ატეხილი ხმაურის მიუხედავად, ეს შარვლები Zara-ს მაღაზიებში ისევ იყიდება და ისევ პოპულარობით სარგებლობს.
თხელი, ჰაეროვანი, ფართო და გრძელ ტოტებიანი შარვალი, მაღალი წელით, ელასტიკური სარტყლითა და ჯიბეებით, ერთი შეხედვით, კომფორტული უნდა ყოფილიყო.
თუმცა ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ქვეყნდება ჰეშტეგით #Zara Deadly Trousers, სხვა რამეს აჩვენებს.
ვიდეოებში, რომლებიც უმეტესად სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული, ჩანს, როგორ ეცემიან ქუჩაში, ეზოში, პარკინგსა თუ სხვა სივრცეში ქალები, რომლებსაც ეს გრძელი და ფართო ტოტებიანი შარვლები აცვიათ. ამ კადრებს კი მოსდევს კლინიკებსა თუ სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაღებული ფოტოები ან ისევ კადრები, სადაც უკვე ჩანს მათი დასისხლიანებული - ხელები, მუხლები, სახე - ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
„რა შუაშია შარვალი?“
„იქნებ თქვენი სიმაღლისთვის შესაფერისი შარვალი შეგერჩიათ?“
„გადაჭერით“
ურჩევენ სოციალური ქსელების მომხმარებლები ქალებს.
კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი CBC News-ის ჟურნალისტი ესაუბრა თავად დაზარალებულსაც, რომელიც ჰყვება, რომ სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შარვლის ტოტებში ფეხი გაეხლართა და დაეცა. ქალმა წარბი გაიხეთქა და ხელი მოიტეხა: „სახით არასდროს დავცემულვარ. ახლა წარბზე იარა დამრჩება“, - უთხრა ახალგაზრდა ქალმა ჟურნალისტს.
რას ამბობენ ამ შარვალზე თბილისში?
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, იყიდება თუ არა საზაფხულო შარვლის ეს მოდელი საქართველოში, ყიდულობენ თუ არა მას და იციან თუ არა, რომ სოციალურ ქსელში ამ შარვლებს „სასიკვდილო შარვლები“ შეარქვეს.
თბილისში, ამ შარვლის სხვადასხვა ფერის მოდელები იყიდება. საკიდზე, ოთხი ფერისა და ყველა შესაძლო ზომის შარვალი კიდია - არჩევანი დიდია.
„ეს ის ცნობილი შარვლებია, ხომ?“, - ვაზუსტებ კონსულტანტთან.
„დიახ, ის არის, ტიკ-ტოკზე რომ ვიდეოები ვრცელდება“.
„ყიდულობენ ქალები?“
„სხვათა შორის, კი, იყიდება, რამდენიმე მომხმარებელმა გვკითხა კიდეც, ეს ის შარვლებიაო? თუმცა ჩვენთვის პრეტენზიით არავის მოუმართავს, რომ ან წავიქეცით, ან რაიმე მსგავსი. თუ გრძელი ეჩვენებათ, მაშინ შეუძლიათ გადაჭრან და უფრო მოსახერხებელი სატარებელი იქნება“, - მპასუხობს კონსულტანტი
გასახდელთან დგას ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ამ შარვლის შავი მოდელი უჭირავს:
„გსმენიათ ამ შარვლების შესახებ? ქალები ამბობენ, რომ სახიფათო შარვალია“, - ვეკითხები მას.
„კი, ვიდეო შემხვდა, მაგრამ მომწონს, თხელი ნაჭერია, სასიამოვნო. ჯერ უნდა მოვისინჯო, როგორ მექნება ტანზე და მერე გადავწყვეტ“, - მპასუხობს.
რას ურჩევს ქალებს სამკერვალო სტუდიის ხელმძღვანელი?
ირმა ვაჭარაძე, სამკერვალო სტუდიის „ელვა დიზაინის“ ხელმძღვანელი, რომელიც წლებია კერავს სამოსს, მათ შორის შარვლებს ქალებისთვის, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარი პრობლემა ასეთი ტიპის შარვლებისთვის, ეს არის სიგრძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შარვლის ტოტს შესაბამისი სიგრძე აქვს, რისკი, რომ მასში ფეხი გაიხლართოს, მინიმალურია.
„გააჩნია, შარვალი მაღალ ქუსლზე ჩასაცმელად უნდათ თუ დაბალ ქუსლზე. წესის მიხედვით, თუკი შარვალი დაბალქუსლიანი ფეხსაცმლისთვის გვინდა, ფეხშიშველზე იცვამთ შარვალს და ტოტს იმ ზომამდე შევკეცავთ, რომ ის ოდნავ ეხებოდეს იატაკს. ეს არის ნორმა და კერვის წესი. სხვა შემთხვევაში, ზედმეტად გრძელი ტოტი არაკომფორტულია, ძირიც მალე ზიანდება და არსებობს საფრთხეც, რომ ფეხი დაიბიჯოთ და წაიქცეთ“.
რადიო თავისუფლებამ მიმართა Zara-ს ცენტრალურ ოფისს - დავინტერესდით, ხომ არ შესულა კომპანიაში საჩივრის წერილები? ხომ არ გეგმავენ შარვლის ამ მოდელის გაყიდვიდან ამოღებას? ხომ არ ატარებს კომპანია ამ ინციდენტებთან დაკავშირებით რაიმე შიდა მოკვლევას ან შესწავლას? აქვთ თუ არა რაიმე რეკომენდაცია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამ მოდელის შარვალს შეიძენენ?
როგორც სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებს, მათ შორის, The Guardian-ს, CNN-ს, კომპანიისგან პასუხი არც ჩვენ მიგვიღია.
ფორუმი