მართალია, Wildberries-ის პლატფორმა, 100-მდე გაცემის პუნქტით, საქართველოში 2024 წლიდან მუშაობს, ხოლო 2025 წლიდან ამ ონლაინმაღაზიას საქართველოში წარმოებული პროდუქტების ნუსხაც დაემატა, ქართველი ინფლუენსერები კომპანიის სარეკლამო კამპანიაში, ბოლო პერიოდში ჩაერთნენ.
პატარ-პატარა ვიდეოები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინული საჰაერო თავდასხმების სამიზნედ იქცნენ Wildberries-ის საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები მთელი რუსეთის მასშტაბით.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების საპასუხო ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ Wildberries-ის საწყობებს რუსეთი სამხედრო დრონებისა და სხვა აღჭურვილობის კომპონენტების გადასაზიდად იყენებს. ეს მან 18 ივლისს თქვა, მას შემდეგ, რაც მოსკოვის ოლქის ელექტროსტალსა და ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, 18 ივლისის ღამეს, Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული დრონების საჰაერო შეტევა განხორციელდა.
კომპანია Wildberries, რომელსაც რუსულ Amazon-საც ეძახიან, უკრაინის სანქციების ქვეშ 2021 წლიდან მოექცა. მაშინ, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერით ძალაში შევიდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიისა და მასთან დაკავშირებული პერსონების წინააღმდეგ.
უკრაინა აცხადებდა, რომ Wildberries უკრაინის ბაზარზე მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში იხდიდა, სისტემატურად არღვევდა უკრაინის კანონმდებლობას და პლატფორმაზე ავრცელებდა უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ და პროპაგანდისტულ გამოცემებს, რის გამოც ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ შეფასდა.
უკვე 2026 წელს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრმა Wildberries რუსეთის სამხედრო მომარაგების ინფრასტრუქტურასთანაც დააკავშირა. 27 ივლისის განცხადებით, პლატფორმაზე კვლავ იყიდებოდა რუსი სამხედროებისთვის გამოსადეგი ნივთები, მათ შორის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, FPV-დრონები და მათი კომპონენტები, რაციები, სამხედრო აფთიაქები და ტაქტიკური აღჭურვილობა - მიუხედავად იმისა, რომ Wildberries-მა კატალოგიდან წაშალა სპეციალური მონიშვნა „ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის“ და ეს პროდუქტები სხვა კატეგორიებში გადაანაწილა.
2026 წლის ზაფხულში უკრაინული დრონებით Wildberries-ის ათზე მეტ ლოგისტიკურ ობიექტზე განხორციელდა თავდასხმა. კომპანიის ათი უმსხვილესი ობიექტიდან შვიდი დაზიანდა ან განადგურდა, ხოლო სხვადასხვა შეფასებით, თავდასხმებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს; Financial Times-ის მიერ მოყვანილი უახლესი შეფასებით, დანაკარგმა შესაძლოა 878 მილიარდ რუბლს, დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.
ვინ მონაწილეობს Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში?
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი - ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად, სტილისტი და ინფლუენსერი დალი ჩიტალაძე, ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, მსახიობი სალომე შარვაძე, ეს, იმ, საჯარო სივრცეში ცნობილი ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კომპანია Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობენ და ამ პლატფორმის დახმარებით, „ყიდვის პროცესს“ „სასიამოვნოდ და მარტივად“ წარმოაჩენენ.
„სასკოლო სამზადისიც უკვე დავიწყეთ და წელს ყველაფერი ბევრად მარტივად გადავწყვიტეთ Wildberries-ის დახმარებით. ერთ სივრცეში შევარჩიეთ ყველაფერი, რაც ანას სკოლისთვის სჭირდება“, - წერს სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძის მეუღლე, მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი. ის და მისი ქმარი ინსტაგრამზე გამომწერებს უყვებიან, როგორი კომფორტული და ხელსაყრელია Wildberries-ის გამოყენება.
მსახიობი სალომე შარვაძე, ასევე ვიდეორგოლის დახმარებით ჰყვება, როგორ და რატომ ირჩევს Wildberries-ის პლატფორმას სასურველი ნივთების შესაძენად.
Wildberries-ზე შოპინგს „ძალიან კომფორტულს“ ეძახის დალი ჩიტალაძე, პროდუქციის დიდი არჩევანიაო - არწმუნებს თავის მომხმარებლებს.
რადიო თავისუფლებას აინტერესებდა მოესმინა ქართველი ინფლუენსერების, ტელეწამყვანებისა თუ სპორტსმენების მოსაზრებები რუსული Wildberries-ის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე. მაგალითად, იციან თუ არა მათ, რომ კომპანია სანქცირებულია, რომ ამ პლატფორმას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი რუსეთის სამხედრო მომარაგების ინფრასტრუქტურასთან აკავშირებს.
მათთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ. ჩვენს ტექსტურ შეტყობინებებს არც ერთმა უპასუხა. „იმედის“ წამყვანმა ნოე სულაბერიძემ გვითხრა, რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაგვერეკა. თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
„თუკი რომელიმე ინფლუენსერი დაგიდასტურებთ, რომ მე მათ ვეკონტაქტე, ფული გადავურიცხე, პასუხის გასაცემად მზად ვარ“
საქართველოში, სავაჭრო პლატფორმის [wildberries.ge] მფლობელად მითითებულია შპს „ტრანსკომ გრუპი“ (Transcom Group LLC), რომელიც 2022 წლის ივლისშია რეგისტრირებული და "საქმიანობას ეწევა სავაჭრო ნიშნით „Wildberries“. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „ტრანსკომ გრუპის" 100%-იან წილს სერგი თვალჭრელიძე ფლობს. ის ასევე არაერთი სხვა კომპანიის მფლობელია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თანახმად, 2025 წლის აგვისტოში სერგი თვალჭრელიძეს "ქართული ოცნებისთვის" 30 ათასი ლარი აქვს შეწირული.
გასული წლის მიწურულს, პროსახელისუფლებო მედია “პოსტივიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსულ კომპანა wildberries-ს მომსახურებას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოს Key Agency-ს დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე.
თეონა ბაღდავაძე ხშირად აფიქსირებს სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას სხვადასხვა საკითხზე, აქვეყნებს ვიდეოებს და აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
Wildberries-ისა და თეონა ბაღდავაძის კავშირების შესახებ, ბოლო დღეებია, ფეისბუკზე ხშირად წერს ქეთევან მიქიაშვილის ანგარიში.
„მითების დეტექტორს“ ეს ანგარიში ტროლად ჰყავს იდენტიფიცირებული. ეს ორგანიზაცია თავის კვლევაში წერს, რომ მიქიაშვილმა საკუთარ ანგარიშზე გვარი სამჯერ შეცვალა - თავდაპირველად თოლორაია იყო, შემდგომ ტურიაშვილი. ის სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოებად სხვა ადამიანების ფოტოებს იყენებს.
Wildberries-თან საქმიან კომუნიკაციას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კატეგორიულად გამორიცხავს თეონა ბაღდავაძე და ამბობს, რომ კომპანიის საქართველოს წარმომადგენლებთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებს. ის აპირებს მიმართოს სასამართლოსაც.
„თუკი რომელიმე ინფლუენსერი დაგიდასტურებთ, რომ მე ან მათ ვეკონტაქტე, ან ფული გადავურიცხე, მე ამაზე პასუხის გასაცემად მზად ვარ. მე ჩემი პოზიციის დაფიქსირებას არ ვჩქარობ, რადგან ქეთევან მიქიაშვილის, როგორც ტროლის წინააღმდეგ, მინდა, რომ შევიტანო სარჩელი. რამდენიმე სტრატეგია უკვე შევიმუშავე იურისტებთან ერთად. მინდა, რომ ამ ადამიანმა ბევრი წეროს ამ თემაზე, რომ META-ში წარსადგენად შევაგროვო ინფორმაცია.
Wildberries-ში ვიცნობ ადამიანებს ისევე, როგორც ვიცნობ სხვა უამრავ ბრენდში, სადაც მყავს ნაცნობები, მეგობრები. წლებია, ამ სფეროში ვმუშაობ და ნაცნობობასა და კომპანიის მომსახურებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ეს იქნება სასამართლოს განსახილველი საქმე, სადაც უნდა დაამტკიცონ, რომ მე ამ კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ნაცნობობისა და მეგობრობის მიღმა, რასაც ცხადია, ვადასტურებ, არანაირი საქმიანი თანამშრომლობა ამ კომპანიასთან არ მქონია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეონა ბაღდავაძე.
"ან ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი ან პირიქით, შეიძლება ასე უსვამენ ხაზს საკუთარ პოზიციას"
კახა მაღრაძე, პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, წლებია, თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან, გეგმავს მათ სარეკლამო კამპანიებს, კავშირი აქვს „ინტერნეტის აზრის ლიდერებთან“, ინფლუენსერებთან და იცის, როგორც მუშაობს დღეს სარეკლამო ბაზარი, რომელმაც დიდწილად ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.
„Wildberries არა მხოლოდ როგორც რუსული, არამედ, როგორც პუტინის ომის მონაწილე ბრენდი, ასე გახდა უკრაინის მთავარი სამიზნე. ამის ფონზე, მის კამპანიაში მონაწილეობა, ან კონსულტანტების, ან სააგენტოების ან ინფლუენსერების მხრიდან, არარაციონალურია. ან ძალიან დიდ ფულზეა ლაპარაკი ან პირიქით, ასე შეიძლება უსვამდნენ ხაზს თავის [პოლიტიკურ] პოზიციას, რომ მათთვის არ არის მიუღებელი, ის, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ რომ დღეს, საკონსულტაციო სააგენტოების, პიარ სპეციალისტების, მათ შორის ინფლუენსერების დიდი ნაწილი, უარს ამბობს რუსულ ან რუსულ ბიზნესთან ასოცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე.
