Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად გაქრა ირანის "ჰიჯაბის პოლიცია"?

კაფე თეირანში 21 აპრილს, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე
კაფე თეირანში 21 აპრილს, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე

მორალის პოლიციის გუშაგები, რომლებიც ირანში ჰიჯაბის ტარებას აკონტროლებდნენ და ოდესღაც შიშს თესავდნენ, ირანის ქალაქების ქუჩებიდან დიდწილად გაქრნენ და დაუფარავი თმა ახლა ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, კანონი ძალაში რჩება და ცვლილება არათანაბარი, გაურკვეველი და კვლავ სადავოა.

ერთი შეხედვით, თეირანის ვალიასრის გამზირის - ქალაქის კულტურული და კომერციული ცენტრის - ხეებით დაფარული ტროტუარები ჩვეულებრივად გამოიყურება. თუმცა ის, რაც არ ჩანს, ყველაზე მეტადაა თვალშისაცემი.

გვიანი შუადღეა.

კაფეები გადატვირთულია, გავლა ჭირს. ქუჩაში ბევრი ქალია - უსახელო მაისურებითა და მოკლემკლავიანი კაბებით, თავისუფალი შარვლებითა და ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსებით. ზოგს, სურვილისამებრ, თავსაბურავი ახურავს, ბევრს - არა. არსად ჩანან პოლიციელები, რომლებიც ოდესღაც შიშს თესავდნენ, რომლებიც ქალების ჩაცმულობას აკონტროლებდნენ.

"ჰიჯაბის პოლიცია" ქუჩის ყოველდღიური ცხოვრებიდან დიდწილად გაქრა - ირანის დიდ ქალაქებში თავსაბურავების სავალდებულო ტარების წესების აღსრულება შესამჩნევად შემსუბუქდა.

„დიდი ხანია "ჰიჯაბის პოლიცია" აღარ მინახავს“, - ამბობს 30 წელს გადაცილებული თეირანელი. „ქალები ისე იცვამენ, როგორც სურთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლების ირანულ რედაქციას - რადიო ფარდას, და უსაფრთხოების მიზნით, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ჰიჯაბის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები

ეს ცვლილება დაიწყო ქალების მრავალწლიანი წინააღმდეგობით, რომლის კულმინაცია გახდა 2022 წლის პროტესტი "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" - და დაჩქარდა ბოლო თვეებში, ირანში ომისა და უფრო ფართო პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.

”სულ რამდენიმე წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო”, - ამბობს 40 წელს გადაცილებული ქალი, ორი შვილის დედა, რომელიც ახლა დღის განმავლობაში თავსაფრის გარეშე, მოკლემკლავიანი ტანსაცმლით ისე აგვარებს საქმეებს, რომ არანაირი ინციდენტი არ შემთხვევია. ცოტა ხნის წინ სახელმწიფო საფინანსო უწყებაში იყო მისული და შესვლისას კი სთხოვეს თავსაბურავი დაეხურა, თუმცა - „თანამშრომელმა მითხრა: „წასვლისას შეგიძლიათ მოიხსნათ", გამეცინა. მათ ზუსტად იციან, რას ფიქრობენ ქალები ჰიჯაბზე“, - გვიყვება ის.

ძნელი სათქმელია, ზუსტად რა დგას ამ ცვლილების უკან - მთავრობის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ანალიტიკოსების თქმით, ეს ცვლილება უფრო პოლიტიკური გათვლებია, ვიდრე რეფორმა.

28 თებერვალს აშშ-თან და ისრაელთან ომის დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციები გაიმართა. მიზეზი ძირითადად ფასების ზრდა იყო. აქციები შემდეგ მასშტაბურ ანტისამთავრობო არეულობაში გადაიზარდა.
ამბოხების ჩასახშობად უსაფრთხოების წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ათასობით ადამიანი მოკლეს - ზოგიერთი ცნობით, ათიათასობით. ანალიტიკოსების თქმით, მთავრობას, სავარაუდოდ, სურს თავიდან აიცილოს დაძაბულობის გაღვივება იმ დროს, როდესაც ირანელები ომის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ.

„ირანის მთავრობა იძულებული გახდა, მიეღო ქალების მოთხოვნა ჰიჯაბთან დაკავშირებით“, - ამბობს მანსურ შოჯაი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი და ავტორი, რომელიც ახლა ევროპაში ცხოვრობს. „ძალადობა და დევნა, რომელიც ადრე არსებობდა, აღარ ხდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კანონი შეიცვალა“, - განმარტავს ის.

კანონი კვლავ დანაშაულად მიიჩნევს ჰიჯაბის გარეშე გამოჩენას და ჯარიმებსა და გაროზგვას ითვალისწინებს. შოჯაი ფიქრობს, რომ ქალთა უფლებები გარანტირებული იქნება მხოლოდ უფრო ფართო სამართლებრივი რეფორმით, რომელიც ჩაცმულობის ნორმებს სცილდება.

ირანის კანონმდებლობის თანახმად, განქორწინებული დედები კარგავენ შვილებზე მეურვეობის უფლებას ბავშვის შვიდი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ. დაქორწინებულ ქალებს ქმრის ნებართვა სჭირდებათ პასპორტის მისაღებად და საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის. ხოლო მემკვიდრეობის შესახებ კანონები, როგორც წესი, ქალებს იმავე დონის მამრობითი სქესის ნათესავების წილის ნახევარს ანიჭებს.

საშიშროება ქალებისთვის ხელშესახები რჩება. წელს ირანელ მომღერალ ფარასთუ აჰმადის 74 როზგი მიუსაჯეს ჰიჯაბის გარეშე სიმღერის ჩაწერისა და შესრულებისთვის.

კონსერვატიული ქალაქი

დედაქალაქის გარეთ ამ კანონის აღსრულება უფრო არათანმიმდევრულად ხდება.

მეშჰედში, ირანის ერთ-ერთ ყველაზე კონსერვატიულ ქალაქში, მაჰნუშმა, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელი გვითხრა, გაგვიზიარა შთაბეჭდილება, რომ ყოველდღიური ცხოვრება უფრო მკაცრია თეირანთან შედარებით, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად განსხვავდება წარსულისგან.

„არიან კონსერვატორი ქალები, რომლებიც მთლიან ჰიჯაბს ატარებენ, - თქვა მან, - თუმცა ასევე ბევრი ქალია, რომლებიც თავს საერთოდ არ იფარავენ“.

მისი თქმით, გასულ კვირას მუჰარამის რელიგიური დღის დროსაც კი, რომელიც შიიტური ისლამის მნიშვნელოვანი დღეა, ბევრი ახალგაზრდა ქალი ტრადიციული შავი ფერის ნაცვლად ფერადი ტანსაცმლით გავიდა ქუჩაში.

აკრძალვები გარკვეულ ადგილებში კვლავ მოქმედებს. ქალაქის იმამ რეზას სალოცავში, მიმდებარე სასტუმროებსა და ბაზრებში შესაბამისი უწყებების თანამშრომლები კვლავ ეუბნებიან ქალ სტუმრებს, რომ თმა დაიფარონ, თქვა მან, „მაგრამ კაფეებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავის აინტერესებს, რა გაცვია“.

ქალებმა მთელი ირანის მასშტაბით რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სიმკაცრის შერბილება 2022 წელს მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო და ომის შემდეგ, ბოლო თვეებში კიდევ უფრო აშკარა გახდა.

სანამ, ქარაჯის უნივერსიტეტის სტუდენტმა, გაიხსენა, თუ როგორ მუშაობდნენ ერთ დროს სამართალდამცავი ორგანოები: ქალებს, რომლებიც არასათანადოდ იყვნენ ჩაცმული, აკავებდნენ, ოჯახებს იბარებდნენ და მხოლოდ მას შემდეგ უშვებდნენ, როცა პირობას დადებდნენ, რომ კანონს დაემორჩილებოდნენ - და მათ, ხშირად წასვლის წინ, გრძელ პალტოსა და დიდ შარფს აძლევდნენ.
„ოჯახები ჯარიმებს იხდიდნენ ან სასამართლოში უწევდათ მისვლა, რადგან მათი ქალიშვილები ჰიჯაბის ტარების წესებს არღვევდნენ“, - თქვა მან.

სანა თვლის, რომ ახლა ცვლილებები შეუქცევადია.
„სრული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა შეიძლება მოკლეც იყოს და შეიძლება მრავალი წელიც დასჭირდეს, - თქვა მან, - მაგრამ როგორც კი საზოგადოება ცვლილებას გადაწყვეტს, ცვლილება გარდაუვალი ხდება“.

XS
SM
MD
LG