმაურიანი აქციებით დახვდნენ.
რუსულ საკრუიზო გემს - Astoria Grande, 2023 წელს, ბათუმში ხმაურიანი აქციებით დახვდნენ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უარყოფის მიუხედავად, ბათუმის პორტში ჩასვლას გეგმავს ლაინერი - Astoria Grande, რომლის ორ სტუმრობასაც, 2023 წელს, ხმაურიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერ მგზავრებს უკან გაბრუნება დროზე ადრე მოუწიათ.

2023 წლის ივლისის შემდეგ - Astoria Grande-ს საქართველოსკენ აღარ გამოუხედავს. ბათუმში გაჩერება მარშრუტიდან ამოიღეს.

რა შეიცვალა ახლა?

საკრუიზო კომპანია პირველ რეისს მაისის ბოლოს გეგმავს. Astoria Grande-ს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, გემი 2026 წლის 26 მაისს სოჭიდან დაიძვრება, 27 მაისს - ტრაბზონის პორტს მიადგება; მეორე დღეს კი - ბათუმისკენ აიღებს გეზს და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება. ამ გეგმით, გემს ყველაზე დიდხანს ბათუმში უწევს დარჩენა: 28 მაისის 10:00 საათიდან 29 მაისის 21:00 საათამდე.

„საყვარელი თურქეთი და სტუმართმოყვარე ბათუმი“ - ამ სლოგანით ყიდის Astoria Grande მაისის „დინამიკურ მოგზაურობას“ და მსურველებს „კაშკაშა შთაბეჭდილებებსაც“ ჰპირდება.

Astoria Grande-ს მაისის საკრუიზო მარშრუტის განრიგი
Astoria Grande-ს მაისის საკრუიზო მარშრუტის განრიგი

სარეკლამო ტექსტში ბათუმს აღწერენ, როგორც „კონტრასტების ქალაქს“, სადაც „თანამედროვე არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის საკურორტო თავისუფლების ატმოსფეროს“.

მგზავრებს ბათუმში სთავაზობენ ექსკურსიებს, რუსულენოვანი გიდის თანხლებით ანდა მარტო გასეირნების შესაძლებლობასაც. აფრთხილებენ, რომ - ასეთ შემთხვევაში, არ დაავიწყდეთ ტელეფონის ბოლომდე დამუხტვა, რუკაზე მარშრუტის დაზუსტება და ქართული ღვინის გასინჯვა.

გზაში სტუმრებს კრასნოდარელი მომღერალი გაართობს. გემზე იქნება დიჯეიც.

ბილეთის ფასი - მთელი “კაიუტისთვის” - 304 000 რუბლიდან [დაახლოებით 11400 ლარი] იწყება. თავისუფალი ადგილები არის და ტურის შეძენა ელექტრონულადაც საკმაოდ იოლია.

ამ კონკრეტული საზღვაო ტურის გარდა, Astoria Grande, 2026 წლის ბოლომდე, კიდევ 10-მდე კრუიზს გეგმავს - ბათუმის მონახულებით. მათ შორის არის რეისი თურქეთის გარეშეც: სოჭი-ბათუმი-სოჭი, 27-30 დეკემბერს დაგეგმილი, სლოგანით - „საყვარელი საქართველო“.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ნავსადგურში აღნიშნული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით არ არსებობს არც დადასტურებული განაცხადი და არც რაიმე შემოსვლის განაცხადი მუშავდება. მსგავსი ტიპის დაუზუსტებელი და ემოციურად მანიპულაციური განცხადებები მიზანმიმართულად ვრცელდება საზოგადოებაში დაძაბულობისა და სპეკულაციების შესაქმნელად”, - უწყების მიერ 18 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ “საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ყველა პროცედურა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო ვალდებულებების, უსაფრთხოების, სასაზღვრო და სანქციებთან შესაბამისობის მოთხოვნების სრული დაცვით”.

ცნობები, რუსული საკრუიზო ლაინერის - Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შესაძლო დაბრუნების შესახებ, ჯერ კიდევ 2025 წლის ივნისში გავრცელდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი 26–30 მაისს დაგეგმილი საკრუიზო მარშრუტის შესახებაც.

