რუსეთი კოსმოსური ინტერნეტის განვითარებაში სწრაფ პროგრესს აღწევს. შესაძლოა, მალე ბრძოლის ველზე უკრაინას აღარ ჰქონდეს სრული უპირატესობა Starlink-ის გამოყენებით. თუმცა, ექსპერტების ვარაუდით, რუსულ სატელიტურ ინტერნეტს ომის პირობებში ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.
Rassvet-მა (რუს. განთიადი), რუსული კომპანია „ბიურო 1440-ის" პროექტმა, მარტში ორბიტაზე 16 აქტიური თანამგზავრისგან შემდგარი პირველი ჯგუფი გაუშვა. მეორე პაკეტი გამოვიდა ივლისში და, გავრცელებული ცნობებით, კომპანია ორბიტაზე ასობით თანამგზავრის გაშვებას გეგმავს მომავალ წელს.
„ბიურო 1440-მა" თავისი Starlink-ის ტიპის ინტერნეტსისტემა ბაზარზე გამოიტანა სამოქალაქო მოხმარებისთვის, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პროექტის უკრაინაში ომისთვის გამოყენება სურს. 12 ივნისს კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ჯარისკაცების ჯგუფს განუცხადა, რომ Starlink-ის ანალოგიურ საინტერნეტო ქსელზე მუშაობა „კარგი ტემპით მიმდინარეობს“ და იმედოვნებს, რომ ჯარისკაცები მას „მალე თავად გამოცდიან“ და სარგებელს ნახავენ მისგან.
ჩინეთი, ევროკავშირი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ასევე ავითარებენ Starlink-ის საკუთარ ვერსიებს.
კოსმოსური სისტემების ინჟინერმა და ყოფილმა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურემ, იან მიურჰედმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დედამიწის დაბალი ორბიტის სატელიტური ინტერნეტის განვითარების ამჟამინდელი დაჩქარებული ტემპი დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ „თანამედროვე სამხედროებს არ შეუძლიათ მოქმედება მონაცემთა შედარებით მაღალი სიმძლავრის კომუნიკაციების გარეშე“.
მისი თქმით, უკრაინის ომმა აჩვენა, რომ „კონფლიქტის ზონებში [მონაცემებით დატვირთული კომუნიკაციის] უზრუნველყოფის ერთადერთი რეალური გზა ერთ სისტემად გაერთიანებული სატელიტური ჯგუფებია“.
ძველი კოსმოსური ინტერნეტსისტემები იყენებდნენ მარტოხელა თანამგზავრებს, რომლებიც დედამიწიდან ათიათასობით კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი, რის გამოც კავშირები წყვეტილი და არასანდო იყო.
ამის საპირისპიროდ, Starlink-ის თანამგზავრები „ნიჟარაში” მოძრაობენ 550 და 350 კილომეტრის სიმაღლეზე, რაც მონაცემთა გაცილებით სწრაფი გადაცემის საშუალებას იძლევა. ორბიტაზე თანამგზავრების მთელი ჯგუფის არსებობაა საჭირო იმისათვის, რომ მომხმარებელს ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეს წვდომა, სულ მცირე, ერთ თანამგზავრზე.
მიურჰედი ამბობს, რომ რუსეთის დაბალი ორბიტის ინტერნეტი ვერ შეედრება Starlink-ს, რომელსაც ამჟამად დედამიწაზე 10 ათასზე მეტი თანამგზავრი და მილიონობით გადამხდელი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, მისი თქმით, „დედამიწის დაბალი ორბიტის ნებისმიერი სტანდარტის ქსელის განთავსებას კომუნიკაციების შესაძლებლობის უზარმაზარი ზრდა მოჰყვება და [რუსეთის] ჯარებისთვის საგრძნობ, რეალურ ცვლილებას შეიტანს მათი სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობებში“.
თუმცა მიურჰედი მიუთითებს უსაფრთხოების ერთ მთავარ უპირატესობაზე, რომელიც უკრაინის Starlink-ს აქვს რუსეთის ანალოგურ სისტემასთან შედარებით. საქმე ეხება კომპონენტებს, რომლებსაც სახმელეთო სადგურები ეწოდება.
სახმელეთო სადგურები, როგორც წესი, წარმოადგენს ანტენების ერთობლიობას, რომლებიც ფიზიკურად დაკავშირებულია ინტერნეტთან დედამიწაზე.
სადგურები წარმოადგენს საინტერნეტო მონაცემების წყაროს, რომელიც იგზავნება მოძრავი თანამგზავრების მეშვეობით და შემდეგ უბრუნდება ცალკეულ მომხმარებლებს.
სახმელეთო სადგურები დიდია, უძრავი და ელექტრომაგნიტურ სიგნალებს გამოსცემს, რაც მათ დამალვას ართულებს.
უკრაინაში Starlink-ის მომხმარებლებს ამჟამად პოლონეთში, ლიეტუვასა და თურქეთში არსებული სახმელეთო სადგურები ემსახურება. სამივე ეს ქვეყანა ნატოს წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი დაარტყამს სადგურებს, რომლებითაც უკრაინა სარგებლობს, შეიქმნება აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებული სამხედრო რეაგირების საფრთხე.
კიევმა ბოლო თვეების განმავლობაში გამოავლინა თავისი უნარი, იერიში მიიტანოს სამიზნეებზე მთელი რუსეთის მასშტაბით შორი მანძილის დრონების გამოყენებით.
თუ Rassvet-ი სრული დატვირთვით დაიწყებს მოქმედებას, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სახმელეთო სადგური, სავარაუდოდ, კიევის მთავარ სამიზნედ იქცევა.
„დარწმუნებული ვარ, Starlink-ი რუსეთის სასურველ სამიზნეებს შორისაა, მაგრამ მათ Starlink-ის სახმელეთო სადგურების განადგურება არ შეუძლიათ, მაშინ როცა უკრაინას შეეძლება მათზე იერიშის მიტანა. [Rassvet-ის სახმელეთო სადგური] ციმბირშიც რომ იყოს, უკრაინას ვერაფერი შეაჩერებს მასზე თავდასხმის განხორციელებაში“, - ამბობს მიურჰედი.
ვადიმ სკიბიცკიმ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო განყოფილების უფროსის მოადგილემ, 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ Rassvet-ის ორბიტაზე ამჟამად ათობით თანამგზავრის განთავსება ნიშნავს, რომ რუსეთის ჯარებს უკვე შეუძლიათ ქსელის გამოყენება „მოკლე ხნით, როდესაც თანამგზავრი ჩვენს ტერიტორიას გადაუფრენს" და დასძინა, რომ „უკვე მიმდინარეობს განხილვა იმისა, როგორ გავუმკლავდეთ ამას“.
ვიქტორია სამსონმა, კოსმოსური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში Secure World Foundation-ის დირექტორმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთის შეზღუდული შესაძლებლობა თანამგზავრების გაშვების საკითხში, ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იქნება იმისთვის, რომ Rassvet-მა უფრო ფართო ტერიტორია დაფაროს.
რუსებს „უბრალოდ არ აქვთ გაშვების შესაძლებლობა“, - თქვა მან. „ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ სატელიტური ინტერნეტის სისტემის ამუშავება, მაგრამ ის, სავარაუდოდ, ისეთი სწრაფი ან ეფექტიანი არ იქნება, როგორც Starlink-ი (ან ის ორი ვერსია, რომლებზეც ჩინეთი მუშაობს და რომლებიც Guowang-ისა და Qianfan-ის სახელითაა ცნობილი)“.