სარეკლამო ბანერები მუნიციპალურ ტრანსპორტზე და ბილბორდებზე
Wildberries, სარეკლამო კამპანიის მსვლელობისას საქართველოში „ბრენდირებული სივრცეების“ მოწყობასაც აქცევს ყურადღებას. მაგალითად, 2026 წლის დადგომა კომპანიამ თბილისელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გელოვანის პარკში მოწყობილი, ჟოლოსფერი ნათურებით განათებული კუთხიდან მიულოცა.
ბავშვთა დაცვის დღეზე Wildberries-მა პატარებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლა.
საზღვაო სეზონზე კი კომპანიამ თავისი სივრცე ბათუმის სანაპიროზე მოაწყო.
„თუ ბათუმში ხართ, ზაფხულის გატარება კიდევ უფრო ხალისიანად შეგიძლიათ - გელოდებით Wildberries-ის ბრენდირებულ სანაპიროზე, სადაც ყოველ შაბათ-კვირას სახალისო აქტივობები დაგხვდებათ“, - მიმართავს რუსული კომპანია ადგილობრივებსა და ტურისტებს.
კომპანიის სარეკლამო ბანერები გამოჩნდა მუნიციპალურ ტრანსპორტზეც. საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მონიტორებზე რეკლამების განთავსების უფლებას „ალმა“ ფლობს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სარეკლამო კომპანიაა.
რამდენ ავტობუსზეა გაკრული Wildberries-ის სარეკლამო ბანერი, რა პერიოდით იქირავა სანქცირებულმა კომპანიამ მუნიციპალური ტრანსპორტის ფასადები - ამ კითხვებზე პასუხი „ალმასგან“ ვერ მივიღეთ. კომპანიაში გვითხრეს, რომ „დაფიქსირებულია“ ჩვენი ნომერი და პასუხის შემთხვევაში, თავად დაგვიკავშირდებიან. თუმცა, კომპანიიდან არავინ დაგვკავშირებია. პასუხის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
2026 წლის ივნისში, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა დიდმა ბრიტანეთმა Wildberriese Bank-ი, რომელიც თავიდანვე, Wildberries-ის გაყიდვების ხელშეწყობისთვის იყო შექმნილი.
ოფიციალურ ტექსტში ხაზგასმულია გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "WILDBERRIES BANK"-ი "იღებს ან იღებდა სარგებელს რუსეთის მთავრობისგან ან მხარს უჭერს მას რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორში - კერძოდ, რუსეთის ფინანსური მომსახურების სექტორში საქმიანობის განხორციელების გზით".
ერთი თვის თავზე, 23 ივლისს, Wildberries Bank-ი სანქციების სიაში შეიყვანა ევროკავშირმაც და ოფიციალურ დოკუმენტში მიუთითა, რომ ევროკავშირის ოფიციალური დასაბუთებით, ბანკი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ინსტრუმენტებში, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უწევს პოპულარიზაციას. ევროკავშირი ასევე მიუთითებს, რომ რუსეთის საბანკო სექტორი რუსეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა და, შესაბამისად, Wildberries Bank საქმიანობს ეკონომიკურ სექტორში, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს უზრუნველყოფს რუსეთის მთავრობისთვის, რომელსაც ევროკავშირი ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლად მიიჩნევს.
Wildberries-ის სავაჭრო პლატფორმასა და Wildberries-ის სანქცირებულ ბანკს შორის პირდაპირი კავშირია - ამ ბანკს Wildberriese ციფრული ეკოსისტემის ნაწილად განიხილავენ და მის “ჯიბის ბანკსაც” უწოდებენ.
საჯარო რუსული წყაროების თანახმად:
Wildberries საფულე - ამ ბანკის მიერ გახსნილი ვირტუალური გადახდის ბარათია სავაჭრო პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ამ საფულით გადახდისას შეთავაზებულია ფასდაკლებები.
რეალიზატორებთან ანგარიშსწორება - ამ ბანკის გავლით ხდება ანგარიშსწორება, სწრაფი გადახდები და მიღებული თანხების გადარიცხვები პლატფორმაზე მოვაჭრე მეწარმეებისთვის.
სავაჭრო პლატფორმის ბანკი - საშუალებას იძლევა, არ გადაუხადოს უზარმაზარი საკომისიო თანხები სხვა ბანკებს - ყოველდღიურად განხორციელებული მილიონობით ტრანზაქციისთვის.
ფორუმი