8 თებერვალს თსუ-ში უნივერსიტეტის დაარსების 108-ე წელი აღნიშნეს. დამფუძნებლების საფლავებზე ყვავილები დააწყვეს. ორიოდე კვირით ადრე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ზეიმობდნენ - მათემატიკოსისა და მეტალურგის, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დამაარსებლის, გიორგი ნიკოლაძის ძეგლი გახსნეს.
„პრემიერ-მინისტრიც იყო, განათლების მინისტრიც, გვაქეს, გვადიდეს და ერთ კვირაში გვეუბნებიან, აღარ უნდა იყოს ტექნიკური უნივერსიტეტიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის მთავარმა სპეციალისტმა მეგი კეკელიამ.
რა მოხდა ამ ორ კვირაში? განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ მაშინ სამინისტროში უკვე განიხილავდნენ, როგორ შეესხათ ხორცი განათლების ახალი კონცეფციისთვის - „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“. მინისტრმა ბევრჯერ გაიმეორა, გვინდა, ამ გაერთიანების შემდეგ აკადემიური პერსონალი შევინარჩუნოთო.
თუმცა ამის ბევრს არ სჯერა, პირიქით, უნივერსიტეტის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ეს რეფორმა იმ პროფესორების მოსაშორებლად წამოიწყეს, რომლებსაც ხელისუფლება არ მოსწონთ.
„ყველა ვარიანტში შეამცირებენ, რადგან შეერთების შემდეგ სტუდენტებიც ნაკლები იქნება“, - ამბობს თსუ-ს სტუდენტი ლუკა ხიზაძე, საპროტესტო აქციიდან.
რატომ არ შეიძლება უნივერსიტეტები ცალ-ცალკე დარჩნენ?
ცალ-ცალკე სასწავლებლების რიგი მიმართულებები ნელ-ნელა გაქრება, ახალი მიდგომით კი გადავარჩენთო, მიიჩნევს მინისტრი: „გავაერთიანებთ იმ ფაკულტეტებს, რომლებიც მსგავსი მიმართულებებით საქმიანობენ ორივე უნივერსიტეტში. მაქსიმალურად გადავანაწილებთ აკადემიურ პერსონალს. რაც მთავარია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაერთიანება მოგვცემს საშუალებას, ის რესურსები, რაც ორ წამყვან უნივერსიტეტში არსებობს, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ“.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, დარჩებიან თუ არა უნივერსიტეტები იმ შენობებში, რომლებშიც დღეს არიან, განათლების მინისტრი პასუხობს, რომ სასწავლებლების ინფრასტრუქტურა უმეტესად მოძველებულია.
სახელმწიფო ამბობს, რომ რამდენიმე წელიწადში ააშენებს ორ ჰაბს, რუსთავთან და ქუთაისთან, სადაც გადაიტანს სახელმწიფო უნივერსიტეტების ფაკულტეტებს.
„ჩვენ არც დაგვიმალავს და ვთქვით, რომ როდესაც ეს ინფრასტრუქტურა გაიმართება, შენობების ნაწილი აღარ დაგვჭირდება. თუმცა ჩვენი აქცენტია, დედაქალაქში ისტორიული კორპუსები შენარჩუნდეს და იქ სასწავლო პროცესი გაგრძელდეს. რომელი შენარჩუნდება და რომელი პრივატიზირდება, ეს შემდეგი განხილვის თემაა“, - თქვა მან.
ჯერ კვლევა, მერე რეორგანიზაცია თუ პირიქით?
განათლების სისტემის ცვლილებაზე ლაპარაკი მთავრობამ რამდენიმე თვეა დაიწყო. „ქართული ოცნების“ კონცეფციით - ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს ერთ ქალაქში, ყველამ ერთნაირი სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლოს, სკოლა 11-წლიან ციკლზე უნდა გადავიდეს.
29 იანვარს კი ცნობილი გახდა ახალი ინიციატივა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება.
ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ლექტორებისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი, არამედ რექტორებისთვისაც.
სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული თორნიკე გულაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად სტუ-ს წინ აქციაზე დგას, ამბობს, რომ ვინც ახლა აპირებს ამ უნივერსიტეტში ჩაბარებას, გეგმა უნდა შეცვალოს, რადგან რას დაახვედრებს ეს გაერთიანებული უნივერსიტეტი, გაუგებარია: „ტექნიკური უნივერსიტეტი ჰუმანიტარულთან ერთიანდება. ეს ორი შეუთავსებელი რამ როგორ უნდა გაერთიანდეს, წარმოდგენა არ მაქვს და ვფიქრობ, არც მათ ექნებათ წარმოდგენა, ვინც ამ საქმის უკან დგას. სრული დაბნეულობა და განუკითხაობაა ახლა“.
„ეს პროცესი ასე მარტივად არ ჩაივლის. არ წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს სწავლება, სტუდენტების მიღება. იდეურადაც წარმოუდგენელია და პრაგმატული თვალსაზრისითაც“, - ამბობს თსუ-ს ლექტორი თათია მთვარელიძე.
6 თებერვალს ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები, დაახლოებით 40 ადამიანი, განათლების მინისტრს შეხვდნენ. შეხვედრა საღამოს 6 საათზე დაიწყო და ხუთ საათს გაგრძელდა.
უფრო ადრე, ასევე ხუთსაათიანი შეხვედრები იმართებოდა თსუ-სა და სტუ-ში. საბოლოოდ, ორივე უნივერსიტეტის კოლეგიალურმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ გაერთიანება არ უნდათ.
უნივერსიტეტები მინისტრისგან ითხოვენ, ჯერ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც განსაზღვრავს, რა როგორ გაკეთდეს, რეორგანიზაცია კი ამის შემდეგ დაიწყოს. მინისტრი ფიქრობს, რომ პირიქით აჯობებს.
საბოლოოდ მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.
„ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით ბატონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ... ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრის, [ასევე] ბატონი გივისადმი [განათლების მინისტრი გივი მიქანაძე -რ.თ.], შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს, როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ“, - თქვა სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ განათლების მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
თავად მინისტრმა კი განაცხადა, რომ პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უნივერსიტეტის რეორგანიზაციას ითვალისწინებს. რეორგანიზაციის დროს ინიშნება დროებითი რექტორი, რექტორის მოადგილეები, კანცლერი. ჩამოყალიბდება დროებითი საბჭო.
„ორივე უნივერსიტეტიდან თანაბარი წესით უნდა დაკომპლექტდეს ეს საბჭო და ზუსტად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, რომ მათ წარადგინონ კანდიდატები. თუმცა რეორგანიზაციის საკითხი წარიმართოს არა რამდენიმე თვით, არამედ თუნდაც ორი - ორ- ნახევარი წლის განმავლობაში“, - თქვა მინისტრმა, თუმცა იქვე დაამატა, რომ თავად უნივერსიტეტები სხვა აზრზე არიან, მათ სურთ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმისთვის საჭირო ყველა საკითხზე იმსჯელებს და რეორგანიზაციას მერე დაიწყებს.
„ამხელა მონსტრის მართვა უფრო ადვილი იქნება?“
პარალელურად საპროტესტო აქციებზე დადიან თსუ-ს და სტუ-ს სტუდენტები და პედაგოგები. იკრიბებიან სტუ-ს წინ, პარლამენტის წინ, შაბათის მარშებზე.
ზურაბ ოსიკაშვილი, სტუ-ს კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი: „ეს კანონები საერთოდ აცდენილია დღევანდელობას. უნივერსიტეტის უფლებებსაც არღვევს და სტუდენტებისაც. ეს რეფორმა შესაჩერებელია და თავიდან არის გასააზრებელი. პატარა უნივერსიტეტს ვერ მართავ და ამხელა მონსტრის მართვა უფრო ადვილი იქნება?“
ნუცა კობერიძე, სტუ-ს სტუდენტი: „არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მესამე კურსზე. ამ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რადგან ვიცოდი, რომ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ფაკულტეტია. ზუსტად ის დამხვდა, რასაც ველოდი. ჩემი პედაგოგები მაქსიმალურად ხარისხზე არიან ორიენტირებულები. შეიძლება სუფთა კედლები არ გვაქვს, როგორც ცილს გვწამებენ, მაგრამ არც ისეთი ცუდი სიტუაციაა, სწავლა ვერ მოვახერხოთ...“
ვატო პავლიაშვილი, სტუ-ს სტუდენტი: „არ შეიძლება გააუქმო ტექნიკური უნივერსიტეტი, როდესაც ამბობ, რომ არ გყავს ტექნიკური დარგის საკმარისი სპეციალისტი. აქ ისეთი ფაკულტეტებია, რომლებიც სხვაგან არსად არ არის“.
უნივერსიტეტებსა და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
ფორუმი