თუმცა ერთი რეისი დაგეგმილი იყო აპრილშიც, რომელიც სავარაუდოდ აღარ შესრულდა.

“საყვარელი თურქეთი და სტუმართმოყვარე საქართველო” - Astoria Grande-ს სერვისების გაყიდვის ოფიციალურ ვებსაიტზე მსურველებს სთავაზობდნენ 8-დღიან კრუიზს 2026 წლის 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით, მარშრუტზე: სოჭი-ბათუმი-სტამბოლი-ამასრა-სოჭი. ამ განრიგით, Astoria Grande-ს ბათუმში ყოფნა 19-20 აპრილს უწევდა.

2023 წლის ივლისის შემდეგ Astoria Grande საქართველოში აღარ გამოჩენილა.

2023 წელს საკრუიზო გემი ბათუმში ორჯერ ჩავიდა - 27 და 31 ივლისს - სადაც მას ხმაურიანი საპროტესტო აქციებით დახვდნენ.

27 ივლისს, Astoria Grande-მ საქართველოში რამდენიმე ასეული რუსი ტურისტი ჩამოიყვანა. სტუმრები შეურაცხმყოფელი, ანტიქართული კომენტარებით გამოირჩეოდნენ; იყო შეურაცხმყოფელ ჟესტებიც - პირდაპირ გემბანიდან.

სტუმრებს არც პუტინის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერა არ დაუმალავთ.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ. მათ ჩვენ დახმარება გვთხოვეს. თქვენ ხომ მათკენ ტანკებით წახვედით”, - 27 ივლისის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა მედიასთან ისიც განაცხადა, რომ ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთში, რამაც გააჩინა ეჭვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევაზე. ეს ფაქტი შსს-ს არ დაუდასტურებია; ხოლო ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მომიტინგეების ხმაურიან დახვედრას „ქაჯობა“ უწოდა.

„ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს - ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის - 2008 წელი", - თქვა კობახიძემ.

2023 წელს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ „ბათუმის პორტში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი „საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა“; რომ გემს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება და ის რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით. „საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება“ - ხაზს უსვამდა სააგენტო.

27 ივლისს ბათუმის პორტიდან საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. გემმა ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ვიდრე ASTORIA GRANDE ბათუმს მეორედ ეწვეოდა, 30 მაისს, ბათუმის სანაპიროზე, მომიტინგეებმა მთელი ღამე გაათენეს. ხალხი ამბობდა, რომ ისინი იქ "საშინელმა ბრაზმა" მიიყვანა და რომ - „მტრის შემოშვებას ოჯახში არა აქვს გამართლება“. პოლიციამ, ნავსადგურის მიმდებარედ, ორმაგი ჯებირები წინასწარ განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.

2023 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, გემის მგზავრები ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსებით გამოიყვანეს - იქ შეკრებილთა უკმაყოფილო შეძახილებისა და კვერცხების, ბოთლების სროლის ფონზე.

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, უკრაინის ორი მოქალაქე. დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას გულისხმობს.

2026 წლის 1 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კრუიზი სარფიანია ქვეყნისთვის - „თითოეული კრუიზიდან საქართველოში რჩება 350 ათას ლარზე მეტი” და რომ აქციების გამართვას არანაირი ლოგიკური ახსნა არა აქვს, რადგან არანაირი განსხვავება არ არის, რუსი ტურისტები საქართველოში მანქანით შემოვლენ თუ გემით.

2023 წლის 24 იანვარს რუსულმა სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოჭის საზღვაო პორტი ქართულ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საზღვაო გზით მგზავრების გადაყვანის თაობაზე. თუმცა ქართული მხარე მაშინ ამ ინფორმაციას უარყოფდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის თანახმად, ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ მოგზაურთა რიცხვი:

  • 2021 წელი - 212 979
  • 2022 წელი - 1 087 257
  • 2023 წელს - 1 418 464
  • 2024 წელს - 1 421 923
  • 2025 წელს - 1 579 764 [გაიზარდა 11.1%-ით]
  • 2026 წლის I კვარტალი - 230 717 [2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო - 219 264 ]


საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიაფრენები 2023 წლის 20 მაისიდან აღდგა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გადაწყვიტა - 2019 წელს საქართველოსთვის ამ მხრივაც დაწესებული ემბარგოს მოხსნა. ორი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს შორის კვირაში რამდენიმე ათეული ავიარეისი სრულდება.

კრუიზის გეგმა ბათუმისკენ ოკუპირებული მარიუპოლიდანაც აქვთ.

2026 წლის იანვარში გახმაურდა მოსკოვის გეგმა - უკრაინის ანექსირებული დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლიდან რეგულარული კრუიზები შესრულდეს. სამომავლო მარშრუტებში, რაც რუსეთში არცთუ შორეულ პერსპექტივად მიაჩნდათ - გათვალისწინებულია „მეგობრული ქვეყნის“ - საქართველოს ქალაქი ბათუმიც.

როგორც რუსეთის მხარე წლის დასაწყისში იუწყებოდა - ამ ოცნების ასრულებას, მხოლოდ აზოვის ზღვის აუზში ოკუპირებული პორტის არასათანადო ინფრასტრუქტურა უშლიდა ხელს - მსხვილი საკრუიზო გემების მიღებას შესაბამისი ნავმისადგომების მშენებლობა ანდა აღდგენა ესაჭიროებოდა და ამისთვის უკვე ემზადებოდნენ.

რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებიდან “რია ნოვოსტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ასეთი კრუიზებისთვის გამოსადეგად თვლიან ლაინერს სახელწოდებით - „მუსტაი ქარიმი“. 2025 წლის დეკემბრის ინფორმაციით, მას გეგმური ტექნიკური სერვისის გარდა, კოსმეტიკურ რემონტსაც უტარებდნენ.

„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზოვის ზღვაზე კრუიზების განახლება იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სანაპირო ტურიზმის განვითარებისა და კავშირების განმტკიცებისთვის მეგობრულ ქვეყნებთან, პირველ რიგში, საქართველოსთან“, - რუსულენოვანი წყაროები ხაზს უსვამენ რეგულარული საკრუიზო რეისების აღდგენის მნიშვნელობას სწორედ იმ მარშრუტზე, რომლებიც 2014 წლამდე [რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიამდე] ახსოვთ და რაზეც "დიდი მოთხოვნა იყო ტურისტების მხრიდან".

თბილისს მოსკოვის ამ გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

2026 წლის 18 მაისს, ТРИБУН-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზოვის ზღვის სანაპიროზე, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთი საკრუიზო მარშრუტს გეგმავს და ეს მარშრუტი მოიცავს: დონეცკის ოლქის ნოვოაზოვსკს, მარიუპოლს, მანგუშს; ზაპოროჟიეს ოლქის ბერდიანსკს, პრიაზოვსკოეს და ხერსონის ოლქის გენიჩესკს.

ამასთან, როგორც ინიციატორები აღნიშნავენ, ამ მარშრუტების არეალის სამომავლო გაფართოებაც იგეგმება - ყირიმში და შემდგომ უკვე შავი ზღვის აკვატორიაში. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ეს გეგმა ბევრისთვის უტოპიურად გამოიყურება.

იმისათვის, რომ ბათუმამდე მიაღწიოს, ოკუპირებული მარიუპოლიდან გამოსული გემი აზოვის ზღვის აუზიდან ჯერ შავ ზღვაში უნდა მოხვდეს, რაც - ქერჩის სრუტის გავლით არის შესაძლებელი: გემმა ქერჩის [ყირიმის] ხიდის ქვეშ უნდა გაიაროს; ეს ხიდი კი არაერთხელ გახდა უკრაინის სამხედრო ძალების სამიზნე. ბოლო პერიოდში კი, უკრაინამ, თავისი გაზრდილი სამხედრო შესაძლებლობებით, დიდი პრობლემები შეუქმნა საოკუპაციო რეჟიმს, თავად ყირიმის ნახევარკუნძულზეც - რუსეთის მოქალაქეები იქ ძველებურ, უდარდელ საზაფხულო დასვენებას ვეღარ ახერხებენ.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG