2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გასულ ღამით სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. ამისთვის მთავრობის განკარგულება გამოიცა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის სასახლის, პრეზიდენტის სასახლის, სამინისტროების და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
“ქართული ოცნება” ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს არ მიიჩნევს. სწორედ ამ დღეს ქვეყნდება საერთაშორისო პარტნიორების წერილები - რომლებშიც დაგმობილია რუსეთის აგრესია და ოკუპაცია; გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
უკვე მესამე წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყებაში ღიად ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედ ქართულ მხარეს [წინა ხელისუფლებას]. აგვისტოს ომს “გარე ძალების” – [გლობალური ომის პარტიის/დიპ სტეიტის] დაკვეთად განიხილავს და ასეთ ძალებს დასავლეთში ხედავს.
უკვე 2025 წელს, ამ მოსაზრებების დამკვიდრებაზე სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ["წულუკიანის კომისია"] იმუშავა, რომლის საკვლევ საკითხებს შორის აგვისტოს ომი პრიორიტეტული იყო.
“ცალსახად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი აღმოჩნდა სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით განახორციელეს ქალაქ ცხინვალზე შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”, - წერია პარლამენტის კომისიის დასკვნაში.
ტექსტის მიხედვით, ომი არა 5-დღიანი, არამედ 3-დღიანი იყო.
ფორუმი