„ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი ბარამიძე
„დღეს არსებობს თავისუფალი საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს რუსეთმა თავისი სპეცოპერაციით მოიყვანა თავისი მარიონეტები საქართველოს ხელისუფლებაში. ამის მიუხედავად, საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა ფორმალურად, მაგრამ არსებობს, როგორც სუვერენული სახელმწიფო და ეს გააკეთა სწორედ ქართველმა ხალხმა, ამ ვაჟკაცებმა, ჩვენმა მთავრობამ, რომ საქართველომ ამ აგრესიას გაუძლო და 2008 წელს ქართული სახელმწიფოებრიობა გადარჩა.“
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - თაზო დათუნაშვილი
„საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეთ. საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია. რუსეთი არის ის, რის გამოც აქ ეს მემორიალი დგას, რის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის სამშობლოსთვის თავდადებული საუკეთესო ქართველების სიცოცხლე. ეს არის მეხსიერების, ხსოვნის დღე.“
უპარტიო პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია
„პოლემიკა იმის შესახებ, თუ როდის დაიწყო ომი, დღეს უადგილოა, რადგან ჩვენი მთავარი ვალდებულება დღეს არის ერთიანობა ოკუპაციის პირისპირ და პატივის მიგება გმირი სამხედროებისთვის და თუ ვინმეს აინტერესებს, როდის დაიწყო ომი, თორმეტ საათს აკლდა წუთები, როდესაც რუსეთმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი და დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგვისტოს ომის თარიღით მანიპულირება არის კვლავ გაგრძელება იმ ბინძური პოლიტიკის, რომელიც აზიანებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.“
„გახარია საქართველოსთვის“
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა უკვე ოპოზიციაში გადასული გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ „საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია".
„18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.“
საქართველოს სახალხო დამცველი
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც. მისი თქმით, „უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა“.
„კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას.“
რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.
ფორუმი