Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორჯერ გაჩენილი ბავშვი და ორჯერ დაკარგული ფული - ქართული სუროგაციის ბნელი მხარე

33 წლის მარია, სუროგატი ქალი
33 წლის მარია, სუროგატი ქალი

საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი, სუროგაციის პროგრამაში ჩართული ქალები, ორ წელზე მეტია დამამცირებელ მოპყრობასა და ექსპლუატაციაზე ლაპარაკობენ. მათ შორის რამდენიმეს, 2025 წელს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსიც კი მისცეს.

ეს იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, როდესაც სახელმწიფომ მუდმივმოქმედი მექანიზმის საშუალებით საქართველოში სუროგატი დედების ექსპლუატაცია გამოავლინა.

2025 წელსვე, საქართველოში დასაქმებული ათეულობით სუროგატი ქალი გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. 2026 წლის ზაფხულში კი ერთ-ერთი სუროგაციის ცენტრის, “ქინდერლის” ხელმძღვანელები სასამართლომ თაღლითობის მუხლით 10 წლით გაუშვა ციხეში.

რადიო თავისუფლება თითქმის ორი წელია აქვეყნებს სტატიების სერიას საქართველოში ჩამოსული სუროგატი ქალების შესახებ, რომლებსაც დამსაქმებლებმა არ გადაუხადეს ჰონორარები; თვეების განმავლობაში, საკუთარ შვილებთან ერთად აცხოვრეს მძიმე პირობებში; გამოუსწორებლად დაუზიანეს ჯანმრთელობა, მათ შორის, რამდენიმემ დაკარგა საშვილოსნო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში რადიო თავისუფლების კითხვებს საქართველოში სუროგაცია-დონაციის ბიზნესის გამოწვევების შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები ოფიცილაური პირები და უწყებები არ პასუხობენ.

ტაილანდი, აფრიკის ქვეყნები, ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, რუსეთი - სუროგატი დედები საქართველოში ძირითადად ამ ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ.

სუროგატი ქალები ტაილანდიდან თბილისში, 2026 წელის გაზაფხულზე
სუროგატი ქალები ტაილანდიდან თბილისში, 2026 წელის გაზაფხულზე

დაუზუსტებელია, საქართველოში დარეგისტრირებული იმ სააგენტოების რაოდენობა, რომელთა საქმიანობა სუროგატი და კვერცხუჯრედის დონორი ქალების მოზიდვა და მათ ბიოლოგიურ მშობლებთან და კლინიკებთან დაკავშირებაა. არსებობს ვარაუდი, რომ მათი რიცხვი ათობითაა. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, ამ ბაზრის დიდი წილი ჩინურ სააგენტოებს უჭირავს.

დაღუპული ბავშვი

თითქმის ორი წელია ვადევნებთ თვალს 33 წლის სუროგატი ქალის ცხოვრებას, რომელიც საქართველოში, როგორც სუროგატი დედა, 2023 წელს ჩამოვიდა. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა სუროგაციის პროგრამაში, ორჯერ იმშობიარა, თუმცა, კუთვნილი ანაზღაურება, ჯამში 30 ათას დოლარზე მეტი, არც პირველი და არც მეორე მშობიარობის შემდეგ, არ მიუღია.

2025 წელს ის შპს „ქინდერლის“ დამფუძნებლების თაღლითობის მსხვერპლი გახდა სხვა, 40-მდე ქალთან ერთად. ამჯერად კი მას საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ, შპს „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტ“- მა უთხრა უარი 17 ათასი დოლარის გადახდაზე.

მარიას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მხოლოდ დედამ იცის, რომ ის საქართველოში, სუროგაციის პროგრამაში იღებს მონაწილეობას. რომ არა ფინანსური ვალდებულებები, ამბობს, რომ ამ ნაბიჯს მეორედ არ გადადგამდა:

"ქინდერლიდან" ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ამ ნაბიჯის მეორედ გადადგმამდე ბევრი ვიფიქრე. თუმცა, სხვა გზა არ მქონდა. მყავს შვილი, ოჯახი, რომელსაც სჭირდება ჩემი ფინანსური დახმარება, ამიტომაც ისევ გავრისკე. უკვე წყევლასავითაა, რაც მე დამემართა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისევ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. ისევ სამართალდამცავებთან და სასამართლოში მომიწევდა სიარული", - უყვება მარია რადიო თავისუფლებას. ის მშობიარობიდან ერთ კვირაში დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა.

მარიამ 26 ივლისს, გაგუას კლინიკაში, 36 კვირის ორსულმა იმშობიარა. სამედიცინო დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, წერია, რომ მკვდარი ნაყოფი დაიბადა "ჭიპლარის ჭეშმარიტი კვანძით".

ამონარიდი სუროგატი ქალის მშობიარობის სამედიცინო დოკუმენტიდან
ამონარიდი სუროგატი ქალის მშობიარობის სამედიცინო დოკუმენტიდან

სუროგატ დედას დამქირავებელმა კომპანიამ უთხრა, რომ რაკი ბავშვი ვერ გადარჩა, ის ჰონორარს არ მიიღებდა.

თუმცა, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების მეათე მუხლში, რომელიც მარიამ კომპანიის წარმომადგენელთან და ბიოლოგიურ ოჯახთან, 2025 წლის 25 ნოემბერს გააფორმა, წერია, რომ პოტენციურმა მშობლებმა სრული, 17 ათასი ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადონ იმ შემთხვევაშიც, თუკი 34 კვირის ორსულობის შემდეგ, ბავშვი დაიბადება ან ჯანმრთელობის პრობლემით ან მკვდარი (ასეთ შემთხვევაში, „ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არ უნდა იყოს სუროგატი დედის გამიზნული ქმედება“).

ამონარიდი ხელშეკრულებიდან
ამონარიდი ხელშეკრულებიდან

მარია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 25 ივლისს, როგორც კი იგრძნო, რომ ბავშვი აღარ მოძრაობდა, მაშინვე წავიდა კლინიკაში:

„კურატორს მივწერე, რომ ბავშვის მოძრაობას ვერ ვგრძნობ და კლინიკაში უნდა წავიდე-მეთქი. მისვლისთანავე ჩამიტარდა კვლევები, ექიმები ქართულად ლაპარაკობდნენ, ვამჩნევდი, რომ ღელავდნენ, თუმცა, არ მესმოდა, რას ამბობდნენ. მაშინვე დავუკავშირდი ჩემს კურატორს და ვთხოვე, აეხსნათ, რა ხდებოდა. მიპასუხა, რომ ბავშვის გულის ცემა აღარ ისმოდა, ბავშვი დაიღუპა და აუცილებელი იყო მშობიარობა“.

მარიამ 26 ივლისს, შუადღეზე იმშობიარა:

„როგორც კი დაიბადა ბავშვი, ექიმმა იმავე წამს მითხრა, როგორც ვფიქრობდით, ბავშვი ჭიპლარის კვანძით დაიღუპაო. ეს კვანძი არ ჩანდა ულტრასონოგრაფიის დროსაც კი. მაჩვენეს კვანძიც. რა თქმა უნდა, ყველაფერს იღებდნენ ვიდეოზე, შეიკრიბა მედპერსონალი. ექიმმა მითხრა, რომ ბავშვის დაღუპვა არ იყო ჩემი ბრალი, მითხრა, რომ ეს რამდენიმე წამშიც კი შეიძლებოდა მომხდარიყო. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, დამეწყო ისტერიკა, ექიმი მამშვიდებდა, რომ ბავშვის გარდაცვალება არ მოხდა ჩემი მიზეზით და დასკვნაში აუცილებლად ჩაიწერებოდა, რომ ბავშვი ჭიპლარის კვანძით დაიბადა“.

მარია იხსენებს, რომ გეგმიურ შემოწმებაზე ბოლოს მშობიარობამდე 10 დღით ადრე, 16 ივლისს იყო და ექიმებმა დაუდასტურეს, რომ მასაც და ბავშვსაც ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ: „ერთადერთი, მითხრეს, რომ ბავშვი ჯდომით არის და შესაძლოა, რისკის თავიდან ასარიდებლად საკეისრო კვეთა დავნიშნოთო“.

სუროგატი დედა გვიყვება, რომ მშობიარობის შემდეგ, მალევე, მას კომპანიის წარმომადგენელი, ჩინეთის მოქალაქე, „ჯული“ (ეს არ არის მისი რეალური სახელი) დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას ჰონორარს არ გადაუხდიდნენ:

„მომწერა, გინდ პოლიციას მიმართე, გინდ ადვოკატებს, ფულს არ გადაიხდიან. მწერდა, რომ თითქოს, ორსულობისას თავს არ ვუვლიდი, არ ვასრულებდი მითითებებს, ვსვამდი.

მოვითხოვე, რომ ჩემთვის აეღოთ ანალიზები, რადგან დასამალი არაფერი მქონდა. ექიმს ვთხოვე, რომ აეღოთ ანალიზები ალკოჰოლზეც კი, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ამ ანალიზების აღებას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან ბავშვის სიკვდილი გამოწვეული იყო ჭიპლარის კვანძით“.

მარია კლინიკიდან 28 ივლისს გაწერეს. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კუთვნილი ჰონორარი გადაეხადათ, კომპანიის წარმომადგენელმა, „ჯულიმ“ მას ასეთი სქემა შესთავაზა:

33 წლის მარია
33 წლის მარია

„მომწერა - შეგიძლიათ დარჩეთ, ყოველ თვე გადაგიხდით ხელფასს (400 აშშ დოლარი) და ოქტომბერში ან ნოემბერში კიდევ ერთ ემბრიონს გადაგიტანთ. გვითხარი, რა ანაზღაურებას მოითხოვ ამჯერადო. მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომეცლებოდა. იმის ნაცვლად, რომ კუთვნილი ჰონორარი გადაეხადათ, ისევ სუროგატობას მთავაზობდნენ. თან მშობიარობიდან 3 თვეში. მივწერე, რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ სახლში შვილი მელოდებოდა, ოჯახი, რომელთანაც ვალდებულებები მაქვს“.

ამ მიმოწერის შემდეგ, შპს „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტ“- ის წარმომადგენლებმა მარიასთან კომუნიკაცია შეწყვიტეს.

კომპანიის წარმომადგენელი, ჩინეთის მოქალაქე, „ჯული“, ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ პასუხობს.

„ქინდერლის“ შემდეგ მარიას კიდევ ერთი საჩივარი სუროგაციის საქმეზე

33 სუროგატი ქალი, რომელიც შპს. „ქინდერლის“ საქმეზე ერთ-ერთი დაზარალებული იყო, იძულებული გახდა, ერთი წლის თავზე, კიდევ ერთხელ მიემართა პროკურატურისათვის.

მისი სახელით გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 3 აგვისტოს შევიდა.

ქალის ინტერესებს, ისევე როგორც წინა, შპს „ქინდერლის“ საქმეში, „საფარის“ იურისტი, ნინო ანდრიაშვილი იცავს. მან გენერალურ პროკურატურას მიმართა და გამოძიების სწრაფად დაწყება მოითხოვა:

„შესაძლოა, ბიოლოგიურმა მშობლებმა, ჩინეთის მოქალაქეებმა, საქართველო დატოვონ და აუცილებელია მათი გამოკითხვა.

ჩვენს განცხადებაში გამოკვეთილია თაღლითობის საკითხი და ვფიქრობ, რომ გამოძიება სწორედ თაღლითობის მუხლით უნდა დაიწყოს, რადგან სუროგატმა ქალმა ბოლომდე მიიყვანა საქმე, მაგრამ კომპანია თუ ბიოლოგიური მშობლები თავს არიდებენ პასუხისმგებლობას და ითვისებენ იმ თანხას, რომელიც მარიას ეკუთვნოდა კონტრაქტიდან გამომდინარე“.

ნინო ანდრიაშვილმა დეტალურად შეისწავლა კონტრაქტი, რომელიც სუროგატმა ქალმა კომპანიასთან და ბიოლოგიურ მშობლებთან გააფორმა:

„ამ კონტრაქტში პირდაპირ წერია, რომ 34-ე კვირის შემდეგ დაბადებული ბავშვის შემთხვევაში, იქნება ის ჯანმრთელი, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თუ მკვდარი, სუროგატ ქალს ეკუთვნის სრული ანაზღაურება იმ შემთხვევაში, თუკი მისი ბრალეულობით არ მოხდა ბავშვის გარდაცვალება.

რეალურად, სუროგატის პასუხისმგებლობა აქ არ იკვეთება. ის სრულად ასრულებდა ექიმის დანიშნულებას, იღებდა მედიკამენტებს. როგორც კი იგრძნო, რომ ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა, მაშინვე მივიდა კლინიკაში“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

რას ამბობენ ჩინური კომპანიის დირექტორი და მასთან დაკავშირებული პირები?

ღია წყაროების თანახმად, ჩინური კომპანია, შპს „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტი“, რომელიც რეპროდუქციული მედიცინისა და საზღვარგარეთ რეპროდუქციული სერვისების მიმართულებით მუშაობს, ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში 2020 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიმართულებაა ჩინელი კლიენტებისთვის საზღვარგარეთ რეპროდუქციულ მომსახურებაზე წვდომის ორგანიზება.

საქართველოს საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია საქართველოში 2022 წელს დარეგისტრირდა და ამჟამად მისი 100%-იანი წილის მფლობელია ჩინეთის მოქალაქე, შენშენ იუ, რომელსაც სუროგატი ქალები „ენდის“ სახელით იცნობენ.

კომპანიის ჩინურენოვანი საიტის თანახმად, კომპანია საქართველოში თანამშრომლობს არაერთ დამხმარე რეპროდუქციულ კლინიკასთან.

მარია გვეუბნება, რომ ამ კომპანიას „ათობით, ან უფრო მეტი“ სუროგატი ქალი ჩამოჰყავს, უმეტესად ტაილანდიდან. მისივე თქმით, სუროგატი ქალები არასდროს ყოფილან კომპანიის ოფისში, არ იციან მისამართი და კომპანიასთან მხოლოდ ე.წ. კურატორებისა და კომპანიის ჩინელი წარმომადგენლების გავლით თანამშრომლობენ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომპანიის ე.წ. კურატორებს, საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა, მათ კომენტარზე უარი გვითხრეს.

ერთ-ერთმა გვითხრა, რომ ის მხოლოდ თარჯიმანია და არ ეხება კომპანიის საქმიანობა: „ვუთარგმნი უბრალოდ რაღაც-რაღაცებს. დიდი შეხება არ მაქვს კომპანიასთან“.

მეორე, ე.წ. კურატორმა კი გვიპასუხა, რომ კომპანიაში აღარ მუშაობს: „სხვა პოზიციაზე, სხვაგან ვარ. ვერაფრით დაგეხმარებით. ამ კომპანიის მისამართი არც ვიცი...მე კომპანიის რაღაცებთან შეხება არ მქონია, უბრალოდ კლინიკებთან ვიყავი თარჯიმნის ვარიანტში...ბავშვებთან დაკავშირებით“.

მარია, მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ ისინი მხოლოდ თარჯიმნები არიან, მცდარს უწოდებს და გვიხსნის, რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა მასთან ერთ-ერთ კურატორს, რომელმაც გვითხრა, რომ „მხოლოდ თარჯიმანია“:

„დამყვებოდა ყველგან, ყველა ანალიზზე, ყველა კვლევაზე. ემბრიონის გადატანის დღეს გადამიხადა თანხა. როდესაც ორსულობის 12 კვირის შემდეგ, კლინიკა „ინოვადან“ „გაგუაში“ გადამიყვანეს, მთელი ორსულობის პერიოდში, ჩემთან იყო კონტაქტზე. ბავშვმა მოძრაობა რომ შეწყვიტა, ამის შესახებაც კი მას მივწერე. ის აწარმოებდა ექიმებთან ვიზიტების გეგმის ჩანიშვნას. დამყვებოდა ექოსკოპიებზე, ექიმებთან. მირიცხავდა თანხას, ის არ არის თარჯიმანი, ის კურატორია“.

33 წლის სუროგატი ქალი გვეუბნება, რომ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, „ენდი“, რომლის ოფიციალური სახელი და გვარია შენშენ იუ, მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი: „როდესაც მან ტაილანდელი სუროგატები მოიყვანა იმ ბინაში, სადაც მე ვცხოვრობდი“.

რადიო თავისუფლებამ მოახერხა დაკავშირება „ენდისთან“, იგივე შენშენ იუსთან.

სატელეფონო საუბრისას მან დაგვიდასტურა, რომ ის ნამდვილად „ენდია“. დაინტერესდა, ვინ ვიყავით, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სუროგაციის ბიზნესზე სტატიას ვამზადებდით, გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ტელეფონი გათიშა.

ტექსტური შეტყობინებების მიწერის შემდეგ კი გვკითხა, საიდან მოვიძიეთ მისი ნომერი. ამის შემდეგ მან ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა და კითხვები, როგორც კომპანიის ზოგადი საქმიანობის, ისე კონკრეტულად, 33 წლის სუროგატი ქალის შესახებ, უპასუხოდ დატოვა. მოგვიანებით მოგვწერა: „არ ვიცი, რაზე საუბრობთ, ნომერი შეგეშალათ“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა კომპანიის იურისტსაც. ჩვენი ინფორმაციით, ის აპირებს დაიცვას იმ ჩინელი მშობლების ინტერესებიც, რომელთა ემბრიონიც მარიას გადაუტანეს და ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.

იურისტმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, რადიო თავისუფლებასთან საუბარზე უარი თქვა მოუცლელობის გამო.

სუროგაციის ბიზნესი საქართველოში - რატომ არ პასუხობს კითხვებს ხელისუფლება?

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რადიო თავისუფლებამ სტატიების სერია მოამზადა საქართველოში დონაცია-სუროგაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

რადიო თავისუფლება ამ დრომდე აგროვებს ინფორმაციას, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოყვანილი სუროგატი ქალების შესახებ.

ქალები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას არაერთ მძიმე ამბავს ყვებიან - მათ შორის, გადაუხდელი ჰონორარების, სქესის გამო იძულებითი აბორტის, ჯანმრთელობის პრობლემებით გაჩენილი ჩვილების მიტოვების შესახებ, რასაც რადიო თავისუფლებას უდასტურებს მედპერსონალიც, რომლებსაც ამ თემაზე საჯაროდ საუბარი, ამ ეტაპზე, არ სურთ.

ის, რომ საქართველოში, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ნამდვილად იყო განთავსებული სუროგაციით დაბადებული ათამდე ბავშვი, ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯერ კიდევ 2025 წელს დაუდასტურა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ.

რადიო თავისუფლების საინფორმაციო ბაზაში ინახება ასევე ინტერვიუ 21 წლის სუროგატ ქალთანაც, რომელიც სუროგაციის პროგრამაში ისე ჩაერთო, რომ მას საკუთარი შვილი ჯერ არ ჰყავდა გაჩენილი.

საერთაშორისო პროფესიული რეკომენდაციების მიხედვით, სუროგაციის პროგრამაში ჩართულ ქალს სასურველია, უკვე ჰყავდეს საკუთარი შვილი. მაგალითად, ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოება (ASRM) რეკომენდაციას იძლევა, რომ სუროგატ ქალს ჰქონდეს მინიმუმ ერთი გაურთულებელი ორსულობა, რომელიც ჯანმრთელი ბავშვის დაბადებით დასრულდა. ასეთი მოთხოვნის მიზანია, ქალს საკუთარი გამოცდილებიდან ჰქონდეს წარმოდგენა ორსულობისა და მშობიარობის ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვაზე და უფრო გაცნობიერებულმა შეძლოს სუროგაციის პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა. მართალია, ეს ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ არის, თუმცა რეპროდუქციული მედიცინის სფეროში მნიშვნელოვან პროფესიულ სტანდარტად მიიჩნევა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, საქართველოში, ტაილანდიდან ჩამოყვანილ სუროგატი ქალების ნაწილს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში არ აქვთ წვდომა საკუთარ პასპორტებთან.

ჩვენ მოვიპოვეთ მიმოწერის ე.წ. სქრინები, სადაც ტაილანდელი ქალი წერს, რომ მას ხელი არ მიუწვდება საკუთარ პასპორტზე. ეს „სქრინები“ 2026 წლის 9 ივლისით თარიღდება:

„ჯერ არ ვარ ორსულად. ერთხელ ვიყავი ორსულად, მაგრამ მომეშალა. უკვე რამდენჯერმე ვცადე დაორსულება, მაგრამ უშედეგოდ. დაახლოებით ორი თვის წინ ძლიერი სისხლდენა მქონდა, მაგრამ ჩემმა ხელმძღვანელმა არ მომცა უფლება მიმემართა ექიმისთვის. მირჩია უბრალოდ დამესვენა.

ვკითხე ჩემს უფროსს, შემეძლო თუ არა ტაილანდში დაბრუნება, მაგრამ არ მომცა უფლება. მითხრა, რომ ხუთივე ეტაპი უნდა გავიარო, მაგრამ ჩემი პასპორტის მოქმედების ვადა უკვე გადის.

რომ ჩამოვფრინდი, მითხრეს, რომ სამჯერ უნდა მეცადა და თუ არ გამოვიდოდა, გამიშვებდნენ უკან, ტაილანდში, მაგრამ ასე არ არის. ზოგს 7 და 8 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მაინც არ მისცეს წასვლის უფლება. მე ვერსად ვერ წავალ, რადგან პასპორტი ჩამომართვეს. არ მაქვს პასპორტი და ვერსად ვერ წავალ. ტაილანდის მოქალაქეებს ართმევენ პასპორტებს“ - ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, ამ ეტაპზე, არ გვაქვს, რადგან საუბარია შპს „ქსიდუა ინთერნეიშენალ მედიქალ ჰელს მენეჯმენტ" - ის მიერ დაქირავებულ ტაილანდელ სუროგატ ქალზე, რომელსაც ჟურნალისტთან კომუნიკაცია არ სურს. თავად კომპანიის ხელმძღვანელი კი ჩვენთან საუბარზე უარს ამბობს.

საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.

ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან.

დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.

ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა, მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა.

კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი.

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში, როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს.

უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც 5 თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია - უწყების ცხელ ხაზზე გვეუბნებიან, რომ ჩვენი წერილი დამუშავების პროცესშია.

კითხვები, რომლებზე პასუხსაც ხუთი თვეა ველოდებით, ასეთია:

  1. 2023 წელს პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან უნდა აკრძალულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება, მათ შორის, სუროგაციისა და დონაციის სერვისი. სუროგაცია ალტრუისტული ნება უნდა გამხდარიყო. პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივას, დამხმარე რეპროდუქციულ პროგრამებზე მომუშავე კლინიკების მკაცრი კრიტიკა შეხვდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანონპროექტის განხილვა პარლამენტმა დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა. რა ბედი ეწია კანონპროექტს? რატომ შეჩერდა მისი განხილვა და რა ეტაპზე? თუ შეიძლება, მოგვაწოდეთ დეტალური ინფორმაცია.
  2. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან ქვეყანაში უნდა ამოქმედებულიყო ერთიანი რეესტრი, სადაც აისახებოდა სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები. ამოქმედდა თუ არა რეესტრი? ხელმისაწვდომია თუ არა ის ღია წყაროებში (თუ კი, სად)? თუ არ არის რეესტრში დაცული მონაცემები ღიად ხელმისაწვდომი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი სახის სტატისტიკური ინფორმაცია:
    - რამდენი დონორი და რამდენი სუროგატია დარეგისტრირებული რეესტრში - 2024-2026 წლებში?
    - ამავე წლებში, რამდენი ემბრიონი შეიქმნა?
    - რამდენი ინ ვიტრო განაყოფიერება შესრულდა?
  3. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, 2022-2026 წლებში, სუროგაციით, ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ - ჩაშლილი წლების მიხედვით.
  4. სუროგაციით დაბადებული რამდენი ბავშვია გაყვანილი საქართველოდან 2022-2026 წლებში?
  5. რამდენი ბავშვი დაიბადა სუროგაციით ქართველი ბიოლოგიური მშობლებისთვის?
  6. რომელია მოწინავე ქვეყნები, რომლებიც საქართველოში სუროგაცია-დონაციის პროგრამით სარგებლობენ?
  7. რამდენი კლინიკა ახორციელებს საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს?
  8. რამდენი ე.წ. სუროგაცია-დონაციის სააგენტოა დარეგისტრირებული საქართველოში? - რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში სუროგატი და დონორი ქალების მოზიდვას.
  9. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც უწყებამ 2025 წლის მაისში მოაწოდა რადიო თავისუფლებას, იმ მომენტისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში განთავსებული იყო სუროგაციით დაბადებული 8 არასრულწლოვანი. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს დაქვემდებარებულ სსიპ-ს და მოგვაწოდოთ განახლებული ინფორმაცია, დღეის მდგომარეობით, სუროგაციით დაბადებული რამდენი ბავშვია განთავსებული ზრუნვის სააგენტოს სისტემაში, როგორია მათი ასაკი? რა მიზეზებით არიან ბავშვები განთავსებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში?
  10. რადიო თავისუფლება ერთი წელია წერს სტატიების სერიას საქართველოში, სუროგაციასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. მათ შორის, გადაუხდელი ჰონორარების, სუროგატი დედების გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის (საშვილოსნოს ამოკვეთის არაერთი შემთხვევა, აბორტი სქესის გაგების შემდეგ და ა.შ.) შესახებ. ამ პრობლემაზე არაერთი გახმაურებული სტატია და მასალა გამოქვეყნდა სხვადასხვა საერთაშორისო, წამყვან მედიასაშუალებაში. ცნობილია თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთვის ამ გამოწვევების შესახებ და რას აკეთებს უწყება იმისათვის, რომ სუროგატი ქალების, სუროგაციით დაბადებული ბავშვების, ბიოლოგიური ოჯახების უფლებები იყოს დაცული?
  11. დარგის სპეციალისტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკება, ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, დაიწყოს ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანს დღეს არსებულ რეგულაციებს. მიმდინარეობს თუ არა, ან იგეგმება თუ არა ჯანდაცვის უწყებაში, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, სადაც გაწერილი იქნება, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, სადაც ასევე გაწერილი იქნება კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი, სააგენტოების რეგისტრაციისა და მუშაობის პირობები
  12. 2022 წელს, საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ზოგადად ტურიზმის 55%-ს მოიცავდა. 2022 წელს საქართველოს ბიუჯეტმა დაახლოებით 60 მილიონი დოლარი მიიღო სამედიცინო ტურიზმის დახმარებით. საერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის, ყველაზე პოპულარული პროცედურებია, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია. როგორია უახლესი სტატისტიკური მონაცემები საქართველოში სამედიცინო ტურიზმის წილისა და ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი თანხის შესახებ 2024-2025 წლებში?

* სუროგატი ქალის სახელი, ანონიმურობის დაცვის მიზნით შეცვლილია.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG